№ას-1036-990-2013 13 იანვარი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ. კ-ა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - რ. ფ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაშჲ გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში, აწგარდაცვლილ ს. ჟ-ას საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან, თბილისში, ც. ძ-ის ქუჩა #7 მისამართზე მდებარე ლიტერი „ბ“ შენობის ნაწილის - 22 მ2 ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელე ვ. კ-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
გარდაცვლილ ს. ჟ-ას საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან, თბილისში, ც. ძ-ის ქუჩა #7 მისამართზე მდებარე ლიტერი „ბ“ შენობის ნაწილის - 22 მ2 ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებისათვის - უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ ცნობს მოსარჩელე ვ. კ-ას და მესამე პირების ნ. და ნ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნებს. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ორივე სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
მე-3 პირი რ. ფ-ე მხარს უჭერს მხოლოდ ვ. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. კ-ა ცნობილ იქნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში, გარდაცვლილ ს.ა ჟ-ას საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან, თბილისში, ც. ძ-ის ქუჩა #7 მისამართზე მდებარე ლიტერი „ბ“ შენობის ნაწილის - უმკვიდრო 22 მ2 ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ნ. და ნ. ს-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ნ. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნ. და ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ განიხილა ნ.ს-ას განცხადება სხდომის გადადების შესახებ და მოწინააღმდეგე მხარის ვ.კ-ას წარმომადგენლის ნ.მ-ის შუამდგომლობა ნ. ს-ას და ნ. ს-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 216-ე, 275-ე მუხლის „გ“ პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ აპელანტის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. დადგენილია, რომ აპელანტებს და მათ წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი განცხადება სხდომის გადადების თაობაზე არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული პაციენტის დიაგნოზი იწვევს თუ არა სავალდებულო წოლით რეჟიმს. სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე იქნა გადადებული სხდომა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის განხილვის გაჭიანურების ეჭვი, რაც გამორიცხავს საქმის გადადების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებას. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ს-ამ შემდეგი დასაბუთებით: წარმოდგენილ ცნობაში მითითებული იყო, რომ აპელანტების წარმომადგენელს აღენიშნებოდა ჰიპერტონული კრიზი, თავის ტკივილები, ჰაერის უკმარისობა, რამაც პაციენტს საშუალება წაართვა მონაწილეობა მიეღო 2013 წლის 17 სექტემბრის სასამართლო განხილვაში. ჯანმრთელობის შესახებ ცნობა წარდგენილ იქნა სხდომამდე 3 საათით ადრე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ას წარმომადგენლის გ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. სადავოა, უნდა გაეთვალისწინებინა თუ არა სააპელაციო სასამართლოს გ.შალამბერიძისს მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის ცნობა და უნდა გადაედო თუ არა აღნიშნული ცნობის საფუძველზე საქმის განხილვა სხვა დროისათვის.
კერძო საჩივარში განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებულია, რომ წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ავადმყოფობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 16 სექტემბრის ცნობა გ.შ-ის ჯანმრთელობის შესახებ.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო მოპასუხე არ შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ მან სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო საპატიო მიზეზით - ავადმყოფობის გამო. საქმეში წარმოდგენილი გ.შ-ის ჯანმრთელობის ცნობით დგინდება, რომ გ.შ-ეს 2013 წლის 16 სექტემბერს აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, თაბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა პირღებინებით, ჰაერის უკმარისობა და ა.შ.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ მითითებული დოკუმენტი არ ადასტურებს, რომ წარმომადგენელმა მიიღო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ამასთან, არ დასტურდება მისი უუნარობა გამოცხადებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ს-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბერის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე