Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1023-977-2013 27 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ფ. ჯ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. მ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარკვეული პირობებით გარიგების დადების ფაქტის აღიარება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. მ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ. ჯ-ას“ მიმართ და მოითხოვა, აღიარებულ იქნას მოსარჩელის მიერ 2012 წლის აგვისტოს, სექტემბერსა და ოქტომბერში მოპასუხისათვის სარეკლამო მომსახურების გაწევის ფაქტი ხელშეკრულების, მ-ა-გეგმებისა და მასში მხარეთა მიერ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისროს გაწეული მომსახურების საფასურის – 243707,76 ლარის, ასევე პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს გაუწია სარეკლამო მომსახურება, რისი საფასურიც ამ უკანასკნელს არ გადაუხდია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას მხარეთა შორის სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, თუმცა სადავოდ მიიჩნია დავალიანების ოდენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ს. მ-ას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა შპს „ს. მ-ას“ მიერ 2012 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების განმავლობაში შპს „ფ. ჯ-ის“ სარეკლამო მომსახურების გაწევის ფაქტი ხელშეკრულების, მ-ა-გეგმების და მასში მხარეთა მიერ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის აგვისტოს, სექტემბერსა და ოქტომბერში გაწეული მომსახურების საფასურის – 243 707.76 ლარის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 25 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2012 წლის აგვისტოს მომსახურების საფასურის – 105 698.09 ლარის 0.1%-ის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 18 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2012 წლის სექტემბრის მომსახურების საფასურის – 121 582. 22 ლარის 0.1%-ის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2012 წლის ოქტომბრის მომსახურების საფასურის – 16 427.45 ლარის 0.1%-ის გადახდა, მოპასუხე შპს „ფ. ჯ-ას“ ასევე დაეკისრა 2012 წლის 25 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2012 წლის აგვისტოს მომსახურების საფასურის – 105 698.09 ლარის წლიური 8%-ის, 2012 წლის 18 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2012 წლის სექტემბრის მომსახურების საფასურის – 121 582. 22 ლარის წლიური 8%-ისა და 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2012 წლის ოქტომბრის მომსახურების საფასურის – 16 427.45 ლარის წლიური 8%-ის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 364-ე მუხლით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს „ფ. ჯ-ას“ წარმომადგენელ კ. ყ-ს ხელზე 2013 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო ჩაბარებიდან მეორე დღეს – 2013 წლის 5 აგვისტოს და ამოიწურა 2013 წლის 19 აგვისტოს. შპს „ფ. ჯ-ას“ წარმომადგენლებმა – კ. ყ-მა და ვ. გ-მა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2013 წლის 9 სექტემბერს, რითაც დაარღვიეს კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაა, თუმცა იგი შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება უნდა მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში შპს „ფ. ჯ-ას“ საპროცესო უფლება – გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით კანონით დადგენილ ვადაში რეალიზებული არ იქნა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ფ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დარჩეს განუხილველად, რადგან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ფ. ჯ-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2013 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა ამავე წლის 9 სექტემბერს. ფაქტობრივად, შპს „ფ. ჯ-ას“ წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადდა 2013 წლის 4 სექტემბერს, საქმის განმხილველი მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ სასამართლო კანცელარიის მეშვეობით და იმავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი, თუმცა დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა და ხელწერილზე, 4 სექტემბრის ნაცვლად, არასწორად მიეთითა 4 აგვისტო. აღნიშნულ შეცდომას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2013 წლის 4 აგვისტო იყო კვირა, არასამუშაო დღე, შესაბამისად, ასეთ დროს სასამართლო მხარეს გადაწყვეტილებას ვერ ჩააბარებდა.

ამასთან, კერძო საჩივარს დაერთო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის, რომლის თანახმად მხარისათვის გადაცემულ გადაწყვეტილების ასლზე დასმულია შტამპი თარიღით – 2013 წლის 8 აგვისტოს, შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლი მხარეს ამავე წლის 4 აგვისტოს ვერ გადაეცემოდა.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღს, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა 2013 წლის 9 სექტემბერზე მაშინ, როცა სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო ქვითრით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 6 სექტემბერს, კანონით დადგენილ ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ფ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შპს „ფ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება შპს „ფ. ჯ-ას“ წარმომადგენელს ჩაბარდა 2013 წლის 4 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა 2013 წლის 9 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმის მასალები და მიიღო არასწორი განჩინება, როდესაც განუხილველად დატოვა შპს „ფ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი, კერძოდ:

სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეები იყო 2013 წლის 14-24 აგვისტო. მითითებულ ვადაში აპელანტის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად მიმართვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილიდან ირკვევა, რომ შპს „ფ. ჯ-ას“ წარმომადგენლემა კ.ყ-მა (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებითა და თავად კერძო საჩივრის ავტორის მითითებით) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად, სასამართლოს შენობაში ჩაიბარა 2013 წლის 4 აგვისტოს, თუმცა საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ხელწერილში მითითებული თარიღი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან 2013 წლის 4 აგვისტო იყო არასამუშაო, კვირა დღე, შესაბამისად, სარწმუნოა, რომ ამ დღეს სასამართლო მხარეს გადაწყვეტილებას ვერ ჩააბარებდა.

ამასთან, კერძო საჩივარს დაერთო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომლის თანახმად მხარისათვის გადაცემულ გადაწყვეტილების ასლზე დასმულია შტამპი თარიღით – 2013 წლის 8 აგვისტო, აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების ასლი მხარეს ამავე წლის 4 აგვისტოს ვერ გადაეცემოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება შპს „ფ. ჯ-ას“ მითითებას, რომ მას გადაწყვეტილება 2013 წლის 4 აგვისტოს ვერ ჩაბარდებოდა, თუმცა სასამართლო უპირობოდ ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს, რომ მას გადაწყვეტილება გადაეცა ამავე წლის 4 სექტემბერს, რადგან აღნიშნული ფაქტის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. აქვე აღსანიშნავია, რომ აპელანტის მიერ 2013 წლის 4 სექტემბერს სადავო გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს შპს „ფ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან მითითებული თარიღი განეკუთვნება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდეგ პერიოდს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის თანახმად, შპს „ფ. ჯ-ას“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში არ მიუმართავს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2013 წლის 24 აგვისტოს. აღნიშნული მომენტიდან კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 6 სექტემბერს.

დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია შპს „ფ. ჯ-ას“ მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღთან დაკავშირებითაც, კერძოდ, მართალია, სააპელაციო სასამართლოს შტამპით ირკვევა, რომ სასამართლოში სადავო სააპელაციო საჩივარი შევიდა 2013 წლის 9 სექტემბერს, თუმცა სააპელაციო საჩივარს ერთვის საფოსტო ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 365), რომლის თანახმად, გზავნილი ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 6 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებული განჩინების არგუმენტი შპს „ფ. ჯ-ას“ მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით და საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოცემული საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ფ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე