№ას-958-916-2013 13 იანვარი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ლ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა კ. ლ-მა.
განმცხადებლის მოთხოვნა:
დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ 24-ე ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 10 ნოემბრის №247 ბრძანებაში არსებული ჩანაწერი კ. გ. ძე ლ-ის სახელითა და გვარით ეკუთვნის პირადობის მოწმობით კ. ლ-ს.
განცხადების საფუძველი:
1992-1993 წლებში კ. ლ-ი იყო აფხაზეთის ომის მონაწილე. 24-ე ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 10 ნოემბრის №247 ბრძანებაში არასწორად ჩაიწერა მისი სახელი, კ.ის ნაცვლად კ. ამის გამო, განმცხადებელს ექმნებოდა პრობლემები ვეტერანის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის განჩინებით საქმეში დაინტერესებულ პირად მიწვეულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების განუხილველად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
განმცხადებელს პირადობის მოწმობა გააჩნია კ. ლ-ის სახელითა და გვარით.
განმცხადებელს ფაქტის დადგენა ესაჭიროება ვეტერანთა დეპარტამენტში წარსადგენად და ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.
სადაო 1993 წლის 10 ნოემბრის 24-ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანება ეკუთვნის პირადობის მოწმობით კ. ლ-ს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა კ. (კ.) ლ-ის სახელზე არსებული ყველა დოკუმენტაცია 1993 წლის 10 ნოემბრის 24-ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანებასთან დაკავშირებით.
2013 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა კ. (კ.) ლ-ის სახელზე არსებული ყველა დოკუმენტაცია 1993 წლის 10 ნოემბრის 24-ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანებასთან დაკავშირებით, ეს დოკუმენტები იყო: 1993 წლის 10 ნოემბრის 24-ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანება; ვიცე-პოლკოვნიკ გ. ჯ-ის წერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროს მ.დ-ი; საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამინისტრო 24-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 19 მარტის №54-1 ბრძანება.
ზემოაღნიშნული დოკუმნეტებით დგინდებოდა, რომ 24-ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანება ეკუთვნოდა პირადობის მოწმობით კ. (კ.) ლ-ს. არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარყვია ის გარემოება, რომ 1993 წლის 10 ნოემბრის 24-ე ბრიგადის მეთაურის მიერ კ. გ. ძე ლ-ე გაცემული №247 ბრძანება ეკუთვნოდა პირადობის მოწმობით კ. ლ-ს, იგი იმაზე დავობდა, რომ საქმის განხილვა სასარჩელო წესით უნდა მომხდარიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების, ც.კ-სა და ი.ს-ას ჩვენებებითაც დგინდებოდა, რომ 1993 წლის 10 ნოემბრის 24-ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანება კ. (კ.) ლ-ს ეკუთვნოდა.
კ. (კ.) ლ-მა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მან ვეტერანთა დეპარტამენტს აღნიშნულის თაობაზე სიტყვიერად მიმართა, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ სასამართლოსათვის უნდა მიემართა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით, რომლის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. მოხმობილი მუხლის კომენტარში მითითებულია, რომ პირები თავისუფლად სარგებლობენ ამა თუ იმ დოკუმენტით, როგორიცა მაგალითაც შრომის წიგნაკი, ცნობა მუშაობის შესახებ, განათლების თუ სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ., რომლებსაც აქვთ იურიდიული მნიშვნელობა. ზოგჯერ ამ დოკუმენტებში მითითებული სახელი, მამის სახელი, გვარი, არ ემთხვევა პასპორტში ან დაბადების მოწმოებაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. ამის მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია სახელის შემოკლებით აღვნიშვნა (მაგალითად გ. გ.ს ნაცვლად, ლ. ა. ნაცვლად და ა.შ.). ზოგჯერ, მოქალაქეები იცვლიან თავიანთ გვარს, მაგრამ არ ცვლიან დოკუმენტს და ა.შ.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ გარემოებას ჰქონდა ადგილი: 1993 წლის 10 ნოემბრის 24-ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანებაში შემოკლებით იყო შეტანილი პირის სახელი, ვისზეც ეს დოკუმენტი გაიცა, კერძოდ, იგი გაიცა კ. გ. ძე ლ-ე, მაშინ როცა ეკუთვნოდა კ. (კ.) ლ-ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე და 315-ე მუხლების მიხედვით, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამასთან განმცხადებელმა უნდა მიუთითოს, რა მიზნისთვის სჭირდება ამ ფაქტის დადგენა და უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების შეუძლებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში. უდავოდ დადგინდა, რომ კ. (კ.) ლ-მა ვეტერანთა დეპარტამენტს მიმართა სიტყვიერად, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ სასამართლოსათვის უნდა მიემართა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვერ მიუთითა იურიდიული ფაქტის დადგენით მისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე არ არსებობდა და ამდენად მოთხოვნა არ იქნებოდა განხილული სასარჩელო წესით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მის მიერ გამოთხოვილი მასალებიდან უდავოდ დგინდებოდა, რომ დოკუმენტი-ბრძანება, რომლის კ. ლ-ი კუთვნილების ფაქტის დადგენას ითხოვდა განმცხადებელი, წარმოადგენდა კ. ლ-ის უფლების დამდგენ საბუთს, კერძოდ, იგი ადგენდა, რომ 24-ე ბრიგადის მეთაურის მიერ 1993 წლის 10 ნოემბერს კ.გ. ძე ლ-ე გაცემული №247 ბრძანება ეკუთვნოდა პირადობის მოწმობით კ. ლ-ს. უდავო იყო, რომ განმცხადებელს მითითებული ჰქონდა იურიდიულ ინტერესზეც, რისთვისაც სჭირდებოდა 1993 წლის 10 ნოემბრის 24–ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანების მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა, კერძოდ, მას იგი სჭირდებოდა ვეტერანთა დეპარტამენტში წარსადგენად და ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერ დაასაბუთა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების განუხილველად დატოვება.
საკასაციო საჩივრის საფუძველი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო წესით. ამავე კოდექსის 313-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მოკლებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესაძლებლობას. ამ გადაწყეტილებით დადგინდა 24-ე ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 10 ნოემბრის №247 ბრძანების კ. ლ-ი კუთვნილების ფაქტი, თუმცა არსებობდა ხსენებული ბრძანების განმცხადებლისათვის მიკუთვნების სხვა სამართლებრივი მექანიზმი, კერძოდ, დაინტერესებულ პირს უნდა მიემართა აქტის გამომცემი ორგანოსათვის (თავდაცვის სამინისტროსათვის) და მოეთხოვა ბრძანებაში დაშვებული უსწორობის ან ცდომილების გასწორება. მიღებული გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლებლობა ექნებოდა, რომ დავა საერთო სამართალწარმოების წესით სასამართლოში ეწარმოებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე