საქმე №ას-1133-1080-2013 9 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „C. D. F-e“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს +“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს +-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „C. D. F-ს“ მიმართ მხარეთა შორის არსებული საქონლის მიწოდების ვალდებულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 6455,99 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ს +-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „C. D. F-ს“ შპს „ს +-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6455,99 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „C. D. F-მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შპს „C. D. F-ს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც შპს „C. D. F-ს“ დაევალა 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 258,23 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ამავე განჩინებით განემარტა აპელანტს, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
2013 წლის 25 ოქტომბერს შპს „C. D. F-მ“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, რაც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, 48-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა აპელანტის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა, კერძოდ, წარმოდგენილი არ იყო ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი - არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, სასამართლოს შეფასებით, ეს გარემოება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტა, რომ პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა, ვინაიდან თავად აპელანტი არ შუამდგომლობდა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „C.D. F-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, მხედველობაში არ მიიღო საზოგადოების ქონებრივი მდგომარეობა, ის ფაქტი, რომ შპს „C. D. F-e“ განიცდის მძიმე ფინანსურ კრიზისს და სახელმწიფო ბაჟის გადახდა მის მდგომაროებას მძიმე ტვირთად დააწვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს „C. D. F-ს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „C. D. F-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდის ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს „C. D. F-ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 258,23 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა.
ამავე განჩინებით აპელანტს არაორაზროვნად ეცნობა, როგორც ხარვეზის გამოსწორების პროცესუალური წესის, ისე, მისი გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. შუამდგომლობა დასაბუთებულია შემდეგი სახით: „შპს „C. D. F-e“ განიცდის მძიმე ფინანსურ კრიზისს და არ აქვს საკმარისი ფინანსური სახსრები“.
უდავოა, რომ საპროცესო ვადის გაგრძელება შუამდგომლობის ავტორს არ უთხოვია და არც რაიმე მტკიცებულება დაურთავს შუამდგომლობისათვის, რაც დაადასტურებდა მასში მითითებულ გარემოებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შპს „C. D. F-ს“ შუამდგომლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის კონტექსტში შეფასება და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
უდავოა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებისა თუ მისი გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა აპელანტს სააპელაციო საჩივრით არ დაუყენებია.
დავას არ იწვევს ის გარემოებაც, რომ ხარვეზის გამოსწორებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით აპელანტმა სასამართლოში წარადგინა განცხადება, სადაც წერილობით მიუთითა მის ქონებრივ მდგომარეობაზე, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არც შუამდგომლობას ერთვის და არც საქმის მასალებში მოიპოვება.
საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარე მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ამყარებს იმას, რომ საზოგადოებას რთული ეკონომიკური მდგომაროება აქვს, თუმცა მითითებული გარემოება რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით არ არის გამყარებული.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის შედეგად უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.
საკასაციო პალატა ამ მიმართებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა(see Kreuz, cited above, §§ 58 and 60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others, cited above, § 36) (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს მისი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად უთხრა უარი აპელანტს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ შპს „C. D. F-ს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო დადგენილი საპროცესო მოქმედება (სახელმწიფო ბაჟის გადახდა) არ იყო შესრულებული, ასევე სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით გაგეგრძელებინა მხარისათვის საპროცესო ვადა (სსსკ 368.7 მუხლი), საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის არსებითად სწორი განმარტების გზით სააპელაცი სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად შპს „C. D. F-ს“ სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „C. D. F-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე