Facebook Twitter

№ას-1064-1015-2013 10 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – პ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. მოპასუხე პ. გ-ს შ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2250 აშშ დოლარის გადახდა;

2. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა პ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ი-ის ქ.371-ში მდებარე ბინა №4.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. ფ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 6 აგვისტოს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს „საქართველოს ფოსტის“ #000040 ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და შ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით შ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 24 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 6 აგვისტოს, ხოლო, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2013 წლის 7 აგვისტოს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 6 აგვისტოს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს „საქართველოს ფოსტის“ #000040 ქვითარი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 9). აღნიშნული მტკიცებულებისა და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის (ტომი 1, ს.ფ. 131) შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საფოსტო ქვითარში მითითებული #8962807 შეკვეთილი წერილით შპს „საქართველოს ფოსტას“ ჩაბარდა სწორედ შ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საფოსტო კონვერტზე მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი ემთხვევა შეკვეთილი წერილის ზემოხსენებულ ნომერს. საფოსტო ქვითარზე დასმული ბეჭდით კი, დასტურდება, რომ შ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 6 აგვისტოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 6 აგვისტოს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გასულად ვერ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, შ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობს, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და შ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმე შ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე