№ას-831-789-2013 24 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ლ. ბ-სა და დ. გ-ს შორის 2011 წლის 23 მარტს გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ამ ხელშეკრულების 2011 წლის 20 ივნისს სამი თვითა და 2011 წლის 22 სექტემბერს ასევე სამი თვით ვადის გაგრძლების შესახებ შეთანხმებების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 23 მარტს მოპასუხემ მოსარჩელისგან გამოსყიდვის უფლებით შეიძინა, ქ. გარდაბანში, ს-ოს ქუჩის №1ა/13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომლის გამოსყიდვის ფასი განისაზღვრა 3000 აშშ დოლარით. ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის ვადად კი, განისაზღვრა სამი თვე 2011 წლის 22 ივნისი. 2011 წლის 22 ივნისს გამოსყიდვის დადგენილი ვადა გაგრძელდა სამი თვით, 2011 წლის 22 სექტემბრის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, კვლავ გაგრძელდა მითითებული ვადა 2012 წლის 22 მარტის ჩათვლით. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული გარიგება რეალურად წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებას, ხოლო უძრავი ქონება კი, იყო უზრუნველყოფის საშუალება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ. ბ-ან შეთანხმებით გაფორმდა საქმეში წარმოდგენილი ყველა ხელშეკრულება, მას სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსმა განუმარტა ყველა უფლება-ვალდებულებები და შედეგები გამოსყიდვა-ნასყიდობასთან დაკავშირებით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ბ-სა და დ. გ-ს შორის 2011 წლის 23 მარტს ქ.გარდაბანი, ს-ოს ქ.N1ა-13-ში მდებარე 32,70 კვ.მ ბინის ფართზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომელზეც 2011 წლის 23 ივნისის და 23 სექტემბრის ხელშეკრულებებით გაგრძელდა ვადა, დადგინდა დასახელებული ფართის ლ. ბ-ის სახელზე აღრიცხვა და მითითებული უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით 2011 წლის 23 მარტს 5500 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის სარგებელია 7%. მოპასუხე დ. გ-ს მოსარჩელე ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 420 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ლ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სესხის თანხად დადგინდა 5500 აშშ დოლარი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში, სესხის თანხად 3000 აშშ დოლარის დადგენა.
დ. გ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სესხის თანხად დადგინდა 5500 აშშ დოლარი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში, სესხის თანხად 9500 აშშ დოლარის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20113 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ლ. ბ-სა და დ. გ-ს შორის 2011 წლის 23 მარტს ქ.გარდაბანი, ს-ოს ქ.N1ა-13-ში მდებარე 32,70 კვ.მ ბინის ფართზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომელზეც 2011 წლის 23 ივნისის და 23 სექტემბრის ხელშეკრულებებით გაგრძელდა ვადა, დადგინდეა ზემოხსენებული უძრავი ქონების ლ. ბ-ის საკუთრებად აღრიცხვა და მითითებული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა 9500 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის სარგებელია 7%. ლ. ბ-ეს დ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 595 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 23 მარტს ერთი მხრივ, ლ. ბ-ეს, როგორც „გამყიდველს“ და მეორე მხრივ, დ. გ-ს, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა სანოტარო აქტი -საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი მდებარე, მდებარე ქ. გარდაბანში, ს-ოს ქ. 1ა-13. გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა 2011 წლის 22 ივნისი.
მხარეთა მიერ 2011 წლის 23 ივნისს გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად, დ. გ-მა და ლ. ბ-ემ ურთიერთშეთანხმებით გამოსყიდვისათვის დადგენილი ვადა გააგრძელეს სამი თვით.
მხარეთა მიერ 2011 წლის 23 სექტემბერს კვლავ გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად, დ. გ-მა და ლ. ბ-ემ ურთიერთშეთანხმებით გამოსყიდვისათვის დადგენილი ვადა გააგრძელეს 2012 წლის 22 მარტის ჩათვლით.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით აპელანტ (მოპასუხე) დ. გ-ს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას 2011 წლის 23 მარტს ლ. ბ-სა და დ. გ-ს შორის გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებაში და დადგენილად მიაჩნია შემდეგი:
საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა განმარტებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დასაფარად. აღნიშნულს ადგენს თვით დ. გ-ის 2013 წლის 06 იანვრის მოწმის სახით დაკითხვის ოქმით, სადაც იგი განმარტავს, რომ მან ლ. ბ-ეს აუხსნა თუ რა პირობით ასესხებდა თანხას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 2011 წლის 23 მარტის საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით მხარეებმა გააფორმეს მათ შორის არსებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვის მიზნით, რასაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ლ. ბ-ე და დ. გ-ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით სადავოდ ხდიან სესხის ოდენობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილიად მიიჩნია შემდეგი: საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 12 ოქტომბერს შედგენილი ლ. ბ-ან გასაუბრების ოქმი, სადაც იგი განმარტავს, რომ 2011 წლის 23 მარტს ქ. რუსთავში, მ-ის ქ. N10-ში ნოტარიუს მ. რ-ის სანოტარო ბიუროში იპითეკარ დ. გ-ის დახმარებით შედგა უძრავი ნივთის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების სანაცვლოდ, მან მიიღო თანხა 3000 აშშ დოლარი და ყოველვიურად უნდა ეხადა სარგებელი 7%. იმავე ოქმში, აპელანტი განმარტავს რომ მოგვიანებით, მისი სახელით და მისივე თანხმობით იპითეკარ დ. გ-ან მივიდა მისი მეგობარი მ. ი-ი, რომელმაც დ. გ-ს ლ. ბ-ის ბინის გარანტად გამოართვა 2500 აშშ დოლარი და მან აღნიშნულის შესახებ იცოდა. ამდენად, 2012 წლის 12 ოქტომბერის ლ. ბ-ან გასაუბრების ოქმით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-ემ დ. გ-ან ისესხა 5500 აშშ დოლარი (მტკიცებულება: გასაუბრების ოქმი, ტ.1. ს.ფ. 110).
პალატა ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შსს რუსთავის საქალაქო სამართველოდან გამოთხოვილ ლ. ბ-ან გასაუბრების მეორე ოქმს, რომელიც შედგენილია 2012 წლის 25 ივნისს. აღნიშნულ ოქმში ლ. ბ-ე ადასტურებს, რომ მას გარდა ზემოაღნიშნულ ოქმში მითითებული 5500 აშშ დოლარისა, სესხის სახით დ. გ-ან გამორთმეული აქვს კიდევ 4000 აშშ დოლარი, კერძოდ, ოქმის შინაარსით დგინდება, რომ ლ. ბ-ეს მისმა მეგობარმა მ. ი-მა სთხოვა დ. გ-ან კიდევ ესესხებინა 4000 აშშ დოლარი, ლ. ბ-ის ბინის გარანტად. ლ. ბ-ე არ წავიდა მისი სურვილის წინააღმდეგ, რადგან მ. ი-ი მის საუკეთესო მეგობრად მიაჩნდა და კვლავ დ. გ-ან ისესხა 4000 აშშ დოლარი (მტკიცებულება: გასაუბრების ოქმი, ტ.1. ს.ფ. 112, 113).
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ბ-ეს დ. გ-ან სესხის სახით მთლიანობაში აღებული აქვს 9500 აშშ დოლარი (5500 აშშ დოლარი+4000 აშშ დოლარი), 7% სარგებლის დარიცხვით. შესაბამისად, სესხის ოდენობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა შსს რუსთავის საქალაქო სამართველოდან გამოთხოვილი 2012 წლის 25 ივნისის ლ. ბ-ან გასაუბრების ოქმი და არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 23 მარტს ლ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. გარდაბანი, ს-ოს ქ. 1ა-13-ში დაიტვირთა იპითეკით დ. გ-ან სესხის სახით აღებული 5500 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე, 623-ე, 625-ე, 286-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მსესხებლის ლ. ბ-ის სახელზე ქ. გარდაბანში, ს-ოს ქ. 1ა-13-ში მდებარე უძრავი ქონების აღრიცხვის შემდეგ, მითითებული უძრავი ქონება უნდა დაიტვირთოს იპოთეკით 2011 წლის 23 მარტს, 9500 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის სარგებელია 7%.
რაც შეხება ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარს, რომლითაც აპელანტი მიიჩნევდა, რომ სესხის თანხად უნდა განისაზღვრულიყო 3000 აშშ დოლარი, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას აპელანტი ვერ ადასტურებს, აღნიშნულის საპირისპიროდ კი, წინამდებარე გადაწყვეტილების 4.3 პუნქტით დგინდება, რომ ლ. ბ-ეს დ. გ-ან სესხის სახით მთლიანობაში აღებული აქვს 9500 აშშ დოლარი (5500 აშშ დოლარი+4000 აშშ დოლარი), 7% სარგებლის დარიცხვით. შესაბამისად, პალატამ მიაჩნია, რომ ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები.
რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნას, რომლითაც ლ. ბ-ის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო დ. გ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, პალატის აზრით, სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში, არ შეიცავდა გასაჩივრებული საოქმო ფორმის განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობებზე მითითებას და შესაბამის დასაბუთებას, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილშიც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სადავო 6500 აშშ დოლარის ნაწილში, არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 286-ე და 317-ე მუხლები, ვინაიდან ლ. ბ-სა და დ. გ-ს შორის სასესხო ურთიერთობა არ არსებობდა და, შესაბამისად, საცხოვრებელი ბინა არ დაუტვირთავს.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიაჩნია დადგენილად, რომ ლ. ბ-ეს დ. გ-ან სესხის სახით მთლიანობაში აღებული ჰქონდა 9500 აშშ დოლარი 7%-იანი სარგებლის დარიცხვით, განუსაზღვრელი ვადით.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ლ. ბ-ეს პროცენტები სრულად ჰქონდა გადახდილი, გარდა ბოლო ორი თვისა. აღნიშნულთან მიმართებით, პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში კასატორის განმარტებით, იშუამდგომლა მოწმეების დაკითხვის თაობაზე, რაზეც სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა სადავო თანხების ოდენობა, რომ მ. ი-ი საქმეში მონაწილოების მისაღებად არც კი მოუწვევია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (534 ლარის) 70% – 373.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს ა. ს-ის მიერ 2013 წლის 26 სექტემბერს №17 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (534 ლარის) 70% – 373.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე