საქმე №ას-1035-989-2013 10 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა. ჯ. ლ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი“, გ. კ-ი, მ. კ-ი, თ. ძ-ე, ვ. ძ-ე, მ. გ-ი, გ. ა-ი, ი. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გენერალური და სალიზინგო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა. ჯ. ლ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ის“, გ. კ-ის, მ. კ-ის, თ. ძ-ის, ვ. ძ-ის, მ. გ-ის, გ. ა-სა და ი. კ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე შპს „ბ-სა” და მოსარჩელე შპს „ა. ჯ. ლ-ს“ შორის დადებული ყველა გენერალური და მისი შემადგენელი სალიზინგო ხელშკერულებების, შეთანხმებისა და მორიგების აქტის შეწყვეტილად ცნობა, მოპასუხეების – შპს „ბ-ის“, გ. კ-ის, მ. კ-ის, თ. ძ-ის, ვ. ძ-ის, გ. ა-სა და ი. კ-ის სოლიდარულად 65 695,16 ლარის დაკისრება.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა ვალდებულებას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადნენ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შპს „ა. ჯ. ლ-ის“ წარმომადგენელ ე. ხ-ის ხელწერილით დასტურდება, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 5 ივლისს.
საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმით ასევე დასტურდება, რომ მას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი ე. ხ-ე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 1 ივლისს და ამოიწურა 2013 წლის 15 ივლისს.
სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა 2013 წლის 18 ივლისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ა. ჯ. ლ-ის“ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ა. ჯ. ლ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადა. რეალურად მოცემულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება დაბეჭდილ და ხელმოწერილ იქნა 2013 წლის 4 ივლისს, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ შპს „ა. ჯ. ლ-ს“ ვერ ჩაბარდა გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრულ ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ ხელწერილს, რომლითაც დადასტურებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი. აღნიშნული ხელწერილის ბოლოს განთავსებულია სპეციალური ნაწილი, სადაც აღინიშნება მხარისათვის გადაწყვეტილების დროულად გადაუცემლობის შესახებ. აღნიშნული გრაფით დადასტურებულია ის გარემოება, რომ შპს „ა. ჯ. ლ-ს“ კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რასაც ადასტურებს და ხელს აწერს მოსამართლე თ.უ-ის თანაშემწე ნ.გ-ი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიზეზით ჩაბარდა დაგვიანებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, არამედ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ მხარეს სასამართლოს მიზეზით შეუმცირდა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ჯ. ლ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი. ამასთან, ასეთი პირისათვის არ არსებობდა საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ის საგამონაკლისო გარემოება, როდესაც სასამართლოს უნდა უზრუნველეყო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება. აქედან გამომდინარე, შპს „ა. ჯ. ლ-ის“ წარმომადგენელს ევალებოდა არა უადრეს 2013 წლის 20 ივნისისა (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე) და არა უგვიანეს 30 ივნისისა (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე) გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში საააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა დაიწყებოდა 2013 წლის 30 ივნისს (გასაჩივრების პირველი დღე) და ამოიწურებოდა 13 ივლისს, თუმცა, ვინაიდან 2013 წლის 13 ივლისი წარმოადგენდა უქმე დღეს, გასაჩივრების ბოლო ვადად უნდა მიჩნეულიყო 2013 წლის 15 ივლისი, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომელიც ეხება იმ საკითხის გამორკვევას, ჰქონდა თუ არა სასამართლოს მზად დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება, დასაბუთებულია და ამ თვალსაზრისით სრულად არ იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოს მზად აქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ ვარაუდის გაქარწყლება სათანადო მტკიცებულებებით ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილება. ასეთ მტკიცებულებად ვერ გამოდგება მხოლოდ მხარის განმარტება, არამედ ამისათვის წარდგენილ უნდა იქნეს სარწმუნო მტკიცებულებები. კერძო საჩივრის ავტორი ერთ-ერთ ასეთ მტკიცებულებად უთითებს საქმეში წარმოდგენილ ხელწერილს, რომელშიც მისი აზრით სასამართლოს უფლებამოსილი მოხელე თავისი ხელმოწერილით ადასტურებს სასამართლოს ბრალით მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის ფაქტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე ხელახლა განსახილველად, ამასთან, სასამართლომ სრულყოფილად და ყოველმხრივ უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცვის დასადგენად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა. ჯ. ლ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე