Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-799-758-2013 10 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. კ-ის მიმართ 2000 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

მხარეთა შორის არსებობს სესხის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ზეპირი ფორმით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ლ-მა ი. კ-ს ასესხა 2000 ლარი, კერძოდ, თავდაპირველად გადასცა კუთვნილი 1000 ლარი, მოგვიანებით ი. კ-ის თხოვნის საფუძველზე – დამატებით 900 ლარი და ბოლოს, ნაცნობისაგან ნასესხები 100 ლარით მთლიანად შეუვსო სესხის თანხა 2000 ლარამდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. ლ. ლ-ი ცდილობს, სახელი გაუტეხოს მოპასუხეს. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ ჩატარებული ძიებისას, დადგინდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის ვალი არ გააჩნია რაც ხელწერილით დაადასტურა თავად ლ. ლ-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ლ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ლ. ლ-ს სწორად დააკისრა მტკიცების ტვირთი მის მიერ მითითებული გარემოების – სასესხო ურთიერთობის დადასტურების თაობაზე. ლ. ლ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან ი. კ-ს 2000 ლარი ასესხა. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარის სიტყვიერი განმარტების გარდა, მხარეთა შორის სადავო გარიგების დადების ფაქტი სხვა სახის მტკიცებულებით არ დასტურდება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მიჩნეული იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად.

პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე – 2011 წლის 15 აგვისტოს ხელწერილზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ლ. ლ-ს არ გააჩნია ი. კ-ის ვალი. ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ 2011 წლის აგვისტოსათვის ი. კ-ის უკვე გადაცემული ჰქონდა სესხი – 2000 ლარი, რაც ეწინააღმდეგება დასახელებული ხელწერილის შინაარსს და მოსარჩელის ახსნა-განმარტებას არადამაჯერებელს ხდის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. ლ-სა და ი. კ-ს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე და 624-ე მუხლებზე მითითებით სწორად დაასკვნა, რომ ლ. ლ-ი არ არის უფლებამოსილი, მოთხოვოს ი. კ-ს 2000 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატის განჩინება ლ. ლ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ გამოიყენა სამართლის ის ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე