Facebook Twitter

№ას-1117-1064-2013 17 იანვარი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ჯ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ღ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ჯ-მა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დ. ღ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ე. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, იგი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყო. ვინაიდან სახლ-კარი არ გააჩნია, სააპელაციო საჩივარში მიუთითა ნათესავის მისამართი, ხოლო თავად მონასტერში იმყოფებოდა. სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა ბიცოლამ, მ. ც-ემ, რომელმაც არ იცოდა ე. ჯ-ის ადგილსამყოფელი, თანაც არ ეგონა, რომ გაფრთხილება აუცილებელი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გზავნილი პირადად ე. ჯ-ის უნდა ჩაებარებინათ, რაც არ შესრულებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ე. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ე. ჯ-ი. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ე. ჯ-ის მტკიცებას, რომ იგი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყო კანონით დადგენილი წესით.

როგორც საქმის მასალები ადასტურებს, ე. ჯ-ის ძირითად მისამართად სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო ზესტაფონი, სოფ. მ. ს-ი. მხარეს ალტერნატიული მისამართი არ მიუთითებია. სწორედ აღნიშნულ მისამართზე გაეგზავნა მას სასამართლო უწყება, რომელიც 2013 წლის 26 სექტემბერს ე. ჯ-ის ბიცოლას, მ. ც-ეს ჩაბარდა (ს.ფ. 98-99).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

იმავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, უწყება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაიგზავნა და ოჯახის სრულწლოვან წევრს ჩაბარდა, რომლის ვალდებულებას წარმოადგენდა უწყების ადრესატისათვის გადაცემა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს ე. ჯ-ის განმარტებას, რომ იგი თავს ეკლესიას აფარებდა და მ. ც-ემ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე დაყრდნობით, უწყება ე. ჯ-ის ჩაბარებულად ითვლება, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე