Facebook Twitter

საქმე №ას-1120-1067-2013 9 ianvari, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კ. ხ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ხ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე კ. ხ-ეს არასრულწლოვანი შვილის - ქ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 130 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2013 წლის 2 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ხ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 50 ლარამდე შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით კ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 365-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე კ. ხ-ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 130 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება განისაზღვრა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2013 წლის 2 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აპელანტმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 ლარის ნაცვლად 50 ლარის დაკისრება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო ნაწილობრივ - 80 ლარის ნაწილში (130-50=80), შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 960 (80*12=960) ლარს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 ლარზე ნაკლები იყო, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ხ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არასწორია, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის 1000-ლარიანი დასაშვებობა შეეხება მხოლოდ ქონებრივ-სამართლებრივ დავებს და არა ალიმენტის გადახდევინების შესახებ დავას, სწორედ ამ მიზნითაა განპირობებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ცალ-ცალკე პუნქტებად დაყოფა, სადაც დავის საგნის ღირებულება ქონებრივ დავებსა და ალიმენტის გადახდევინების შესახებ დავებზე ცალ-ცალკეა განსაზღვრული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კ. ხ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილებით, რომელზეც სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ხ-ემ მოპასუხეს (აპელანტს) არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 130 ლარის გადახდა.

უდავოა, რომ გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ ნაწილობრივ ითხოვა აპელანტმა, კერძოდ, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრება.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელი ქონებრივ დავად და არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტს უსაფუძვლობის მოტივით და განმარტავს, რომ ქონებრივად განიხილება ყოველი დავა, რომელიც ეკონომიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიძლება ფულადი ურთიერთობით გამოიხატოს, მათ შორისაა ალიმენტის გადახდევინების შესახებ დავაც, შესაბამისად, კ.ხ-ის არგუმენტი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულების გამოთვლის კლასიფიკაცია ალიმენტის შესახებ არსებული დავის არაქონებრივ დავად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენს, სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშების წესი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მითითებული ნორმის დანაწესი ზოგადია და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვასთან მიმართებით (სსსკ 372-ე, 399-ე მუხლები).

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორი შეფასება მისცა მოცემულ დავას და მართებულად დაადგინა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება, რომელიც არ აღემატებოდა 1000 ლარს (130-50X12=960), აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე