Facebook Twitter

№ას-800-759-2013 24 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ. ღ. მ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-ი, მ. ტ-ი, ა. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ. ღ. მ-ის“ საწესდებო კაპიტალის 50%-ის მფლობელმა პარტნიორებმა: ა. კ-მა, მ. ტ-მა და ი. ბ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „მ. ღ. მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვეს: შპს „მ. ღ. მ-ს“ დაევალოს, გასცეს შემდეგი სახის ინფორმაცია: 2005-2011 წლებში გაწეილი მუშაობის წერილობითი ანგარიში; 2005-2011 წლების წლიური ბალანსები; 2005 წლის იანვრის მდგომარეობით შპს „მ. ღ. მ-ის“ ბალანსზე რიცხული ღვინის ხარჯვის მონაცემები; საწარმოს შექმნის მომენტიდან შპს-ს საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თანხების ჩამორიცხვის მტკიცებულებები დამოწმებული სათანადო წესით; შპს „მ. ღ. მ-ის“ შპს „ა. ა. ლ-ი“ 2007 წლის 9 ივლისის მდგომარეობით არსებული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტები და დავალიანების წარმოშობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. გარდა ამისა, შპს „მ. ღ. მ-ს“ დაევალოს შპს-ს 50%-ის მფლობელ პარტნიორებზე გასცეს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათი მოთხოვნისთანავე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ დარღვეული იყო დოკუმენტების მოთხოვნის პროცედურა და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „მ. ღ. მ-ის“ საწესდებო კაპიტალის 50%-ის მფლობელი პარტნიორების: ა. კ-ის, მ. ტ-სა და ი. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „მ. ღ. მ-ს“ დაევალა შემდეგი სახის ინფორმაციის გაცემა: 2005-2011წწ-ში გაწეული მუშაობის წერილობითი ანგარიში; 2005-2011წწ-ის წლიური ბალანსები; 2005 წლის იანვრის მდგომარეობით შპს „მ. ღ. მ-ის“ ბალანსზე რიცხული ღვინის ხარჯვის მონაცემები; საწარმოს შექმნის მომენტიდან შპს „მ. ღ. მ-ის“ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თანხების ჩამორიცხვის მტკიცებულებები დამოწმებული სათანადო წესით; საბანკო მოძრაობის (შემოსავალ-გასავალი) მთლიანი სურათი ამავე პერიოდზე; შპს „მ. ღ. მ-ის“ შპს „ა. ა. ლ-ი“ 2007 წლის 9 ივლისის მდგომარეობით არსებული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტები და დავალიანების წარმოშობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები; სარჩელის მოთხოვნა, შპს „მ. ღ. მ-ის“ 50%-ის მფლობელ პარტნიორებზე (კ-ი, ტ-ი, ბ-ი) საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მათი მოთხოვნისთანავე გაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ. ღ. მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მაისის განჩინებით შპს „მ. ღ. მ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელეები ა. კ-ი, მ. ტ-ი და ი. ბ-ი წარმოადგენენ შპს „მ. ღ. მ-ის“ პარტნიორებს შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: ა. კ-ი - 16,67%, მ. ტ-ი - 16,67% და ი. ბ-ი - 16.66%. შპს „მ. ღ. მ-ის“ დირექტორია ო. ბ-ი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. შპს „მ. ღ. მ-ის“ იურიდიული მისამართია, საგარეჯოს რაიონი სოფელი მ-ი (მტკიცებულება: რეესტრის ამონაწერი, ტ.1. ს.ფ. 38).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები: ა. კ-ი, მ. ტ-ი და ი. ბ-ი, როგორც შპს „მ. ღ. მ-ის“ საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მქონე პარტნიორები წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვენ მათთვის საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტების გადაცემას:

2005-2011წწ-ში გაწეული მუშაობის წერილობითი ანგარიშის გადაცემა;

2005-2011წწ-ის წლიური ბალანსების გადაცემა;

2005 წლის იანვრის მდგომარეობით შპს „მ. ღ. მ-ის“ ბალანსზე რიცხული ღვინის ხარჯვის მონაცემების გადაცემა;

საწარმოს შექმნის მომენტიდან შპს „მ. ღ. მ-ის“ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თანხების ჩამორიცხვის მტკიცებულებების გადაცემა;

საბანკო მოძრაობის (შემოსავალ-გასავალი) ამსახველი დოკუმენტის გადაცემა;

შპს „ა. ა. ლ-ი“ შპს „მ. ღ. მ-ის“ 2007 წლის 9 ივლისის მდგომარეობით არსებული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და დავალიანების წარმოშობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი დოკუმენტების გადაცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების პარტნიორებს არ განუხორციელებიათ შპს „მ. ღ. მ-ის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წერილობითი მოთხოვნა და აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს ორგანიზაციას ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ და წერილობით მიეღოთ მათთვის საინტერესო დოკუმენტები.

ამასთან, პალატის განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად არ ითვალისწინებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წერილობითი მოთხოვნის აუცილებლობას, არამედ საკმარისია გამოვლინდეს საზოგადოების დირექტორის მხრიდან, საზოგადოების პარტნიორებისათვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გასაცნობად გადაცემის ნების არარსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ. ღ. მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის აზრით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საზოგადოების პარტნიორებს განსაზღვრული უფლებების განხორციელება შეუძლიათ საზოგადოებისთვის წერილობითი მიმართვის გზით და ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს. საქმეზე წარმოდგენილი გარემოებებით დგინდება, რომ სარჩელის აღძვრამდე დაინტერესებულ პარტნიორებს წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით შპს „მ. ღ. მ-ის“ არ მიუმართავთ და, შესაბამისად, არ არსებობდა პარტნიორების უფლების ინფორმაციის მიღების შესახებ დარღვევის ფაქტი, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა, აღნიშნული გარემოება კი, სასამართლომ არ გაითვალისწინა და გაიზიარა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „მ. ღ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ. ღ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „მ. ღ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ. ღ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „მ. ღ. მ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 6 აგვისტოს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე