№ას-840-798-2013 24 იანვარი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჩ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მხარეები 2005 წლის 15 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ... წლის ... აპრილს შეეძინათ შვილი - ნ. ჩ-ე. ქორწინებამდე მეუღლეებს შორის 2005 წლის 31 აგვისტოს საქორწილო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. საქორწინო კონტრაქტი არის დისკრიმინაციული ხასიათის. მძიმე და უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელესა და მის არასრულწლოვან შვილს. მოპასუხის სახელზე რიცხული ბინა, მდებარე ი.ჭ-ის გამზ. №53ა-ში, მხარეთა ქორწინების დროისათვის იყო მშენებარე და მთლიანად აშენდა თანაცხოვრების დროს. მოსარჩელეს უწევს სამსახურებრივ მივლინებაში უნგრეთში გამგზავრება სამი წლით. ვინაიდან ბავშვი ცხოვრობს დედასთან, უმჯობესია იგი დედასთან ერთად გაემგზავროს მივლინებაშიც. მოპასუხე მუშაობს და აქვს სოლიდური შემოსავალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქორწილი საქორწინო ხელშეკრულების პიროებები უნდა შეიცვალოს, კერძოდ: პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გარდა ძვირფასეულობისა“; მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „დ. ჩ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები, რომლებიც მდებარეობს ქ.თბილისში, ი.ა-ის ქ.№56-ში (ბინა №12) და ჭ-ის გამზ. №53ა-ში (ბინა №32) დ. ჩ-ის ინდივიდუალურ საკუთრებად ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დ. ჩ-სა და მ. გ-ის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში გაწული ხარჯების შედეგად ამ ბინების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა“. ხელშეკრულების მე-5 პუნქტი გაუქმებულ იქნეს. მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „განქორწინების შემთხვევაში დ. ჩ-ე ვალდებულია უზრუნველყოს მ. გ-ე და მისი არსრულწლოვანი შვილი ნ. ჩ-ე ქ.თბილისში, ცენტრალურ ან მიმდებარე რაიონში 70.00 კვ.მ ფართის, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საცხოვრებელი სახლით და გადასცეს ის მათ საერთო საკუთრებაში. საცხოვრებელი სახლის შერჩევა მოხდეს მოსარჩელესთან შეთანხმებით“. არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება საზღვარგარეთ, სახელდობრ, უნგრეთში 3 წლით გაყვანის თანხმობის გაცემის ნაწილში უნდა შეეზღუდოს.
მოპასუხე დ. ჩ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: საქორწინო კონტრაქტი შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ი.ჭ-ის გამზ. №53ა-ში მდებარე ბინა შეიძინა მემკვიდრეობით მიღებული თანხებით ქორწინებამდე და გაარემონტა მის მიერვე გამოტანილი კრედიტით. მისი შემოსავალი არ იძლევა ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნა საქორწინო კონტრაქტის პირობების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ჩ-ეს მ. გ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის რჩენა – აღზრდისათვის 2012 წლის 20 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა. დ. ჩ-ეს არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის მიმართ საზღვარგარეთ, სახელდობრ, უნგრეთში, ქალაქ ბ-ი გაყვანისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში ბავშვის დედის - მ. გ-ის სამსახურებრივი მივლინების ვადის ამოწურვამდე, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შეეზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ჩ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. გ-ე და დ. ჩ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლის 15 ოქტომბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ე. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან. მამასთან აქვს ხშირი ურთიერთობა. მ. გ-ე მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენს 1600 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 1280 ლარს. მ. გ-ე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 25.02.2012წ. ბრძანებით მივლინებულ იქნა როტაციის წესით სამუშაო მივლინებით უნგრეთში საქართველოს საელჩოში 2013 წლის 8 მარტიდან 2016 წლის 8 მარტამდე მრჩევლად სამუშაოდ. ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს მ. გ-ის და მისი ოჯახის წევრებისათვის გამგზავრებასთან დაკავშირებული თანხების გამოყოფა. დ. ჩ-ე საათობრივი ანაზღაურების წესით მუშაობს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში. 2012 წლის 1 იანვრიდან -1 სექტემბრამდე პროფესორ დ. ჩ-ეს ლექციები არ ჰქონია და არც ხელფასი მიუღია. მისი 2012 წლის სექტემბრის ანაზღაურება 75 ლარს შეადგენდა, ოქტომბრის ანაზღაურება - 275 ლარს, ნოემბრის ანაზღაურება - 200 ლარს, დეკემბრის ანაზღაურება ასევე 200 ლარს. 2013 წლის პირველ ნახევარში დ. ჩ-ეს არ აქვს ლექციები. დ. ჩ-ის საკუთრებაშია ქ. თბილისში ი.ჭ-ის გამზ. №53ა-სა და ა-ის ქ.№56-ში მდებარე №32 და №12 ბინები.
ქ.თბილისში, ა-ის ქ.№56-ში მდებარე №12 ბინას დ. ჩ-ე აქირავებს თვეში 1200 აშშ დოლარად. 2011 წლის 2 ივნისს მ. გ-ემ სს „ბაზისბანკიდან“ ორი წლის ვადით 5000 ლარის ოდენობით კრედიტი გამოიტანა, რომლის დასაფარად ყოველთვიურად იხდის 259.39 ლარს. ამასთან, არის სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ბარათის “ამერიკან ექსპრესის“ მფლობელი. საკრედიტო ლიმიტი შეადგენს 2000 ლარს. ნ. ჩ-ე ირიცხება ქ.თბილისის 75-ე ბაგა-ბაღში და მისი ყოველთვიური გადასახადია 65 ლარი, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე გადახდილი აქვს დ. ჩ-ეს. ნ. ჩ-ე დაზღვეულია სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“ დ. ჩ-ის მიერ.
დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის ფსიქოლოგის ქ. ჩ-ის 05.03.2013წ. დასკვნის თანახმად, ნ. ჩ-ე არის მოუსვენარი, მგრძნობიარე, ადვილად მოწყვლადი, მოუთმენელი და ჯიუტი, მიდრეკილია განმარტოებისაკენ. დედას ანიჭებს უპირატესობას, ისევე როგორც ბებიას და ავლენს მათდამი მიჯაჭვულობას, მამის მიმართ უფრო ნეიტრალურია. თეორიული მასალისა და ბავშვის ემოციურ-აფექტური სფეროს შესწავლის შედეგად ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ 5 წლის ბავშვთან დედის დაშორება კატეგორიულად მიუღებელია. ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ცხოვრების პირველ წლებში ბავშვის მოწყვეტა დედისაგან იწვევს დარღვევებს ბავშვის ფიზიკური და სულიერი განვითრების სფეროში. დედა არის ადამიანი, რომელიც ახდენს ბავშვის გარემოსადმი ნდობის გამომუშავებას და ფორმირებას. დედასთან ურთიერთობა აყალიბებს ბავშვში უსაფრთხოების განცდას. 6 წლამდე ბავშვები ემოციურად მოწყვლადები ხდებიან, როდესაც მათ აშორებენ მათი პირველადი მიჯაჭვულობის ობიექტს ანუ დედას და ამგვარ ბავშვებს უყალიბდებათ შფოთვა და დისტრესი მცირეხნიანი განშორების შედეგადაც კი. ბევრი მკვლევარის აზრით, დედასთან დაშორებულ ბავშვებს აქვთ ცუდი მადა და უფერხდებათ ემოციური და გონებრივი განვითარება, უჭირთ ურთიერთობის დამყარება თანატოლებთან და სკოლაში დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ. დედასთან დაშორებასთან დაკავშირებულია ასევე ბავშვის ნეგატივიზმი და აგრესია. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოების სოციალური მუშაკების დასკვნების თანახმად, ბავშვის კეთილდღეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ნ. ჩ-ე არსებული გარემოებების გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში დედასთან ერთად გაემგზავროს საზღვარგარეთ.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატამ ალიმენტის ოდენობა 350 ლარი გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. აპელანტი თავის მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ამყარებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“ 2013 წლის 7 მარტის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მცირეწლოვანის სრულფასოვანი ფსიქიკური განვითარებისათვის სავალდებულოა სტაბილური მიკრო (დადა, მამა) და მაკრო (სამეტყველო, ენა, ბინა, ეზო, საბავშვო ბაღი, თანატოლები და ა.შ) სოციალური გარემო, რომელთანაც ადაპტირებულია. ამდენად, ნ. ჩ-ის 3 წლით საზღვარგარეთ წასვლა, მამისაგან და სამეგობრო-საახლობლო წრისაგან მოწყვეტა გამოიწვევს ნეგატიურ გავლენას მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ, ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან, ხოლო, მამასთან აქვს ხშირი ურთიერთობა, შესაბამისად, სტაბილური მიკრო (დედა, მამა) სოციალური გარემო იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე ბავშვს თავისთავად ვერ ექნება, ხოლო, რაც შეეხება ბავშვთან ურთიერთობას, ამ შემთხვევაში მამას უფლება აქვს ნებისმიერ დროს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან.
დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის ფსიქოლოგის ქ. ჩ-ის 05.03.2013წ. დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ნ. ჩ-ე არის მოუსვენარი, მგრძნობიარე, ადვილად მოწყვლადი, მოუთმენელი და ჯიუტი, მიდრეკილია განმარტოვებისაკენ. დედას ანიჭებს უპირატესობას, ისევე როგორც ბებიას და ავლენს მათდამი მიჯაჭვულობას, მამის მიმართ უფრო ნეიტრალურია. თეორიული მასალისა და ბავშვის ემოციურ-აფექტური სფეროს შესწავლის შედეგად ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ 5 წლის ბავშვთან დედის დაშორება კატეგორიულად მიუღებელია. ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ცხოვრების პირველ წლებში ბავშვის მოწყვეტა დედისაგან იწვევს დარღვევებს ბავშვის ფიზიკური და სულიერი განვითრების სფეროში. დედა არის ადამიანი, რომელიც ახდენს ბავშვის გარემოსადმი ნდობის გამომუშავებას და ფორმირებას. დედასთან ურთიერთობა აყალიბებს ბავშვში უსაფრთხოების განცდას. 6 წლამდე ბავშვები ემოციურად მოწყვლადები ხდებიან, როდესაც მათ აშორებენ მათი პირველადი მიჯაჭვულობის ობიექტს ანუ დედას და ამგვარ ბავშვებს უყალიბდებათ შფოთვა და სტრესი მცირეხნიანი განშორების შედეგადაც კი. ბევრი მკვლევარის აზრით, დედასთან დაშორებულ ბავშვებს აქვთ ცუდი მადა და უფერხდებათ ემოციური და გონებრივი განვითარება, უჭირთ ურთიერთობის დამყარება თანატოლებთან და სკოლაში დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ. დედასთან დაშორებასთან დაკავშირებულია ასევე ბავშვის ნეგატივიზმი და აგრესია. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოების სოციალური მუშაკების დასკვნების თანახმად, ბავშვის კეთილდღეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ნ. ჩ-ე არსებული გარემოებების გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში დედასთან ერთად გაემგზავროს საზღვარგარეთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ დ. ჩ-ის არასრულწლოვანი შვილის - ნ. ჩ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა საზღვარგარეთ, სახელდობრ, უნგრეთში, ქალაქ ბ-ი გაყვანისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში ბავშვის დედის - მ. გ-ის სამსახურებრივი მივლინების ვადის ამოწურვამდე, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად, შეესაბამება არასრულწლოვანის უპირატეს ინტერესებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ჩ-ემ და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არასწორად შეაფასა სოციალური მომსახურების სააგენტოების სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 15 იანვრის №69 და 2013 წლის 25 იანვრის №71 დასკვნები, სადაც ორივე დასკვნის ბოლო აბზაცებში თვალნათლივ წერია, რომ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან სათანადო მზრუნველობა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ალიმენტის განსაზღვრისას სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 2.8-ე პუნქტში მიუთითებს, რომ კასატორს მითითებული ბინა გაქირავებული აქვს 1200 აშშ დოლარად. აღნიშნულის დასადასტურებლად მითითებულია 2009 წლის 27 ივლისისა და 2011 წლის 20 სექტემბრის გარიგებაზე. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ქირავნობის ხელშეკრულება არ არის იმის დამადასტურებელი, რომ დ.ჩ-ეს მითითებული ოდენობის შემოსავალი გააჩნია.
ამასთან, დ.ჩ-ემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების 1.2 და 1.3 ქვეპუნქტების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და მოცემულ საქმეზე წარმოება დასრულდა, განუხილველად უნდა დარჩეს ასევე ზემოხსენებული შუამდგომლობაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ეს უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 30 სექტემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 450 ლარის, 70% _ 315 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
დ. ჩ-ეს (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 450 ლარის, 70% _ 315 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე