Facebook Twitter

№ას-1063-1014-2013 24 იანვარი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,ბ XXI“

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური მეწარმე რ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ბ. XXI-ის“ მიმართ და სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვა მოითხოვა.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ბ XXI-ს“, სასაქონლო ნიშნის - „ბ XXI-ის“ გამოყენებით საკონდიტრო ნაწარმით ვაჭრობის მომსახურების შეთავაზება ან გაწევა, მათ შორის - სასაქონლო ნიშნის - „ბ XXI-ის“ გამოყენება საკონდიტრო მაღაზიის დასახელებად აეკრძალა. შპს „ბ XXI-ს“, სიტყვიერი აღნიშვნის - „ბ XXI-ის“ შემცველი აბრის ჩამოხსნა საკონდიტრო მაღაზიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გ-ის ”ა” მიკრორაიონი, ვ-ას ქ. №12) შესასვლელიდან და მისი განადგურება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბXXI-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით „ბ XXI-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გასაჩივრებილი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2013 წლის 23 ივლისს, რომლის გამოცხადებასაც არ ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი, თუმცა სასამართლო უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა. შესაბამისად, მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 22 აგვისტოდან დაიწყო (გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღე) და 2013 წლის 4 სექტემბერს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაგვიანებით - 2013 წლის 16 სექტემბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბ XXI-მა“ და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორმა ვერ ჩაიბარა სასამართლოს ბრალით, ვინაიდან, დადგენილ ვადაში მხარისათვის გადასაცემად მზად არ იყო. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2013 წლის 4 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ XXI-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბ XXI-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადა 2013 წლის 18 სექტემბერს იწურებოდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს, რომელზედაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2013 წლის 23 ივლისს გადაიდო ესწრებოდა შპს „ბ XXI-ის“ დირექტორი - გ. ა-ი და მისი წარმომადგენელი ბ. ხ-ი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, კერძო საჩივრის ავტორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყო, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, მხარე არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 22 აგვისტოს დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2013 წლის 4 სექტემბერს ამოიწურა. დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2013 წლის 16 სექტემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, შპს „ბ XXI-მა“ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ბ XXI-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე