№ას-1048-1002-2013 24 იანვარი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „მ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ო-ე“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ო-ეს“ დირექტორმა ო. ჩ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შპს „მ-ის“ მიმართ და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ო-ეს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „მ-ს“ მის სასარგებლოდ 60 502 ლარისა და 10140 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 2 ივლისს სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ მხარეები, მათ შორის, შპს „მ-ის“ წარმომადგენელი გ. ნ-ი. ამავე სხდომაზე მიღებული განჩინებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2013 წლის 9 ივლისს. ამდენად, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 29 ივლისი, ხოლო 30-ე დღე 8 აგვისტო. მხარეს შეეძლო მითითებულ პერიოდში სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2013 წლის 8 აგვისტოს და 2013 წლის 21 აგვისტოს ამოიწურა. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2013 წლის 23 აგვისტოს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც საპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „მ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: მოვლენის დადგომას, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების ჩაბარებას თუ ჩაუბარებლობას ადგილი ჰქონდა 2013 წლის 9 ივლისიდან 30-ე დღეს ანუ 2013 წლის 8 აგვისტოს. შესაბამისად, საპროცესო ვადის დინება ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის თანახმად 2013 წლის 9 აგვისტოს დაიწყო და ამავე წლის 22 აგვისტოს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, ფოსტის მეშვეობით წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადა 2013 წლის 22 აგვისტოს იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამო-ადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამო-ადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნულ პროცესს, რაზედაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამო-ადება გადაიდო 2013 წლის 9 ივლისისათვის ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, შპს „მ-ის“ წარმომადგენელი ვალდებული იყო, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, მხარე არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 8 აგვისტოს დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2013 წლის 21 აგვისტოს ამოიწურა. დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2013 წლის 23 აგვისტოს (სააპელაციო საჩივრის 2013 წლის 22 აგვისტოს წარდგენითაც იქნებოდა გასაჩივრების ვადა დარღვეული).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, შპს „მ-მა“ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე