№ას-1146-1093-2013 17 იანვარი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენელმა 2013 წლის 22 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხე ა. ბ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს. -ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ბ-ს სს ,,ს. ბ-ის“ სასარგებლოდ №612845 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 14 167,09 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 6 693.26 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 473.83, ჯარიმა - 3 000 აშშ დოლარი. მოპასუხე ა. ბ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 1 127,27 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 590.00 აშშ დოლარი, პროცენტი - 387.27 აშშ დოლარი, ჯარიმა - 150 აშშ დოლარი; დადგინდა დავალიანების დაფარვა მოპასუხე ა. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული და სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული ავტომანქანის რეალიზაციის გზით, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - „ჯიპ გრანდ ჩეროკი“, ფერი - რუხი 4/8, გამოშვების წელი - 1999, სანომრე ნიშანი - ..., საიდენტიფიკაციო ნომერი - ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - .... იმ შემთხვევაში, თუ გირავნობით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხე ა. ბ-ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონებიდან.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა.ა ბ-მა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით ა. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, ბაჟის ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 611,77 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
იმავე სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლოს მითითებით, აპელანტმა განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე ა. ბ-მა კერძო საჩივარი შეიტანა. მისი მითითებით, იგი განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, იმყოფება შიმშილის ზღვარზე, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს ბაჟის გადაუხდელობის გამო, საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
იმავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო 48-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.
განსახილველ შემთხვევაში, ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარს მისი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ ერთვოდა, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა შეღავათის გაწევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამასთან მად ხარვეზის შესავსებად 10 დღის ვადა მიეცა, შესაბამისად, მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გზით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა დაემტკიცებინა, რაც მას არ განუხორციელებია და არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ხარვეზის განჩინება ა. ბ-ს 2013 წლის 25 სექტემბერს ჩაბარდა, ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა იმავე წლის 5 ოქტომბერს ამოიწურა, რომელიც იყო შაბათი, ამდენად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადად 7 ოქტომბერი უნდა განისაზღვროს. ა. ბ-ს ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე