საქმე №ას-1029-983-2013 27 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ-ა“ (ძირითად სარჩელზე –მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ბ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, სხვაობის დაკისრება (ძირითად სარჩელზე), ვალდებულების არარსებობის ფაქტის აღიარება (შეგებებულ სარჩელზე)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ყოველთვიური სარჩოს სახით 2013 წლის მარტიდან „ვაგონების შემადგენლის“ ხელფასის 80%-ის 480 ლარის გადახდა, ასევე, 2010 წლის მარტიდან 2013 წლის მარტამდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 4968 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს კ. ბ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა იმ ფაქტის აღიარება, რომ სს „ს. რ-ას“ კ. ბ-ის მიმართ რაიმე ვალდებულება არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც სს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2591 მუხლით და დაადგინა, რომ 2013 წლის 4 ივნისის სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელე კ. ბ-ი, ასევე მოპასუხე (აპელანტი) სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელი – გ. რ-ი. სარჩელზე არსებითი განხილვა დასრულდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2013 წლის 27 ივნისს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს (მოსარჩელეს და მოპასუხეს) ჩამოერთვათ ხელწერილი.
2013 წლის 27 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, თუმცა აღნიშნულის თაობაზე ისინი ინფორმირებულები იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელ გ. რ-ს ჩაბარდა პირადად 2013 წლის 13 ივლისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, 2013 წლის 13 ივლისს.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვალა 2013 წლის 14 ივლისიდან 2013 წლის 27 ივლისამდე, ბოლო დღე კი დაემთხვა შაბათს, შესაბამისად, სასამართლომ გასაჩივრების ვადა ამოწურულად ჩათვალა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს – 29 ივლისს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაგვიანებით – 2013 წლის 30 ივლისს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია. აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ს. რ-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სს „ს. რ-ამ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 13 ივლისს მაშინ, როდესაც აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, შაბათს. ამასთან, კერძო საჩივარზე დართული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის თანახმად, მხარისათვის გადაცემულ გადაწყვეტილების ასლზე დასმულ შტამპზე მითითებულია 2013 წლის 19 ივლისი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილების ასლი მომზადდა 2013 წლის 19 ივლისს და იგი მხარეს ამავე წლის 13 ივლისს ვერ გადაეცემოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელს ჩაბარდა 2013 წლის 13 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი ამ უკანასკნელმა შეიტანა 2013 წლის 30 ივლისს, რა დროსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი ვადა დაარღვია.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაუქმდეს შემდეგი მოტივებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების სს „ს. რ-ის“ წარმომადგენელ გ. რ-ის (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია ს.ფ. 62-ზე წარმოდგენილი მინდობილობით და სადავოდ არ გამხდარა) ჩაბარების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით (ს.ფ. 96), რომელზეც გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტად დასმულია 2013 წლის 19 ივლისი. სააპელაციო პალატამ კი აღნიშნული თარიღი არასწორად მიიჩნია 2013 წლის 13 ივლისად და ამ მომენტიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა არასწორად ათვალა.
საკასაციო სასამართლოს ხსენებულ მოსაზრებას ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებაც, რომ 2013 წლის 13 ივლისი იყო არასამუშაო დღე, შაბათი, რა დროსაც სასამართლო მხარეს გადაწყვეტილების ასლს ვერ გადასცემდა. ამასთან, კერძო საჩივარს ერთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომელზეც დასმულ შტამპზე მითითებულია თარიღი – 2013 წლის 19 ივლისი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ხსენებულ დროს ხელმეორედ გაცემის ფაქტი საქმის მასალებიდან არ დასტურდება, შესაბამისად, 2013 წლის 19 ივლისით დათარიღებული გადაწყვეტილების ასლი ამავე წლის 13 ივლისს მხარეს ვერ გადაეცემოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს „ს. რ-ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების ასლის 2013 წლის 19 ივლისს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში ჩაბარების პირობებში სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ბოლო დღეს წარმოადგენდა 2013 წლის 2 აგვისტო. სს „ს. რ-ამ“ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2013 წლის 30 ივლისს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით უკანონოა, უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე