Facebook Twitter

საქმე №ას-1109-1057-2013 9 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ი-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ი-ის მიმართ მოპასუხისათვის 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოს დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის თანახმად, აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 14 მაისს, აპელანტისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (2013 წლის 7 მაისის სხდომას, რომელზეც გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ესწრებოდა რ. მ-ის წარმომადგენელი ე. კ-ი). ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 14 მაისს, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 15 მაისს და ამოიწურა 2013 წლის 13 ივნისს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 13 ივნისს, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 26 ივნისს. საქმის მასალებით კი დასტურდებოდა, რომ რ. მ-მა სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2013 წლის 28 ივნისს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით (გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 26 ივნისს). რ. მ-ის წარმომადგენელმა ე. კ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 20 ივნისს, თუმცა სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ამ დროისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაწყებული იყო, ეს ფაქტი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ იქნა მიღებული.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 59-ე, 63-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რადგანაც რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2013 წლის 14 მაისს გამოაცხადა, რის თაობაზეც ცნობილი იყო რ.მ-ის, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღეს აპელანტის წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების დასაბუთება კი, მხარისათვის ცნობილი არ ყოფილა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ მხარე უკავშირდებოდა სასამართლოს, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ყოფილა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხარის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა სასამართლოს, თუმცა პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან სასამართლოს წერილობით მიმართა 2013 წლის 13 ივნისს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, რაც დასტურდება საქმეში არსებული განცხადებით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2013 წლის 20 ივნისიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის დღიდან და საპროცესო ვადა ამოწურულად უნდა ჩაითვალოს 2013 წლის 4 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია ამ ვადის დაცვით - 2013 წლის 28 ივნისს. საპროცესო ნორმის არასწორი განმარტებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარის გარანტირებული უფლება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით რ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის სხდომას ესწრებოდა მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ე. კ-ი;

2013 წლის 7 მაისის სხდომის ოქმის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო ამავე წლის 14 მაისს, 13:00 საათზე;

მართალია, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ დასწრებიან, თუმცა სხდომის თაობაზე მათი ჯეროვანი ინფორმირება სადავოს არ წარმოადგენს, უფრო მეტიც, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო 2013 წლის 14 მაისის სხდომის შესახებ.

რ. მ-ი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებას არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მხარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მე-20 დღიდან მოყოლებული ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა სასამართლოს, თუმცა დადგენილ ვადაში სასამართლოს ბრალით ვერ მოხერხდა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა, სწორედ ამ მიზნით, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მოსარჩელის წარმომადგენელმა ფოსტის მეშვეობით მიმართა სასამართლოს. დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემა მხოლოდ 2013 წლის 20 ივნისს გახდა შესაძლებელი და სწორედ ამ დროიდან უნდა მოხდეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა.

საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ამ არგუმენტს და განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

უდავოა ის ფაქტიც, რომ აპელანტი 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზემოაღნიშნული ვადის დაცვით გამოცხადდა სასამართლოში და ითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ იგი ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს და დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა სასამართლოს ბრალით ვერ მოხერხდა, თავის მხრივ, ამ გარემოების ჯეროვნად დამტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრის ავტორის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხოლო ის ფაქტი, რომ მხარემ ფოსტის მეშვეობით მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, ვერ შეცვლის მოსარჩელის ვალდებულებას, გამოცხადებულიყო სასამართლოში და მოეთხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება.

ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 13 ივნისს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამოიწურა 2013 წლის 26 ივნისს. სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 28 ივნისს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ.მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე