Facebook Twitter

№ას-1171-1117-2013 17 იანვარი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ. წ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „რ. წ-მა“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „რ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „რ. წ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონება

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც, აპელანტი სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ინფორმირებული არ ყოფილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეს უწყება 2013 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა, მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 4 ოქტომბერს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შესაგებელი ჩაბარდა, უწყება კი, არ მიუღია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა. ვინაიდან მოწინააღმდგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უწყება არ ჩაბარებია.

როგორც საქმის მასალები ადასტურებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 3 ოქტომბერს გაეგზავნა შპს „რ. წ-ის“ შესაგებელი და იმავე დღესვე გაეგზავნა სასამართლო უწყება, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილის გზავნილის ნომრის გრაფაში მითითებულია „2ბ/4912-13შესაგებელი“, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება მხოლოდ შესაგებლის ადრესატისათვის ჩაბარება (ტ. მე-2, ს.ფ. 24). საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სასამართლო უწყება აპელანტს ასევე ჩაბარდა, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ისეთ პირობებში, როდესაც უტყუარად არ დასტურდებოდა მხარის მოწვევა სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 233-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე