№ას-1096-1044-2013 9 იანვარი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა-მა“ ახალციხის რაიონულ სასამართლოს შპს „მ-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მოპასუხისათვის 122 547,641 ლარის გადახდის დაკისრება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,მ-ს’’ მოსარჩელე შპს ,,ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 67 664 66 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,მ-ის’’ წარმომადგენელმა გ. ნ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პაალტის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტ, შპს ,,მ-ის“ წარმომადგენლის, გ. ნ-ის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. შესაბამისად, აპელანტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2013 წლის 4 აგვისტოს და ამოიწურა იმავე წლის 17 აგვისტოს, რომელიც იყო დასვენების დღე შაბათი, ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოეწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 19 აგვისტოს, რომელიც იყო ორშაბათი. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დგინდება, რომ შპს ,,მ-ის“ წარმომადგენელმა, გ. ნ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით 2013 წლის 23 აგვისტოს, ანუ გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ მიმართა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „მ-ის“ წარმომადგენელმა გ. ნ-მა. მისი მითითებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 9 ივლისს გამოცხადდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 23 აგვისტოს ამოიწურა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე კერძო საჩივრის ავტორის მითითებების ფარგლებში იმსჯელოს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 9 ივლისს გამოცხადდა.
საქმეში წარმოდგენილია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავად გადაწყვეტილებაც დათარიღებულია 2013 წლის 4 ივლისით. მართალია, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას შპს „მ-ის“ წარმომადგენელი არ დასწრებია, მაგრამ, როგორც სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, საქმის მასალების მიხედვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისს დანიშნულ მთავარ სხდომას ესწრებოდა შპს ,,მ-ის“ წარმომადგენელი, გ. ნ-ი (ს.ფ. 78-91). 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით დგინდება, რომ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2013 წლის 28 ივნისს 17:00 საათზე (განჩინება ტ.1, ს.ფ.90-91). 2013 წლის 28 ივნისის სატელეფონო აქტით ირკვევა, რომ გ. ნ-ს ეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 2013 წლის 4 ივლისს 11:00 საათზე გადადების თაობაზე (ტ.1, ს.ფ.94), ამდენად, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და დრო (ტ.1, ს.ფ.94).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მინდობილობით დასტურდება, რომ გ. ნ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული. მას დასაბუტებული გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამოიწურა 2013 წლის 19 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი, 23 აგვისტოსაა შეტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ წარმომადგენელ გ. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ-ის“ წარმომადგენელ გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე