№ას-1042-996-2013 24 იანვარი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ. და ვ. ბ-ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წელის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ. ბ-ას და ვ. ბ-ას სს ,,ს. ბ-ის“ სასარგებლოდ 2009 წლის 14 ივლისის #015739-685015 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 5 304,12 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ; მოპასუხეებს მ. ბ-ას და ვ. ბ-ას სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ 2009 წლის 14 ივლისის #015739-685015 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 821,52 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ; მოპასუხეებს მ. ბ-ას და ვ. ბ-ას სს ,,ს. ბ-ის“ სასარგებლოდ 2009 წლის 14 ივლისის #015739-685015 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 100 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ; მოპასუხეების მ. ბ-ას და ვ. ბ--ის სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით ზესტაფონში, მ-ის ქ. #7-ში მდებარე მ. ბ-ას კუთვნილი იპოთეკით დატვირთული მე-18 ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზცია დადგინდა. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოპასუხეების მ. ბ-ას და ვ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე მიექცევა აღსრულება; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ხოლო მ. ბ-ას წარმომადგენლის კ. შ-ის ხელწერილით დასტურდება, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 15 ივლისს. საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმით ასევე დასტურდება, რომ მას ესწრებოდა მოპასუხეები ვ. ბ-ა და მ. ბ-ა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–60 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის მე–2 ნაწილით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს 11 ივლისს დაიწყო და 2013 წლის 24 ივლისს ამოიწურა. მ. ბ-ას და ვ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში ფოსტის მეშვეობით 2013 წლის 26 ივლისს იქნა წარდგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ბ-ამ და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადა 2013 წლის 25 ივლისი იყო. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარი 2013 წლის 25 ივლისს ფოსტის მეშვეობით იქნა წარდგენილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-სა და ვ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადა 2013 წლის 25 ივლისს იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი - კ. შ-ე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მ.ბ-ა ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყო, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, მხარე არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 11 ივლისს დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2013 წლის 24 ივლისს ამოიწურა. დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2013 წლის 26 ივლისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, მ. ბ-ამ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე