Facebook Twitter

№ას-859-817-2013 13 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ც. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. დ-მა მოპასუხის – სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხე სკოლის დირექტორის 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/კ112 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ც. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. ამავდროულად, მან სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ განჩინება.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით ც. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ც. დ-სა და სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლას შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 15 სექტემბერს და მისი ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 სექტემბრამდე. ხელშეკრულების მიხედვით შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 273.58 ლარს.

,,სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ’’ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის 2012 წლის 17 სექტემბერის №1/კ103 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება გაუგრძელდა ც. დ-ს.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორის 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/კ112 ბრძანებით ქიმიის მასწავლებელს, ც. დ-ს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად. საფუძვლად მითეითა შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 4.1, 4.2, 4.7, 4.11 პუნქტების მოთხოვნების დარღვევაზე.

აპელანტმა სადავოდ გახადა ც. დ-ის გათავისუფლების შესახებ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორის 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/კ112 ბრძანების კანონიერება და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ც. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-3 მუხლით, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებულისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასებულიყო, თუ რამდენად არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემის და შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლა სადავო ბრძანების გამოცემას სწორედ იმ გარემოებას უკავშირებდა, რომ ც. დ-მა დაარღვია მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 4.1, 4.2, 4.7 და 4.11 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები, რაც გულისხმობდა სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას (4.1 პუნქტი); თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ზრუნვას, მოსწავლის უფლებებისა და ინტერესის დაცვას (4.2. პუნქტი); პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან (4.7 პუნქტი); მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დაცვას (4.11 პუნქტი).

საქმეში წარდგენილი იყო 2012 წლის 23 ოქტომბრის სკოლის პედაგოგთა და მშობლების (24 პირის) მიერ მიერ შედგენილი აქტი, რომელიც ასახავდა მომხდარ ინციდენტს ც. დ-სა და დირექტორ ნ. ბ-ს შორის. აღნიშნული აქტით დასტურდებოდა მშობელთა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ც. დ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუსრულებელ კონფლიქტს, არაეთიკურ დამოკიდებულებას მოსწავლეებთან და მშობლებთან, კერძოდ, 2012 წლის 23 ოქტომბერს ქიმიის საგანში აკადემიური მოსწრების განხილვის დროს ც. დ-მა სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა დირექტორს – ნ. ბ-ს, ფსიქოლოგიურად თავს დაესხა ამ უკანასკნელს მას შემდეგ, რაც დირექტორი დაინტერესდა მოსწავლეების აკადემიური მოსწრების ვარდნით. 2012 წლის 23 ოქტომბერს დირექტორსა (ნ.ბ-ი) და ც. დ-ს შორის კონფლიქტის შესახებ ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ. დ-მა, რომელიც არის მოსარჩელის და, მუშაობდა სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლაში მასწავლებლად. მისი ჩვენებით დასტურდებოდა, რომ 23 ოქტომბერს ც. დ-სა და დირექტორს ნ. ბ-ს შორის ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას და უსიამოვნებას, რის შემდეგაც ნ. ბ-ი გახდა ცუდად და გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2012 წლის მანძილზე მიღებული ჰქონდა საყვედური და სასტიკი საყვედური (რომელიც მის მიერ სადავოდ არ გამხდარა). მანვე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2012 წლის 11 სექტემბრის სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, 2012-2013 წლების სასწავლო გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით განსახილველ საკითხზე აზრი გამოთქვა ც. დ-მა, რა დროსაც დირექტორს – ნ. ბ-ს პიროვნული და ღირსების შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. შესაბამისად, 2012 წლის 11 სექტემბერს პედსაბჭოს სხდომაზე, ქიმიის მასწავლებელ ც. დ-ს მიეცა გაფრთხილება (სიტყვიერად) პედსაბჭოს მუშაობაში ხელის შეშლის გამო. საქმეში ასევე წარდგენილი იყო სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის პედსაბჭოს 2012 წლის 4 ოქტომბრის სხდომის N2 ოქმი, რომლითაც დგინდებოდა, რომ სკოლის შინაგანაწესის განხილვის დროს პედაგოგი ც. დ-ი შეეცადა დირექტორის პიროვნულ შეურაცხყოფას და მისმა ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა დირექტორის მიმართ აღაშფოთა ბედაგოგიური საბჭოს უმრავლესობა, რომელთაგანაც მან მიიღო მწვავე შენიშვნა, შესაბამისად, დაირღვა პედაგოგიური საბჭოს მუშაობის ნორმალური პირობები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ც. დ-ის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 4 ოქტომბერს პედსაბჭოს სხდომაზე იგი არ მონაწილეობდა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ იყო. ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ეთიკის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე ბრძანების 6-ე მუხლის თანახმად, მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

ამდენად, დადგინდა, რომ დირექტორის მიერ სადავო ბრძანების მიღებას და მოსარჩელესთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას წინ უძღოდა ც. დ-ის, როგორც სკოლის მასწავლებლის მხრიდან, გარკვეული ქმედებები, რაც გამოიხატა: პედაგოგიური საბჭოს მუშაობის ხელის შეშლაში, დირექტორის მიმართ არაეთიკურ მიმართვებში და კონფლიქტურ ურთიერთობაში, კოლეგიალობისა და თანამშრომლობის ეთიკის დარღვევაში, რითაც დარღვეულ იქნა საჯარო სკოლის შინაგანაწესი და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ც. დ-ან. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, რამდენადაც არ არსებობდა სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე არ არსებობდა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც.

რაც შეეხებოდა აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღრეული იყო შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლები, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლი ადგენდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, აქედან, „გ“ პუნქტი ითვალისწინებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ხოლო შრომის 38-ე მუხლით კი რეგულირდებოდა შრომითი ხელშეკრულებილს მოშლის პირობები და ის მინიმალური გარანტიები, რაც დაწესებული იყო დასაქმებულისათვის, კერძოდ მას ევალებოდა დასაქმებულისათვის არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიცემა.

მოცემულ შემთხვევაში, შრომის კოდექსის 38-ე მუხლი გამოყენებული იყო იმ დასაბუთებით, რომ დამსაქმებლის მიერ გათავისუფლებულ პედაგოგს – ც. დ-ის მიეცა შრომის კომპენსაცია (ერთი თვის შრომის გასამრჯელო), მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული 37-ე მუხლის გ“ ქვეპუნქტი არ ითვალისწინებდა კომპენსაციის გადახდას. შესაბამისად, საქმის განმხიველმა სასამართლომ განმარტა, რომ კომპენსაციის გადახდა განაპირობა არა კანონით დადგენილმა ვალდებულებამ, არამედ დამსაქმებლის მხრიდან კეთილი ნების გამოვლენამ.

აპელანტი სადავოდ ხდიდ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ც. დ-ის შუამდგომლობა მოწმეების სახით, მ. დ-სა და მ. ლ-ის დაკითხვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მ. დ-ის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობა. სააპელაციო სასამართლო მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დოკუმენტების სიყალბე არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მტკიცებულების ისეთი სახით, როგორიცაა მოწმეთა ჩვენება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწმედ დასაკითხი პირის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საარქივო განყოფილების გამგე მ. ლ-ის ჩვენება არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას დოკუმენტის ნამდვილობის დასადგენად. ამდენად, სააპელაციო საჩივარი მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებული იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. დ-მა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის (კასატორის) მოთხოვნის მიუხედავად არ გაითვალისწინა, რომ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ნ. ბ-ის წარმომადგენელს არ გააჩნდა კანონის შესაბამისად გაფორმებული რწმუნებულება. მას წარმომადგენლობა გაფორმებული ჰქონდა, როგორც კერძო პირს და არა როგორც საჯარო სკოლის დირექტორს;

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ სადავო ბრძანების მიღებისას მოპასუხემ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 95-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას იგი არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების დროს არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი, ადმინისტრაციული აქტი გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. აღნიშნული იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს საშუალება არ მისცა, განეხორციელებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლება და ახსნა-განმარტებითა თუ დამატებითი მტკიცებულებებით დაედასტურებინა მისთვის სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ბრალდების კანონიერება;

გასაჩივრებული ბრძანებიდან არ ირკვევა, თუ რომელი მოქმედება იქნა მიჩნეული კონკრეტულ შემთხვევაში პედაგოგისათვის შეუფერებელ საქციელად. ამასთან, ბრძანების ფორმა არ შეესაბამება კანონს;

დარღვეულია „განათლების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 1-კ პუნქტი და მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, რომელთა საფუძველზეც დისციპლინური გადაცდომების სახეებს და ზომას განსაზღვრავს დისციპლინარული კომიტეტი. „განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორს გათავისუფლების ბრძანების დაწერის უფლება მხოლოდ დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ჰქონდა. ამდენად, გასაჩივრებული ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა;

რაც შეეხება 2012 წლის 23 ოქტომბრის კონფლიქტს, სასამართლო ცალმხრივად ადანაშაულებს ც. დ-ს, სასამართლო არ ითვალისწინებს იმას, რომ სკოლის დირექტორს თმენის მეტი ვალდებულება გააჩნდა და რომ მას მას კონფლიქტი არ უნდა გამოეწვია;

სასამართლომ მტკიცებულებად გამოიყენა 2012 წლის 6 იანვრის ძალაში არმყოფი ბრძანება. ეს ბრძანება თავიდანვე უკანონო იყო, ვინაიდან საყვედური გამოცხადდა სკოლის შინაგანაწესის მე-12 მუხლით, რომელიც მოსწავლეების ვალდებულებებს შეეხება და მასწავლებლის მისი მეშვეობით დასჯა იმთავითვე კანონსაწინააღმდეგოა;

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 11 სექტემბერს პედსაბჭოს სხდომას კასატორი არ ესწრებოდა. მსგავსი ჩვენება მისცა მოწმედ დაკითხულმა კასატორის დამ, მ. დ-მა. ც. დ-ი არ ესწრებოდა პირველ და არა მეორე სხდომას, ამ სხდომაზე განიხილებოდა სკოლის შინაგანაწესის პროექტი და არა უკვე დამტკიცებული შინაგანაწესი. სხდომაზე კასატორმა გამოთქვა რამდენიმე შენიშვნა შინაგანაწესის განათლების კანონთან და მასწავლებლის ეთიკის კოდექსთან შეუსაბამობაზე. რაიმე სხვა ქმედება მას არ განუხორციელებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ც. დ-ს (პირადი ნომერი – ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №54, გადახდის თარიღი – 2013 წლის 29 ივლისი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე