Facebook Twitter

№ას-1138-1085-2013 17 იანვარი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ფ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ. ფ-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში, დიდ დიღომში, ი. პ-ის ქ. №2-ში მდებარე №13 ბინიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ფ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა თბილისში, დიდ დიღომში, ი. პ-ის ქ. №2-ში მდებარე №13 ბინა. თანხმლები პირების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ბ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ბ. ფ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლოში ვერ გამოცხადდა, რასაც შესაბამისი ცნობები ადასტურებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ბ. ფ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ბ. ფ-ა, რომელსაც სხდომის დრო და ადგილი ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან მოწინააღმდგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ბ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო პალატას წარმოუდგინა პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომელის მიხედვითაც 2013 წლის 17 ოქტომბერს 11:43 საათზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც პაციენტ ბ. ფ-ას სამედიცნო დახმარება გაუწია. კერძო საჩივარს ასევე ერთვის შპს „N14 შერეული პოლიკლინიკის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა, რომლის მიხედვით, ბ. ფ-ამ საავადმყოფოს 2013 წლის 17 ოქტომბერს მიმართა. დაუდგინდა არტერიული ჰიპერტენზია კრიზი, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, ორივე ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება. ცნობის თანახმად, პაციენტი საჭიროებდა ბინაზე წოლით რეჟიმს, მედიკამენტურ მკურნალობას, კლინიკურ-დიაგნოსტიკურ კვლევებს. ცნობას ხელს აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ „სხვა საპატიო მიზეზს“ წარმოადგენს მხარის ავადმყოფობა, რომელიც გამორიცხავსა სასამართლოს სხდომაზე მის დასწრებას, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტები უტყუარად ადასტურებს 2013 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ბ. ფ-ას დასწრების შეუძლებლობას, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 13:00 საათზე, ხოლო ბ. ფ-ამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 11:43 საათზე გამოიძახა და შემდგომ მიმართა საავადმყოფოს, მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ბ. ფ-ას გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 241-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ფ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე ბ. ფ-ას სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე