Facebook Twitter

საქმე№ას-1149-1096-2013 20 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. მ-ას სააპელაციო საჩივრის განხილვის სააპელაციო სასამართლოსათვის დავალდებულება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“, ნ. და გ. მ-ის (თავდაპირველი მოპასუხე ასევე იყო ხ. მ-ა, საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობით ხ. მ-ას მიმართ სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული) მიმართ დავალიანების - 58934,06 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

შპს „მ-მა“, ნ. და გ. მ-მა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სს „პ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „მ-ს“, ნ. და გ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 58934,06 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ-მა“, ნ. და გ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ამავე სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ნ. და ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ასევე განუხილველად იქნა დატოვებული დაკისრებული საპროცესო მოქმედების (ხარვეზის გამოუსწორებლობის) განუხორციელებლობის გამო.

2013 წლის 4 თებერვალს გ. მ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ მის სააპელაციო საჩივარზე რაიმე რეაგირება არ მომხდარა და, შესაბამისად, მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებაში, რომლითაც ნ. და ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა, კერძოდ, ნაცვლად გ. მ-ი, მიეთითა ხ. მ-ა. პალატამ მიუთითა საქმის მასალებზე და განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც მხარეები სააპელაციო წესით ასაჩივრებდნენ, გამოტანილი იყო გ. და არა ხ. მ-ას მიმართ, საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დადგენილი იყო, რომ ხ. მ-ა გარდაიცვალა 2010 წლის 10 აგვისტოს, გარდა აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს „მ-ან“ და ნ. მ-ან ერთად გასაჩივრებული ჰქონდა გ. მ-ას, რაც ადასტურებდა ფაქტობრვ გარემოებას, რომ მოცემული დავის მხარეს წარმოადგენდა გ. მ-ა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. მ-ამ, მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის ქვემდგომი სასამართლოსათვის დავალდებულება და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ-მა“, ნ. და გ. მ-მა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით შპს „მ-ს“, ნ. და ხ. მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მაშინ, როდესაც ხ. მ-ა სარჩელის შეტანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით არ გაითვალისწინა ნ. მ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და ნ. მ-სა და გარდაცვლილი ხ. მ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო გ. მ-ას მიმართ, რომელიც სოლიდარულ მოვალესა და სააპელაციო საჩივრის შემტან პირს წარმოადგენდა, არ უმსჯელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ას კერძო საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა გარდაცვლილი ხ. მ-ას მიმართ, თუმცა, მიუხედავად სოლიდარული ვალდებულებისა, ეს გარემოება ნ. მ-ას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 20 მარტს, გ. მ-ას მიმართვის საფუძველზე, გაასწორა „2012 წლის 19 განჩინებაში დაშვებული უსწორობა იმგვარად, რომ, ნაცვლად ხ. მ-სი, მიეთითოს გ. მ-ა“, რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უკანონოა, რადგანაც თავად განჩინების შესავალ ნაწილში მითითებულია სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, შემდგომ აღნიშნულია, რომ პალატამ განიხილა 2012 წლის 16 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი, აღწერილობით ნაწილში მითითებულია 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინება, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში, 2012 წლის 19 განჩინება. საქმეში 2012 წლის 16 და 19 სექტემბრის განჩინებები არ მოიპოვება, რაც გაურკვეველს ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, თუ რომელ განჩინებაში და განჩინების რომელ ნაწილში შეიტანა შესწორება.

სააპელაციო სასამართლო გასცდა კანონის მოთხოვნებს, როდესაც 2013 წლის 20 მარტის განჩინება კანონიერ ძალაში შესულად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მან ეს განჩინება ორჯერ გააგზავნა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე, საფოსტო გზავნილებით დასტურდება, რომ ბინა გაყიდული იყო ბანკის მიერ, მაშინ, როდესაც გ. მ-ამ ჯერ კიდევ 2013 წლის 4 თებერვალს განცხადებაში მიუთითა მისი მისამართი - ლ-ის ქN7.

ამ გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში დააბრუნა და დაიწყო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება იმგვარად, რომ არ უმსჯელია გ. მ-ას სააპელაციო საჩივარზე და, მიუხედავად მხარის არაერთი საჩივრისა თუ განცხადებისა, ვერ ხერხდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გ. მ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმებისა და გ. მ-ას სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს შპს „მ-მა“, ნ. და გ. მ-მა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მათ (აპელანტებს) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად გადახდა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში გ. მ-ას ნაცვლად მხარედ მითითებულია ხ. მ-ა. ასევე ხ. მ-ა მითითებული მხარედ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში.

უდავოა, რომ ხ. მ-ა საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვის დასრულებამდე გარდაიცვალა და ის მოცემული საქმის მხარეს აღარ წარმოადგენდა, შესაბამისად, არც სააპელაციო საჩივრის სუბიექტი იყო.

თავად სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ ნ. და გ. მ-მა მისამართად მიუთითეს ქ.თბილისი, თ-ის მე-3 მ/რ, კორპუსი N41, ბინა N34.

თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოების მასალების შესწავლით (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვა, საფოსტო შეტყობინებები) დასტურდება, რომ ნ. და გ. მ-ი არიან და-ძმა და სასამართლო კორესპოდენციას გ. მ-ას სახელით იმავე მისამართზე იბარებდა ნ. მ-ა, მათ შორისაა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება და სხვა, შესაბამისად, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის თაობაზე გ. მ-ას ინფორმირების ფაქტი დადასტურებულია (სსსკ 74.1 მუხლი), ამასთანავე ეს გარემოება კერძო საჩივრის ავტორს ამ კუთხით სადავო არ გაუხდია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. მ-ამ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც არ იქნა გაზიარებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით და საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ას კერძო საჩივარი. საკასაციო პალატამ ხაზგასმით განმარტა, რომ გ. მ-ას სააპელაციო პრეტენზიასთან მიმართებით სააპელაციო პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინების კანონიერებას ვერ შეაფასებდა, ვინაიდან გ. მ-ას სასამართლოსათვის კერძო საჩივრით არ მიუმართავს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ხოლო ნ. მ-ას კერძო საჩივრის საფუძველს, რომ სასამართლოს გ. მ-ას სააპელაციო პრეტენზიაზე არ უმსჯელია და ხარვეზი დაუდგინა გარდაცვლილი ხ. მ-ას სააპელაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, კერძოდ, გაზიარებულ იქნა მხარის მტკიცება, რომ სააპელაციო პალატის განჩინებებით ნ. მ-ან ერთად სასამართლო მსჯელობდა შპს „მ-სა“ და ხ. მ-ას მიმართ. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე, 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობით ხ. მ-ას მიმართ სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლებით დასტურდებოდა ამ უკანასკნელის გარდაცვალების ფაქტიც, თუმცა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. მ-ამ, ხოლო ხ. მ-ა მოცემული დავის სუბიექტს (მხარეს) არ წარმოადგენდა, როგორც აპელანტ ნ. მ-ას, ისე თავად გ. მ-ას წარმოუქმნიდა შედავების საფუძველს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეეძლო მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაესწორებინა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი.

ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარუდგენლობით გ. მ-ამ დაკარგა ამ განჩინებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება) შედავების უფლებამოსილება თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლისა.

უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენილი წესით საქმის წარმოების განახლება გ. მ-ას არ მოუთხოვია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარის მოსაზრების უსაფუძვლობას სააპელაციო სასამართლოს დავალდებულებაზე, განიხილოს მისი სააპელაციო საჩივარი.

რაც შეეხება გ. მ-ას მოსაზრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ გაასწორა დაშვებული უზუსტობა, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაციას, რომ მიღებული განჩინების შესავალი, აღწერილობითი და სარეზოლუციო ნაწილები არა ერთი უსწორობის შემცველია და ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება თუ რომელ განჩინებასა და განჩინების რომელ ნაწილში იქნა შესწორება შეტანილი, თუმცა, მიუხედავად ამგვარი უზუსტობებისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ განჩინების გაუქმების იურიდიული მართებულობა არ დასტურდება, ვინაიდან, ერთი მხრივ, განჩინების მსჯელობიდან ნათლად ირკვევა, რომ სააპელაციო სამართალწარმოება მიმართული იყო არა გარდაცვლილი ხ. მ-ას, არამედ გ. მ-ას მიმართ და სასამართლომ დაუშვა ტექნიკური უზუსტობა, თუმცა ამ უსწორობების გასწორებისას კვლავ განჩინების არაერთი უზუსტო თარიღი იქნა მითითებული, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი ვეღარ გახდება გ. მ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება არსებულისაგან განსხვავებულ სხვა შედეგს საქმეზე არ გამოიწვევს, ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის ძალით, განჩინების მიმღებ სააპელაციო სასამართლოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის მიმართვის საფუძველზე შეუძლია, გაასწოროს 2013 წლის 20 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის იმგვარ დარღვევაზე, რაც საქმეზე არსებითად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას გამოიწვევდა, ეს გარემოება თავისთავად გამორიცხავს გ. მ-ას იურიდიულ ინტერესს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინების ზემდგომი სასამართლოს მიერ გაუქმებასთან მიმართებაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გ. მ-ას მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მისთვის გადაცემისას დაარღვია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გადაცემის წესი, კერძოდ, მისამართის შეცვლის თაობაზე გ. მ-ას მითითების მიუხედავად, სასამართლო მას შეტყობინებას კვლავ ძველ მისამართზე უგზავნიდა. ეს გარემოება მართლაც დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს გზავნილებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დარღვევაზე მიუთითებს, თუმცა ვერც სასამართლოს მიერ ამ საპროცესო ნორმების დარღვევა გახდება სადავო განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო შეტყობინების გადაცემის წესის დარღვევის ნეგატიური შედეგი მხოლოდ და მხოლოდ სააპელაციო პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინების თაობაზე წარდგენილი კერძო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო (შეტყობინების განმეორებით გადაცემის შეუძლებლობა, რაც გასაჩივრების საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია სსსკ 73.1), თუმცა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საკასაციო პალატის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული გარემოება მიღებულ იქნა მხედველობაში და ის მოცემული კერძო საჩივრის არგუმენტი აღარაა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გ. მ-ას იმ მოთხოვნაზეც, რომელიც შეეხება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.

საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გ. მ-ას განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე 2013 წლის 23 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება გ. მ-ის თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებაზე გ. მ-ას მიერ წარდგენილ კერძო საჩივარზე წარმოების დასრულებამდე, განჩინება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

პალატა მიუთითებს ასევე საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ნ. მ-სა და შპს „მ-ის“ მოთხოვნა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერდა, ეს განჩინება ასევე მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია და აღარ არსებობს მისი შეჩერების შესახებ განმეორებით მსჯელობის წინაპირობები (დავის საგანი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება გ. მ-ას კერძო საჩივრის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება სააღსრულებო წარმოების შეჩერებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე