Facebook Twitter

საქმე №ას-1156-1102-2013 9 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხეები - გ. შ-ე, გ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ას“, გ. შ-სა და გ. გ-ის მიმართ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შპს „ს-ას“, გ. შ-სა და გ. გ-ს ნ. შ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 17 962.52 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს-ამ“ და გ. შ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შპს „ს-სა“ და გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც აპელანტებს: შპს „ს-სა“ და გ. შ-ეს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, მის გამოსასწორებლად განესაზღვრათ 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის - 718,50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

პალატამ დადგენილად ცნო, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გ. შ-სა და შპს „ს-ას“ გაეგზავნათ საქმეში არსებულ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. სასამართლო შეტყობინება გ. შ-ის ოჯახის წევრს, მეუღლე თ. მ-ეს 2013 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო შპს „ს-ას“ წარმომადგენელს, კერძოდ, დირექტორ ა. შ-ეს 2013 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდათ. განჩინებით დადგენილ 10-დღიან საპროცესო ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ს-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის ფაქტი, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, მას შეეძლო გადაევადებინა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის ფინანსურ კრიზისს განიცდის, აწარმოებს სასამართლოში რამდენიმე დავას და სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას მძიმე ტვირთად დააწვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს „ს-ას“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მხოლოდ შპს „ს-ამ“, ამდენად, გ. შ-ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, სადაც მხარეს ამომწურავად განემარტა დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულების წესი, მისი შესრულების ვადა (10 დღე) და ამ საპროცესო მოქმედების განუხორცილებლობის ნეგატიური შედეგები.

სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების განუხრელი დაცვით გაეგზავნა აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2013 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტს - საზოგადოების დირექტორს.

ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2013 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა სამუშაო დღეს - 2013 წლის 1 ნოემბერს.

უდავოა, რომ შპს „ს-ას“ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის სწორი განმარტების გზით სავსებით მართებულად დატოვა განუხილველად შპს „ს-ას“ სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებაზე, რომ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგანაც საზოგადოება მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის, სასამართლოში აწარმოებს სხვა დავებსაც სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისთვის კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნებოდა. პალატა ვერ გაიზიარებს შპს „ს-ას“ ამ არგუმენტს უსაფუძვლობის გამო და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადება დასაშვებია მხოლოდ მხარის მოტივირებული და დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მსგავს შუამდგომლობას არ შეიცავს, ხოლო მხარეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე საერთოდ არ მიუმართავს სასამართლოსათვის რაიმე შუამდგომლობით, აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას, საკუთარი ინიციატივით გადაუვადოს მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთანავე, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მხარე, რომელიც შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ვალდებულია ეს შუამდგომლობა (მისი ქონებრივი მდგომარეობა) უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით დაადასტუროს, მხოლოდ მითითება რთულ ქონებრივ მდგომარეობაზე შუამდგომლობის დასაბუთებულად მიჩნევის წინაპირობა ვერ გახდება, გარდა ამისა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლოში მიმდინარეობს რამდენიმე სხვა დავა ამავე მხარის მონაწილეობით, რაიმე გავლენას სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხზე ვერ იქონიებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს-ას“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე