Facebook Twitter

№ას-955-913-2013 13 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ. ფ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ჯ-ამ მოპასუხე სს „ქ. ფ-ის“ მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხე ორგანიზაციისაგან სახელფასო დავალიანების – 14000 ლარისა და ანგარიშსწორების დაყოვნების გამო თანხის 0.07%-ის – 4037.60 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2003 წლის 15 მარტს, შპს კინოსტუდია „ე-ს-სა“ და სს „ქ. ფ-ს“ შორის დაიდო №1-2003 ხელშეკრულება – მხატვრული ფილმის „იყავ ნება შენის“ ერთობლივი წარმოების შესახებ.

2006 წლის 1 აგვისტოს, სს „ქ. ფ-სა“ (დირექტორი დ. ნ-ი) და მ. ჯ-ას შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, მ. ჯ-ა დაინიშნა სს „ქ. ფ-ის“ კ/ს „იყავნ ნება შენის“ ბუღალტრად. მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება გაფორმდა ფილმის წარმოების დამთავრებამდე.

სს „ქ. ფ-ის“ 2007 წლის 30 აპრილის №10-წ ბრძანების თანახმად, მხატვრული ფილმის ერთობლივი წარმოების შესახებ სს „ქ.ფ-სა“ და კინოსტუდია „ე-ს-სს“ შორის დადებული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, ქართული მხარისათვის (სს „ქ. ფ-ი“) მხატვრული ფილმის „იყავნ ნება შენის“ წარმოება ჩაითვალა დასრულებულად.

ამავე ბრძანებით, 2007 წლის 1 მაისიდან შეწყდა ყველა იმ პირთან დადებული ხელშეკრულება (შრომითი და ნარდობის კონტრაქტები), რომელთა საგანს წარმოადგენდა მხატვრული ფილმის „იყავნ ნება შენის“ შექმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება.

2011 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას, ა. დ-ის, ლ. ლ-ის, ი. კ-ის სარჩელი სს „ქ. ფ-ის“ მიმართ სს „ქ.ფ-ის“ 2007 წლის 30 აპრილის ბრძანების (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ) ბათილად ცნობისა და დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

მითითებულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მხარისათვის მხატვრული ფილმის, „იყავნ ნება შენის“ წარმოება დასრულდა 2007 წლის 30 აპრილს. 2007 წლის 30 აპრილის შემდეგ (სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ) მოპასუხე მხარეს – სს „ქ. ფ-ს“, დასახელებულ ფილმთან დაკავშირებით სხვა პირების მიღება არ განუხორციელებია. ვინაიდან საქართველოში გადაღებები დასრულდა და ქართული მხარისთვის ფილმის წარმოება დამთავრდა, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო (2007 წლის 30 აპრილის) ბრძანების მიღებისას კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა.

საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, მაშინ როდესაც სადავო პერიოდში მასთან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა, ხოლო მისი სარჩელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2007 წლის 30 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობისა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ჯ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივებული განჩინების გაუქმება.

კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგოა და ყალბ დოკუმენტებს ემყარება. ბრძანებები მას არ ჩაბარებია, რაც სასამართლომ არ გამოარკვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე