Facebook Twitter

№ას-828-786-2013 24 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. პ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზიცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. პ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: 1. მოპასუხე ი. ა-ის მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ 2011 წლის 23 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 2. მოპასუხე ი. ა-ის მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ 2011 წლის 23 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 19 200 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 3. მოპასუხე ი. ა-ის მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის 0,3%-ს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 24 აგვისტოდან ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის გადახდამდე; 4. მოპასუხე ი. ა-ის მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის წლიური 22%-ის გადახდის დაკისრება 2011 წლის 24 აგვისტოდან ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის გადახდამდე; 5. ი. ა-ე ცნობილი იქნეს გარდაცვლილი ა. ა-ის კუთვნილი, შემდეგი უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №..., 1/2 წილის მესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხოს ი. ა-ის საკუთრებად; 6. გადაწყვეტილებით მოპასუხე ი. ა-ის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია - მდებარე: ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...; 7. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს ი. ა-ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

სასარჩელო მოთხოვნა დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 23 თებერვალს, ე. პ-ეს, ი. ა-სა და ა. ა-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ე. პ-მ ი. ა-ეს ასესხა 160 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, სარგებლის - თვიური 4%-ს დარიცხვით. მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის, გადაუხდელი თანხის 0,3%-ს ოდენობით. 2011 წლის 23 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ი. ა-სა და ა. ა-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ-ის ქ. №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....

2011 წლის 24 მაისს, ე. პ-ეს, ი. ა-ეს და ა. ა-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2011 წლის 23 თებერვლის სესხის და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 1.4. პუნქტში და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 24 აგვისტო. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში სესხი არ დააბრუნა. მსესხებელმა გადაიხადა მხოლოდ სამი თვის საპროცენტო სარგებელი;

2012 წლის 1 იანვარს, გარდაიცვალა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების თანამესაკუთრე - ა. ა-ე. გარდაცვლილ ა. ა-ეს ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე ი. ა-ე. ი. ა-ეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს ა. ა-ის სამკვიდრო ქონება, თუმცა მოპასუხე განზრახ აჭიანურებს სამკვიდროს მიღებას კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულების თავის არიდების მიზნით. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების შემთხვევაში მოსარჩელეს საშუალება ექნებოდა აღნიშნული თანხის გამოყენების შედეგად მიეღო დამატებითი შემოსავალი. კერძოდ, მოსარჩელეს საშუალება ექნებოდა სესხის თანხის მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, მოეხდინა აღნიშნული თანხის სესხის სახით გაცემა და მიეღო დამატებითი სარგებელი ბაზარზე არსებული საბანკო კრედიტის განაკვეთის მინიმუმის, წლიური 22%-ს ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის, სამი თვის საპროცენტო სარგებლის დავალიანების 19 200 აშშ დოლარის დაკისრებას, ასევე პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის 0,3%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 24 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის წლიური 22%-ს გადახდის დაკისრებას 2011 წლის 24 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოპასუხე ი. ა-ემ სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მოპასუხის განმარტებით, ი. ა-ეს ე. პ-ის სრულად აქვს გადახდილი სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, კერძოდ, მოპასუხეს გადახდილი აქვს რვა თვის საპროცენტო სარგებელი. მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მისი შემცირება. ამასთან მიუთითა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლო ზიანის სახით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო, აღნიშნული კი, გამორიცხავს მოპასუხისათვის დამატებით მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ი. ა-ეს მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 23 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე ი. ა-ეს მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 2011 წლის 23 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 19 200 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე ი. ა-ეს მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 25 აგვისტოდან ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის გადახდამდე; მოპასუხე ი. ა-ეს მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2011 წლის 25 აგვისტოდან ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის გადახდამდე; ი. ა-ე ცნობილი იქნა გარდაცვლილი ა. ა-ის კუთვნილი, შემდეგი უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #..., 1/2 წილის მესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხოს ი. ა-ის საკუთრებად; დადგინდა, რომ გადაწყვეტილებით მოპასუხე ი. ა-ის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია - მდებარე: ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #...; დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს ი. ა-ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; მოპასუხე ი. ა-ეს მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 800 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.01.2013 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხე ი. ა-ეს მოსარჩელე ე. პ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის 0,01%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 25 აგვისტოდან ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის გადახდამდე;, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.01.2013 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ე. პ-ეს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1 650 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

23.02.2011წ. ე. პ-ეს, ი. ა-ეს და ა. ა-ეს (რომელსაც წარმოადგენდა ი. ა-ე) შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ე. პ-ემ ი. ა-ეს სესხის სახით გადასცა 160 000 აშშ დოლარი, სარგებლის - ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 4%-ს დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად, ი. ა-ეს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 23.05.2011წ..

ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის - გადაუხდელი თანხის 0,3%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ე. პ-ის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ი. ა-სა და ა. ა-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე: ქ. თბილისი, ჩ-ის ქ. №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....

სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-18 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, გამსესხებლის (იპოთეკარის) მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნას ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის და რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ხარჯების დასაფარავად, იპოთე.რი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მსესხებლის სხვა ნებისმიერი აქტივის ხარჯზე (ტ. I, ს.ფ. 28-36).

იპოთეკარი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ტ.I, ს.ფ. 15,16).

24.05.2011 წელს ე. პ-ეს, ი. ა-სა და ა. ა-ეს (რომელსაც წარმოადგენდა ი. ა-ე) შორის გაფორმდა შეთანხმება 2011 წლის 23 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კერძოდ, ცვლილება განხორციელდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 1.4. პუნქტში და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 24 აგვისტო. 23.02.2011წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი (ტ.I, ს.ფ. 38-40).

01.01.2012 წელს მოპასუხე ა. ა-ე გარდაიცვალა (ტ.I, ს.ფ. 26). ა. ა-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის (ტ.I, ს.ფ. 239).

მოპასუხე ი. ა-ე არის გარდაცვლილი ა. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე. ი. ა-ემ ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიიღო ა. ა-ის დანაშთი ქონება (ტ.I, ს.ფ. 236,237; მოპასუხის ახსნა-განმარტება (2012 წლის 04 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 17:14:43 – 17:14:45 სთ).

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, უდავოდ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ ი. ა-ეს 23.02.2011 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხია 160 000 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია (ტ.I, ს.ფ., ს.ფ. 2-6; 2013 წლის 25 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 16:00:21 სთ).

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების, კერძოდ, რვა თვის საპროცენტო სარგებელის გადახდის ფაქტი.

პალატამ აღნიშნა, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, ი. ა-ეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების, კერძოდ, რვა თვის საპროცენტო სარგებელის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების, კერძოდ, რვა თვის საპროცენტო სარგებელის გადახდის ფაქტი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 23.02.2011წ. სესხის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 160 000 აშშ დოლარი, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 24 აგვისტოსთვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაბრუნებული. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის არ იქნა გადახდილი ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული სამი თვის საპროცენტო სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს დაუბრუნოს სესხის თანხა 160 000 აშშ დოლარის ოდენობით და გადაუხადოს სამი თვის საპროცენტო სარგებელი 19 200 აშშ დოლარის ოდენობით.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა 23.02.2011წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის და სამი თვის საპროცენტო სარგებლის 19 200 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ როგორც ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის დავალიანების 0,3%), ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის დავალიანების 0,05%) შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის დავალიანების 0,01%-მდე. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ გონივრულ ოდენობად მიიჩნია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის დავალიანების 0,01%-ის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე, 411-ე და 412-ე მუხლებზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ფიზიკური პირისათვის თანხის დაკავებით (დროულად გადაუხდელობით) მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა სარგებელს მიიღებდა იგი აღნიშნული თანხის საბანკო ანაბარზე განთავსებით. შესაბამისად, გონივრული ოდენობის სტანდარტი განსაზღვრული უნდა იქნეს იმ სარგებლით, რასაც მოსარჩელე 160 000 აშშ დოლარის საბანკო ანაბარზე განთავსებით მიიღებდა, რაც ბაზარზე არსებული განაკვეთის მიხედვით საშუალოდ წლიურ 10%-ს შეადგენს. პალატის აზრით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა სესხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის წლიური 10%-ს გადახდა, 2011 წლის 25 აგვისტოდან სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 160 000 აშშ დოლარის დაფარვამდე.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1421.2-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ იპოთეკის საგნის თანამესაკუთრე ა. ა-ე გარდაიცვალა 2012 წლის 1 იანვარს. მოპასუხე ი. ა-ე არის გარდაცვლილი ა. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე. ი. ა-ემ ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიიღო ა. ა-ის დანაშთი ქონება. უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №... - 1/2 წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ა. ა-ე. ა. ა-ის სამკვდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის. ასევე დადგენილია, რომ ა. ა-ის გარდაცვალების შემდეგ ზემოაღნიშნულ სახლში ცხოვრობს ი. ა-ე. ამდენად, ა. ა-ის მეუღლე - ი. ა-ე ფაქტობრივად შეუდგა ა. ა-ის სამკვიდროს ნაწილის ფლობას. ამდენად, დადგენილია, რომ ი. ა-ემ მიიღო ა. ა-ის მთლიანი სამკვიდრო ქონება, მათ შორის ა. ა-ის კუთვნილი 1/2 წილი უძრავი ქონებისა, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....

ვინაიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რომ აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 წილი, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია გარდაცვლილი ა. ა-ის საკუთრებად, აღირიცხოს მისი მემკვიდრის ი. ა-ის სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი. ა-ე, როგორც ა. ა-ის მემკვიდრე, მართებულად ცნო ა. ა-ის კუთვნილი 1/2 წილის მესაკუთრედ უძრავი ქონებისა, მდებარე ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №... და დაადგინა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში უნდა აღირიცხოს ი. ა-ის საკუთრებად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301.1-ე მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ, დადგენილია, რომ 23.02.2011 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №4-6-8-10, 1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა 31, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.... დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკარი, არ დაუკმაყოფილებია. 23.02.2011 წლის სესხის ხელშეკრულების მე-18 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, გამსესხებლის (იპოთეკარის) მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნას ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის და რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ხარჯების დასაფარავად, იპოთე.რი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მსესხებლის სხვა ნებისმიერი აქტივის ხარჯზე.

ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მსესხებლისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა აღსრულების წესი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს ი. ა-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი არ არის, რომ კრედიტორმა პირგასამტეხლოს დაკისრებით არამართლზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს, ხოლო საერთოდ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ძირითადმა თანხამ და მასზე დარიცხულმა პროცენტმა შეადგინა სოლიდური თანხა, მაინც თავისი გადაწყვეტიელბით სასამართლომ ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლო შეამცირა, თუმცაღა, ამის პარალელურად, სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომლითაც ვითხოვდით, რომ არ დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეთა მიერ შესაძლო ზიანის ასანაზღაურებლად გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, რაც თავისთავად გამორიცხვს დამატებით მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, სასამართლოს მიერ მაინც არ იქნა დაკისრებული ი. ა-ის მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურების სახით, სესხის ძირითადი თანხის 160000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2011 წლის 25 აგვისტოდან ძირითადი თანხის გადახდამდე, რაც კასატორის აზრით, არის უკანონო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ი. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს ლ. მ-ას მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (200 ლარის), ი. ა-ის მიერ 2013 წლის 28 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი (2000 ლარის) და №401 საგადახდო დავალებით გადახდილი (1300 ლარის), 2013 წლის 5 ნოემბერს ი. ა-ის მიერ №1 საგადახდო დავალებით გადახდილი (2000 ლარის), 2013 წლის 11 ნოემბერს ი. ა-ის მიერ №1 საგადახდო დავალებით გადახდილი (500 ლარის), სულ (200+2000+1300+2000+500=6000) 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე