№ას-1009-966-2013 24 იანვარი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ ს. ქ-ე, რ. ნ-ე, მ. ქ-ე, ბ. ქ-ე
მოპასუხე - დ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ქ-ემ, რ. ნ-ემ, მ. და ბ. ქ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. ა-ის, გ. მ-სა და შპს „ა. ლ-ის“ მიმართ შემდეგი დასაბუთებით: რ. ნ-ე და გ. ქ-ე 2009 წლის 25 ოქტომბრიდან ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2011 წლის 14 მაისს. 2011 წლის 26 მაისს შეეძინათ შვილი - ს. ქ-ე. 2011 წლის 2 ივლისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ.ქ-ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მისი ყოველთვიური შემოსავალი 8000 ლარს შეადგენდა. გ.ქ-ის მშობლები პენსიონერები არიან. შვილი მცირეწლოვანია.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის, ს., მ. და ბ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დ. ა-ეს და გ. მ-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად სარჩოს სანაცვლოდ 50000 ლარის ერთჯერადი ანაზღაურება დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.მ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გ.მ-ის მოთხოვნა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. 2013 წლის 29 ივლისს გ. მ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე. პალატამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, შეწყდა საქმის წარმოება და გ.მ-ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარი დაუბრუნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.მ-მა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2000 ლარი სრულად უნდა დაებრუნებინა. გ.მ-ს მთავარ სხდომაზე არ უთქვამს უარი სააპელაციო საჩივარზე. მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2013 წლის 15 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა წარდგენილია 2013 წლის 29 ივლისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით გ.მ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით 2013 წლის 15 აგვისტოს დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. 2013 წლის 29 ივლისს გ.მ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, უარი თქვა წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეწყდა. გ.მ-ს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა გ.მ-მა საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს მთავარ სხდომამდე მიმართა თუ მთავარ სხდომაზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის ეტაპზე დამოკიდებულია გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი).
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ გ.მ-მა სასამართლოს მთავარ სხდომამდე თქვა უარი სააპელაციო საჩივარზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, სააპელაციო პალატამ კი, მას არამართებულად დაუბრუნა სააპელაციო წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას, თუ მოსარჩელე სარჩელზე (კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტი სააპელაციო საჩივარზე) უარს მთავარ სხდომამდე იტყვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა 2013 წლის 15 აგვისტოს იყო ჩანიშნული, საქმის წარმოების შეწყვეტა გ.მ-მა კი, 2013 წლის 29 ივლისს მოითხოვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინება გ.მ-ის ბაჟის დაბრუნების ნაწილში და გ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 24 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1000 ლარი და 2013 წლის 14 ივნისს №02 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარი, ჯამში 2000 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 00 183 150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინება გ. მ-ის ბაჟის დაბრუნების ნაწილში და გ. მ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 24 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1000 ლარი და 2013 წლის 14 ივნისს №02 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარი, ჯამში 2000 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 00 183 150.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე