Facebook Twitter

№ას-1060-1011-2013 24 იანვარი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ს. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ო. ხ-ი, კ.ს „გ. გ-ი და კ-ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკადასტრო ნახაზის, საკადასტრო კოდის და იუსაიდის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა, რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებში ცვლილებების შეტანა, ღობის მოშლა და სასაზღვრო მიჯნის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ხ-სა და კ.ს. ,,გ. გ-ი და კ-ას“ მიმართ და საკადასტრო ნახაზის, საკადასტრო კოდის და იუსაიდის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა, რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებში ცვლილებების შეტანა, ღობის მოშლა და სასაზღვრო მიჯნის აღდგენა მოითხოვა.

მოპასუხე ო. ხ-მა სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან მას ტექინვეტარიზაციის მასალების საფუძველზე საჯარო რეესტრში 2001 წლიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს 0.056 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან მას მიჯნა არ დაურღვევია. მასსა და მოსარჩელეს შორის არსებული საზღვარი არ შეცვლილა 1938 წლიდან.

მოპასუხე კს ,,გ-ი და კ-ან” სასამართლოში შესაგებელი არ შემოსულა და არც სამართლო სხდომაზე გამოცხადდა მისი წარმომადგენელი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ს. თ-ის გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. თ-ის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის, ო. ჩ-ის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა. ს. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ს.თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ს. თ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ს. თ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საჩივარზე, საქმის წარმოება შეწყდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობროვი გარემოებები: 2013 წლის 12 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორმა ს. თ-მა უარი განაცხადა საჩივრის განხილვაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ანალოგიით, შესაძლებელია საჩივრის ავტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და ს. თ-ის საჩივარზე, რომელიც წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე შეწყდეს წარმოება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.თ-მა და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: ს.თ-სა და მის წარმომადგენელს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. სასამართლო ოქმში ასახული არ არის სხდომის მიმდინარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. თ-ის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის, ო. ჩ-ის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა. ს. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ს.თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ს. თ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ს. თ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საჩივარზე, საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს.თ-მა.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა არ დაუყენებია. კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია კერძო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ს. თ-მა და მისმა წარმომადგენელმა ნ. გ-ემ 2013 წლის 12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე უარი თქვეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარზე. ამასთან, შუამდგომლობის ავტორებს განემარტათ საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი 17:06-17:07; 17:34-17:36).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის ავტორის შუამდგომლობის საფუძველზე, საჩივართან დაკავშირებით მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბერის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე