№ას-1090-1039-2013 10 იანვარი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით:
1. სს „ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. შპს „თბილისის საარბიტრაჟო-სამომრიგებლო პალატის“ მიერ 2009 წლის 14 აპრილს გაცემული №497-2009 სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, თ-ის ქ.№13ა-ს „ა“ კორპუსის მე-3 სადარბაზოში, მე-15 სართულზე მდებარე ბინა №169.
3. ლ. მ-ს სს „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟის, 870 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით:
1. ლ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
2. ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. მ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მას უსაფუძვლოდ უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ გააჩნია, ასეთ ვითარებაში კი, სამართალწარმოებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლისა და ზოგადად სამართალწარმოების პრინციპებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა:
ა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში;
ბ. სახელმწიფო ბაჟის სახით 1160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ს.ფ. 183-184).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ. 190-191).
2013 წლის 7 ოქტომბერს აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ამასთან, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო (ს.ფ. 194-202).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ლ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 204-206).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტი უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მას არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის განთავისუფლება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. ასეთი შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამასდასტურებელი მტკიცებულებები. უფრო მეტიც, აპელანტი კერძო საჩივარშიც არ უთითებს, თუ საქმეში არსებული რომელი მტკიცებულებები ასაბუთებენ მის გადახდისუუნარობას, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამასთან, მას არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოუთხოვია.
არასწორია კერძო საჩივრის ავტორის მიერ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევაზე აპელირება, ვინაიდან კანონი აწესებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი არ იქნება შევსებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ კანონით გათვალიწინებული მოთხოვნის შესრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე