Facebook Twitter

№ას-906-864-2013 10 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ქ-ი, მ. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ბ-ამ მოპასუხეების – ე. ქ-სა და მ. დ-ის მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნები:

1. ე. ქ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ (1/3 ნაწილში) ბათილად ცნობა და სადავო ქონების 1/3 წილის ნ. ბ-ას საკუთრებაში აღრიცხვა;

2. ე. ქ-სა და მ. დ-ეს შორის 2012 წლის 25 ივლისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, გამოსყიდვის უფლებით, ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მამკვიდრებელი ი.ქ-ი გარდაიცვალა 2011 წლის 15 თებერვალს.

მოსარჩელე ნ. ბ-ა და მოპასუხე ე.ი ქ-ი არიან ი. ქ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები.

ი. ქ-ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო ე.ი ქ-მა.

2012 წლის 30 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ი. ქ-ის სამკვიდრო ქონება (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნ-ი მდებარე 4180.00კვ.მ მიწის ნაკვეთი და ქ.ბათუმში, რ-ას ქ.№5-ში მდებარე ბინა №37), საჯარო რეესტრში აღირიცხა ე.ი ქ-ის საკუთრებად.

2012 წლის 25 ივლისს, მ. დ-სა და ე.ი ქ-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც, ქ.ბათუმში, რ-ას ქ.№5-ში მდებარე ბინა №37 საჯარო რეესტრში დარეგისტრდა მ. დ-ის საკუთრებაში.

ნ. ბ-ას, ი. ქ-ის სამკვიდრო კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ ნ. ბ-ას სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6-თვიანი ვადის გაშვების საპატიო მიზეზებს.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა შემდეგი:

აპელანტის (მოსარჩელე) მიერ მითითებული გარემოება, რომ მისთვის უცნობი იყო სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა, არ წარმოადგენს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის კანონისმიერ საფუძველს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნები ი. ქ-ის სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის, ი. ქ-ის ქონების 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ ნ. ბ-ას აღიარების თაობაზე, დასაბუთებული იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ვინაიდან ნ. ბ-ა არ წარმოადგენდა ი.ქ-ის სამკვიდროს მიმღებ პირს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნას – ბათილად ყოფილიყო აღიარებული 2012 წლის 30 აპრილს, ი. ქ-ის სამკვიდროზე ე. ქ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში – არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ი მდებარე 4180.00კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილის, ასევე, ქ.ბათუმში, რ-ას ქ.№5-ში მდებარე №37 ბინის 1/3 ნაწილის, როგორც სამკვიდრო ქონების ნ. ბ-ას საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, უსაფუძვლო იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ქ.ბათუმში, რ-ას ქ.№5-ში მდებარე №37 ბინაზე ნ. ბ-ას სამართლებრივად უფლება არ გააჩნდა, ამ ქონებაზე 2012 წლის 25 ივლისს მ. დ-სა და ე.ი ქ-ს შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის მოთხოვნაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენდა, რომ ნ. ბ-ას მამის სამკვიდრო არ მიუღია. ისეთ ვითარებაში, როდესაც დასადგენი იყო სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის საპატიო მიზეზები, დაკრძალვის ხარჯების გაწევის ფაქტის კვლევა არ იყო არსებითი ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის დადგენისათვის. ამდენად, აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ხარჯების გაწევის შესახებ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების შეუფასებლობით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ამ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აპელანტის განმარტება, ნ. ბ-ას სამკვიდროს მიღების მიზნით იმ მიზეზით არ მიუმართავს, რომ როგორც ე. ქ-მა სატელეფონო საუბრისას უთხრა, სამკვიდროს თავად მიიღებდა მხოლოდ 1/3 ნაწილზე, ხოლო დანარჩენ 2/3 წილს მიიღებდნენ ი. ქ-ი შვილები: ნ. ბ-ა და ლ. ტ-ა. აღნიშნული გარემოების ნამდვილობა დადგინდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით განხილული საქმის წარმოების მასალებით. როგორც შემდგომ გამოირკვა, სასამართლო სხდომაზე ე. ქ-მა აღიარა, რომ 2/3 წილი უნდა მიიღონ ნ. ბ-ამ და ლ. ტ-ამ. მართალია, ე. ქ-ი მითითებულ გარემოებს არ ადასტურებს, მაგრამ საქმის მასალებით დადგინდებოდა სინამდვილე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დასახელებული საქმის მასალები არ გამოითხოვა. უფრო მეტიც, სასამართლოს არც მოწმეები დაუკითხავს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა;

უდავოა, რომ ნ. ბ-ა არის რუსეთის მოქალაქე, იგი ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს რუსეთში, იქ მუშაობს და ფაქტობრივი ფლობით ვერ დაეუფლებოდა სამკვიდროს. რაც შეეხება ნოტარიუსისათვის მიმართვას, აღნიშნული ქმედება მას არ განუხორციელებია ე. ქ-ან შეთანხმების გამო, რასაც მოწმეები დაადასტურებდნენ;

ე. ქ-ის განმარტებით, ს. ქ-მა (მამკვიდრებელ ი. ქ-ის ძმამ) მას უთხრა, რომ ნ. ბ-სა და ლ. ტ-ას მამის ქონებაზე მოთხოვნა არ გააჩნიათ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს ეს პიროვნება არ დაუკითხავთ და არ გაურკვევიათ, სიმართლეს აცხადებდა თუ არა ე. ქ-ი. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო: ვინაიდან ე. ქ-ი თანახმობას აცხადებდა სამკვიდრო ქონების 2/3 წილის მამკვიდრებლის შვილებისათვის მიკუთვნებაზე, მან ს. ქ-ს უთხრა, რომ მითითებული წილი მას მიეღო და შემდეგ თავისი ძმისშვილებისთვის გადაეცა. მართლაც, ს. ქ-მა მიმართა ნოტარიუსს, მაგრამ რადგან არ იცოდა კანონი და სრულყოფილად არც ქართულ ენას ფლობდა, სამკვიდრო მოითხოვა თავისთვის, ამასთან იგი დაელოდა მინდობილობას. 2012 წლის 24 აპრილს, ნ. ბ-ამ და ლ. ტ-ამ გამოაგზავნეს მინდობილობა, თუმცა ს. ქ-ს ნოტარიუსის წინაშე მოთხოვნა არ ჰქონია დაყენებული ი. ქ-ის შვილების სახელით, ხოლო მას, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეს მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. ქ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1093.30 ლარი) 70% – 765.31 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. ბ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. ქ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1093.30 ლარი, საგადახდო დავალება № 318779459, გადახდის თარიღი – 2013 წლის 3 ოქტომბერი) 70% – 765.31 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე