Facebook Twitter

საქმე №ას-1107-1055-2013 9 ianvari, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ა-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ხ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა-ს“ ი. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 51 072 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ასევე ი. ხ-ას მოთხოვნა და შპს „ა-ს“ ი. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - ძირითადი თანხის 51 072 ევროს ეკვივალენტი ლარის წლიური 10%-ის გადახდა 2012 წლის ივნისიდან სარჩელის შეტანამდე (2013 წლის 8 თებერვალი), ხოლო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ დადგენილად ცნო, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2013 წლის 21 მაისს (შპს „ა-ის“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი). ვინაიდან 30-ე დღე (20 ივნისი) არ ემთხვეოდა დასვენების დღეებს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 20 ივნისიდან და ამოიწურა 2013 წლის 3 ივლისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 15 აგვისტოს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ა-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის განჩინებით მხარეს არაკანონიერად შეეზღუდა გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლება. მხარის მცდელობის მიუხედავად, მან ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, ვინაიდან შპს „ა-ის“ არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დრო, შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მხარემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა, არასწორია. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ შპს „ა-ის“ ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მხარის ინფორმირება საქმის მასალებით არ დასტურდება. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო ვადას ვერ დაიცავდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნული გარემოება კი, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ შპს „ა-მა“ დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა. მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, მისი გასაჩივრების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 20 ივნისიდან და ამოიწურა ამავე წლის 3 ივლისს, ხოლო შპს „ა-მა“ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 15 აგვისტოს.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს ამ დასკვნას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე იგი ჯეროვნად არ იყო ინფორმირებული.

საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მხარის ამ არგუმენტს და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ა-ის“ სახელით შესაგებელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა ს. ჯ-მა, სწორედ ს.ჯ-ი იღებდა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაში მონაწილეობას და ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება მინდობილობა, რაც დაადასტურებდა ს.ჯ-ის უფლებამოსილებას, შპს „ა-ის“ სახელით საქმე ეწარმოებინა სასამართლოში.

საყურადღებოა, რომ შპს „ა-ს“ გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით გაუგზავნა საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 30 ივლისს და სასამართლო შეტყობინება ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩაბარდა 2013 წლის 1 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი შპს „ა-ის“ სახელით წარადგინა გენერალურმა დირექტორმა გ. კ-ემ.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.

მხარის ინფორმირების ფაქტის არსებითად სწორად დადგენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამდენად, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაუკავშირდეს კანონით გათვალისწინებულ ვადას, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს მხარის კანონის განუხრელი დაცვით ინფორმირება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს შპს „ა-ის“ მიერ კერძო საჩივარზე დართულ მინდობილობას, რომლითაც სხვა პირებთან ერთად, ს. ჯ-აც ენიჭება უფლებამოსილება, წარმოადგინოს საზოგადოება სასამართლოში, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მინდობილობა გაცემულია 2013 წლის 25 სექტემბერს, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ და საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნამდე ეს მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა, ამასთან, მისი გაცემის დროის გათვალისწინებით, რაც ამ დოკუმენტით დასტურდება საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას ს.ჯ-ის უფლებამოსილების არსებობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება და შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც უტყუარად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება, ს. ჯ-ი საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისათვის წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ამ გარემოების სწორად დადგენა კი, საფუძვლად უნდა დაედოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე