საქმე ას-1017-972-2013 24 იანვარი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ამხანაგობა „თ 88“ (წევრები: ზ. თ-ი, გ. ა-ე, ი. ა-ი, თ. ა-ი, ზ. ბ-ი, მ. ბ-ი, ი. ბ-ი, გ. ბ-ი, ქ. ბ-ი, მ. ბ-ი, ე. ბ-ა, ნ. გ-ი, თ. გ-ე, ნ. დ-ე, ჯ. დ-ი, მ. ე-ე, გ. თ-ე, თ. ი-ი, ს. კ-ე, ქ. კ-ა, ფ. კ-ა, მ. კ-ა, გ. ლ-ა, დ. ლ-ე, გ. მ-ე, ა. ყ-ი, თ. მ-ე, დ. მ-ე, გ. მ-ი, ბ. ნ-ი, ტ. ტ-ი, შ. ტ-ი, ც. ტ-ე, ფ. კ-ი, ნ. ჩ-ი, მ. შ-ი, ტ. ძ-ი, ა. ჭ-ი, ბ. წ-ი, მ. წ-ი, ნ. ჯ-ი, ნ. ჯ-ი, ნ. წ-ი, მ. ბ-ი, ნ. ს-ე, დ. მ-ი, ლ. ლ-ე, ქ. ქ-ე, ი. ხ-ე, ლ. მ-ი, გ. ხ-ე, ია ხ-ე, მ. ს-ე, ე. ლ-ე, ბ. ს-ე, მ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – წილზე უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „თ 88-ის“ მიმართ და წილზე უფლების აღიარება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით: „ქ.თბილისის საბურთალოს რაიონში თ-ის ქ. #7, 9,11,11ა, 16, 18, 19-ში მცხოვრებთა საბინაო საყოფაცხოვრებო პირობების მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ-ის ქუჩის მცხოვრებთა თხოვნა ბარაკული სახლების აღებისა და მათ ტერიტორიაზე კოლექტიური ამხანაგობის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1999 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ამხანაგობაში გაწევრიანების უფლება მიეცათ ბ. მ-სა და მის მშობლებს. ბ. მ-ე, როგორც ერთი სული, გაწევრიანდა სამოთახიანი ბინის მშენებლობის უფლებით, ხოლო მისი მშობლები ხუთოთახიანი ბინის მშენებლობის უფლებით. თბილისის საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1999 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „თ 88-ის“ შემოქმედებით სახელოსნოებში გაწევრიანდა ბ. მ-ე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ 88-ის“ გამგეობის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. მ-ე გაყვანილ იქნა ამხანაგობიდან.
ბ. მ-ის მიერ შენატანის სახით გადახდი. 31 000 მანეთი და რაისა არტემოვას დანგრეული ბინის ღირებულება, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, შესულია საერთო ხარჯთაღრიცხვაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სრულად აქვს შესრულებული შენატანის შეტანის ვალდებულება, რომლის სანაცვლოდაც მის მიერ მისაღები ფართია სამოთახიანი ბინა არანაკლებ 138.2 კვ.მ-ისა, არასაცხოვრებელი ფართი არანაკლებ 135.3 კვ.მ-ისა და ავტოფარეხი ფართით არანაკლებ 18 კვმ.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მათ სადავოდ გახადეს ამხანაგობაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი წილის ოდენობა, ასევე მის მიერ ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის ოდენობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, ბ.მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აპელანტს დაევალა განჩინებით დადგენილ ვადაში მიეთითებინა იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილი ჰქონდა გასაჩივრებული (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის რომელ პუნქტს ასაჩივრებდა და რა სახით ითხოვდა მის შეცვლას ახალი გადაწყვეტილებით). ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში უნდა წარმოედგინა დავის საგნის (დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებში) ამჟამინდელი საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ბ. მ-ის წარმომადგენელმა, დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ხოლო დავის საგნის ღირებულების განსაზღვრასთან და ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ წინამდებარე დავა - წილზე უფლების აღიარება, წარმოადგენდა არაქონებრივ დავას, შესაბამისად, ქონების ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი წარმოდგენილი ვერ იქნებოდა და ბაჟიც გადახდი. არაქონებრივი დავის შესაბამისად. აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.
პალატამ განმარტა, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება: #ას-1384-1306-2012; ას-476-452-2013).
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.05.2013წ. გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ 88-ის“ საკუთრებაში არსებული ქონებიდან სამოთახიან საცხოვრებელ ბინაზე ფართით არანაკლებ 138.2 კვ.მ, არასაცხოვრებელ ფართზე არანაკლებ 135.3 კვ.მ და ავტოფარეხზე ფართით არანაკლებ 18 კვ.მ წილის უფლების აღიარების შესახებ. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის (აპელანტის) საბოლოო იურიდიული ინტერესია ზემოთმითითებულ ქონებებზე უფლების მოპოვება. განსახილველი დავის მიმართ აპელანტის ქონებრივი ინტერესი სახეზეა და, შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა.
რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ წინამდებარე დავაზე მხარეები სახელმწიფო ბაჟს ყოველთვის იხდიდნენ როგორც არაქონებრივზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.04.2012წ. განჩინებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლითაც აპელანტ ამხანაგობა „თ 88-ს“ თავმჯდომარე ზ. თ-ი, წევრები: ი. კ-ე, ფ. კ-ი და სხვები, წილზე უფლების აღიარების ნაწილში დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც გადახდილი იქნა აპელანტის მიერ (იხ:; განჩინება ტ. VIII, ს.ფ. 3-5, სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, ტ. VIII, ს.ფ.20). რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.07.2012წ. განჩინება კასატორის მიერ წილზე უფლების აღიარების ნაწილში გასაჩივრებული არ ყოფილა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.07.2012წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ანუ კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში, ამდენად, სახელმწიფო ბაჟი მხარემ გადაიხადა არაქონებრივი დავის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. აღნიშნული ნორმა სპეციალური ნორმაა და იმპერატიული ხასიათისაა. შესაბამისად, თუ მხარე არ ითხოვს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელებას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გააგრძელოს ეს ვადა. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტის მიერ დაწესებული ხარვეზი არ არის შევსებული, კერძოდ, არ არის დავის საგნის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი და შესაბამისი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აპელანტს არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. მ-ემ და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არა ნივთის გადაცემა ან მიწოდება, არამედ წილზე უფლების აღირება. აღნიშნული სარჩელი თავისი ბუნებით აღიარებითია და არ ატარებს ქონებრივ ხასიათს, ვინაიდან მოთხოვნას წარმოადგენს უფლება და არა კონკრეტული ქონება. განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანი ის არის, რომ აქვს თუ არა ბ.მ-ეს უფლება მომავალში მოითხოვოს გარკვეული ფართის საკუთრებაში გადაცემა. შესაბამისად, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის დოკუმენტი წარდგენილი ვერ იქნებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენი. ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა იმის მითითება თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის რომელ პუნქტს ასაჩივრებს და რა სახით ითხოვს მის შეცვლას ახალი გადაწყვეტილებით). ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დავის საგნის (დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებში) ამჟამინდელი საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით წარდგენა.
2013 წლის 16 აგვისტოს აპელანტის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ბ.მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა და მიუთითა, რომ ბ.მ-ის მოთხოვნას წარმოადგენს უფლება და არა კონკრეტული ქონება. ამასთან, ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.
აღნიშნული განცხადების განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ.მ-ემ არ შეავსო ხარვეზი და 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინებით განუხილველი დატოვა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა განსახილველი დავის უფლებრივ დავად მიჩნევის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია წილზე უფლების აღიარება. აქედან აშკარაა, რომ აპელანტის მოთხოვნას მოცემულ შემთხვევაში საფუძვლად უდევს ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა და შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე