საქმე №ას-1144-1091-2013 20 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ +“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ნივთის გამოთხოვა, საიჯარო ქირის გადახდა, ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჯ +-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. ჯ-ას“ მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2012 წლის 23 იანვარს დადებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, მოპასუხისათვის საიჯარო ქირის - 27000 ლარის დაკისრება, შპს „ბ. ჯ-ას“ დავალდებულება, შეწყვიტოს შპს „ჯ +-ის“ საკუთრების ხელყოფა და ბლოკის საამქრო დაუბრუნოს მოსარჩელეს, ასევე საიჯარო ქონების დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის ყოველთვიურად 3000 ლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მოთხოვნის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ +-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა ცნობილი შპს „ჯ +-სა“ და შპს „ბ. ჯ-ას“ შორის 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და მოპასუხე შპს „ბ. ჯ-ას“ დაევალა ამავე იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ბლოკის საამქროსა და სხვა ტექნიკის მოსარჩელისათვის დაბრუნება, მოპასუხეს შპს „ჯ +-ის“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა საიჯარო ქირის - 2700 ლარის გადახდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ +-მა“, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს „ბ. ჯ-ას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა მოცემულ საქმეზე წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ Nას-914-872-2013 სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა შპს „ბ. ჯ-ას“ შუამდგომლობაზე, რომლითაც მხარე მოითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას. შუამდგომლობას ერთვოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კ. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე, რომელიც წარდგენილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებაზე, განჩინების თანახმად, უზენაეს სასამართლოს წარმოებაში იყო დავა კ. კ-ის სარჩელის გამო შპს „ჯ +-ის“ მიმართ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში არსებული სამშენებლო ბლოკის საამქროს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, სარჩელი ეფუძნებოდა მოსარჩელესა და შპს „ჯ +-ს“ შორის 2008 წლის 25 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებას, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის 18 დეკემბერს დადებული იყო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც კ. კ-ემ შპს „ბ. ჯ-ას“ სრულად გადასცა 2008 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა მოთხოვნა და უფლება.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავდა დავას, რომელიც დაკავშირებული იყო სააპელაციო სასამართლოს განხილვაში მყოფ წინამდებარე დავასთან. საკასაციო სასამართლოს მიერ კ.კ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება კი გამორიცხავდა შპს „ჯ +-ის“ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას შპს „ბ. ჯ-ას“ მიმართ, რადგანაც მოპასუხე, შესაძლოა, ნივთის მესაკუთრე აღმოჩენილიყო, რაც, პალატის შეფასებით, მის წარმოებაში არსებული საქმის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ჯ +-მა“, მოითხოვა მისის გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული დავების შესაძლო ურთიერთგავლენის თაობაზე შუამდგომლობის ავტორი მხარე ინფორმირებული იყო 2012 წლის დეკემბრიდან და მას ეს შუამდგომლობა შეეძლო, დაეყენებინა სააპელაციო საჩივარში, ასევე სასამართლო სხდომის დანიშვნამდე, ამდენად, შპს „ბ. ჯ-ას“ შუამდგომლობა დაგვიანებითაა წარდგენილი და სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა, ამასთანავე, კ.კ-ის საკასაციო საჩივრის გამო წარმოებული დავა ზეგავლენას არ ახდენს წინამდებარე საქმეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის გაჩინებით შპს „ჯ +-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ +-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეს იხილავს და ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას ამოწმებს მხარის არგუმენტების ფარგლებში, კერძოდ, სასამართლო სადავო გარემოებებს გამოიკვლევს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მხარეები არ ეთანხმებიან ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებას თუ მათ თაობაზე არსებულ ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქმის (მათ შორის კერძო საჩივრის) განხილვის ფარგლები რეგულირებულია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა და საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მიიჩნია შემდეგი გარემოება:
საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავდა დავას, რომელიც დაკავშირებული იყო წინამდებარე დავასთან. საკასაციო სასამართლოს მიერ კ.კ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება კი, გამორიცხავდა შპს „ჯ +-ის“ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას შპს „ბ. ჯ-ას“ მიმართ, რადგანაც მოპასუხე, შესაძლოა, ნივთის მესაკუთრე აღმოჩენილიყო, გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ უზენაეს სასამართლოს წარმოებაში არსებული დავა შეეხებოდა კ. კ-ის სარჩელს შპს „ჯ +-ის“ მიმართ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ი არსებული სამშენებლო ბლოკის საამქროს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, სარჩელი ეფუძნებოდა კ.კ-სა და შპს „ჯ +-ს“ შორის 2008 წლის 25 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებას, პალატამ დადგენილად ცნო, რომ კ.კ-სა და შპს „ჯ +-ს“ შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე უფლების მქონე პირს წარმოადგენდა შპს „ბ. ჯ-ა“, თანახმად ამ უკანასკნელსა და მის დამფუძნებელ კ.კ-ეს შორის 2012 წლის 18 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებისა.
კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოს ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ მიუთითებს შემდეგ ორ გარემოებაზე: ა) შპს „ბ. ჯ-ა“ სადავო შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების თაობაზე ინფორმირებული იყო მის დაყენებამდე და ეს შუამდგომლობა დაგვიანებითაა წარდგენილი; ბ) კ.კ-ის საკასაციო საჩივრის გამო წარმოებული დავა ზეგავლენას არ ახდენს წინამდებარე საქმეზე.
საკასაციო პალატა მხარის ამ მოსაზრებები შესწავლის შედეგად ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ თითოეული საპროცესო მოქმედების თაობაზე შუამდგომლობები სასამართლოს დროულად, კანონით დადგენილი წესის დაცვით უნდა წარედგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ გაიზიარებს ამ შუამდგომლობას. შუამდგომლობის დაყენებისა და სასამართლოს მიერ მისი განხილვის წესი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვადასხვა სპეციალურ დანაწესებთან ერთად, რეგულირდება ასევე ზოგადი ნორმით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით, თუმცა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის იმპერატიული ბუნებიდან, ასევე ნორმის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე (მართლმსაჯულების სტაბილური როლის გათვალისწინებით), იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ნორმის მოქმედების სფეროში ექცევა, გადამწყვეტია არა შუამდგომლობის დაყენების დრო და მხარის კეთილსინდისიერება პროცესუალური ეკონომიისა თუ შეჯიბრებითობის პრინციპის მიმართ, არამედ ნორმის მიზნების დადგენა, მათ შორისაა საქმის წარმოების შეჩერება, თავის მხრივ, კანონი ადგენს, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით (სსსკ 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), ამდენად, ის გარემოება, რომ შპს „ბ. ჯ-ის“ ცნობილი იყო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მან შუამდგომლობა დაგვიანებით წარადგინა, ვერ გახდება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მე-2 არგუმენტს, კერძო საჩივრის ავტორი შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთზე გავლენას ვერ ახდენს, იმგვარად, რომ მას სასამართლოს დასკვნის უმართებულობაზე არ მიუთითებია. საკასაციო სასმართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია ამ კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი, ნორმის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიზნებისათვის დადგენილია, რომ მოთხოვნის ინიციატორმა მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს მისი მოთხოვნები, ხოლო სასამართლოს როლი შედავების ფარგლებში მათი ნამდვილობა-საფუძვლიანობის კვლევით შემოიფარგლება (სსსკ 102-ე და 105-ე მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რა, რომ: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის ფაქტობრივი საფუძველი შპს „ჯ +-სა“ და კ.კ-ეს შორის 2008 წლის 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა წარმოადგენს; ბ) ცესიის გზით მოთხოვნის უფლების მქონე პირი შპს „ბ. ჯ-ა“; გ) წინამდებარე საქმეზე სარჩელის საფუძველს 2008 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებით შპს „ჯ +-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების საგანი - სამშენებლო ბლოკების საამქრო წარმოადგენს; დ) კერძო საჩივრის ავტორს არ გაუქარწყლებია სასამართლოს დასკვნა დავის საგნების ურთიერთგავლენის თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ჯ +-ის“ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ჯ +-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე