Facebook Twitter

№ას-933-891-2013 13 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ი-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 13 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ი-მა მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ.

მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა:

ქ.თბილისში, ც. დ-ის ქ.№117-ში მდებარე, მ. ი-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მფლობელობის შეწყვეტა მოსარგებლისათვის საცხოვრებელი სადგომის (ფართით 40.5კვ.მ) საბაზრო ღირებულების 75%-ის, 9933 აშშ დოლარის და საცხოვრებელი სადგომის (ფართით 21კვ.მ) საბაზრო ღირებულების 100%-ის, 7770 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

მოპასუხის პოზიცია:

ნ. კ-ემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 40.5კვ.მ და 21კვ.მ საცხოვრებელი სადგომების საბაზრო ღირებულების გადახდის ნაწილში ცნო, თუმცა მან დამატებით მოითხოვა მიშენებული ფართის, 8.75კვ.მ-ის საბაზრო ღირებულების 100%-ის, აგრეთვე, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ №3 შენობა-ნაგებობაში (ფართით 21კვ.მ) ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების, 5502.99 ლარის ანაზღაურება. ამავდროულად, მოპასუხემ მოითხოვა, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ღირებულებაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

მოსარჩელეს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის (ფართით 40.5კვ.მ) საბაზრო ღირებულების, 13244 აშშ დოლარის 75%, რაც შეადგენდა 9933 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;

მ. ი-ს მოპასუხის სასარგებლოდ კიდევ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის (ფართით 21კვ.მ და 8.75კვ.მ) საბაზრო ღირებულების 100%, რაც შეადგენდა 7770 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარსა და 1500 ლარს;

დადგინდა, რომ მ. ი-ის მიერ ნ. კ-ის სასარგებლოდ 17703 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 1500 ლარის გადახდის შემდგომ ნ. კ-ის მფლობელობა შეწყვეტილიყო თბილისში, ც.დ-ის ქ.№115-117-ში მდებარე მ. ი-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე და სადგომი გადასცემოდა ამ უკანასკნელს.

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, 900 ლარი და ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, 50 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარემონტო სამუშაოების ღირებულების, 5502.99 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზემოთ დასახელებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისათვის აპელანტის სასარგებლოდ 5502.99 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000311113 დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ც. დ-ის ქ.N115-117-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N3-ის, შიდა ფართით 21.00კვ.მ, საბაზრო ღირებულება შეადგენდა 7770 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

საქმეზე დაკითხული ექსპერტის განმარტების შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება – 5502.99 ლარი, წარმოადგენდა უშუალოდ ჩატარებული სამუშაოების ღირებულებას, რომელიც არ უნდა დამატებოდა საბაზრო ღირებულების თანხას. განსახილველ შემთხვევაში, N3 შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება (7700 აშშ დოლარი) ითვალისწინებდა აგრეთვე, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებასაც და იგი დაანგარიშებული იყო შენობის მდგომარეობისა და უძრავი ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნა სადავოდ არ გაუხდია და იგი დაეთანხმა ექსპერტის განმარტებას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო უძრავი ქონების სარემონტო და გაუმჯობესებისათვის გაწეულ ხარჯებზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ აპელანტს (მოპასუხეს) სასამართლოსთვის არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც სასამართლო იმსჯელებდა ნივთის მდგომარეობაზე გარემონტებამდე და რემონტის შემდგომ, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის განსაზღვრა, თუ რა სამუშაოები ჩატარდა უძრავი ქონების მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების მიზნით. ის ფაქტი, რომ N3 შენობა-ნაგებობა უშუალოდ მოპასუხემ ააშენა, არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ ცალკე არ უნდა დაკისრებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებისათვის გაწეული ხარჯები 5502.99 ლარის ოდენობით, რადგან მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უკვე დაეკისრა ქონების საბაზრო ღირებულების გადახდა, რაც თავის თავში მოიცავდა ამ ქონებაზე გაწეულ გაუმჯობესების ხარჯებსაც სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით. სწორედ ამ გაუმჯობესების შედეგს წარმოადგენდა სხვაობა N2 და N3 შენობა-ნაგებობების ღირებულებებს შორის – კვადრატულ მეტრზე 43 აშშ დოლარის ოდენობით.

საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, მე-6 მუხლით, რომლის შესაბამისად, მესაკუთრე, რომელიც მოსარგებლეს მოსთხოვს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტას, ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარგებლეს მის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და არსებითი გაუმჯობესების ხარჯები საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნისა და განმარტების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ N3 შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება (7700 აშშ დოლარი) ითვალისწინებდა ასევე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებასაც და ის დაანგარიშებული იყო შენობის მდგომარეობისა და უძრავი ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, მითითებული თანხა მოიცავდა ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ კომპენსაციასაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ სწორად დააკისრა 17703 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის და 1500 ლარის გადახდა, მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისათვის კასატორის სასარგებლოდ ქ.თბილისში, ც. დ-ის ქ.№117-ში მდებარე №3 ფართზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების, 5502.99 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება და არასწორად შეაფასა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 4 თებერვლის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, №3 ნაგებობაზე (21კვ.მ) განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებაა 5502.99 ლარია, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 262 ლარს, ე.ი. დაახლოებით 158 აშშ დოლარს. იმ შემთხვევაში, თუკი სარემონტო სამუშაოების (გაუმჯობესებების) ღირებულება შეტანილი იქნებოდა შენობის საერთო ღირებულებაში (რაზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა და რაც აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა), მაშინ №2 და №3 ნაგებობებს შორის სხვაობა უნდა შეადგენდეს 158 აშშ დოლარს, ნაცვლად 43 აშშ დოლარისა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა ნ. კ-ის მოთხოვნა განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. კ-ეს (პირადი ნომერი – ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2013 წლის 11 ოქტომბერი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე