Facebook Twitter

№ას-1172-1118-2013 17 იანვარი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და მ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. და მ. გ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს ქ. ბოლნისში, გ-ის ქ. №6-ში და ჭ-ის ქ. №60-ში მდებარე უძრავი ნივთის საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით, (საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით), რის შედეგადაც მოსარჩელეთა სახელზე აღირიცხებოდა ლიტ „ა-ს“ პირველი სართულიდან 28.4 კვ.მ №1 ოთახი, 15.2 კვ.მ №2, 31.4 კვ.მ №3, 9,5 კვ.მ №4, 13,4 კვ.მ №5, 8,45 კვ.მ №7-1 ოთახები, 9,8 კვ.მ საზაფხულო ფართი და 22,2 კვ.მ ლიტ. „ა-ს“ სარდაფიდან 42,0 კვ.მ №10, 20,5 კვ.მ №11, 12,8 კვ.მ №12-1 ფართი და 541 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი ლ. გ-ის სახელზე აღირიცხებოდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. გ-სა და მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთიდან (758.17 კვ.მ) მ. გ-სა და ნ. გ-ის 5/7-ის შესაბამისი ფართი შეადგენს 541.55 კვ.მ-ს, იგი შესაძლოა გაიყოს დასკვნაში წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, არსებული ტექნიკური ნორმების დაცვით გამოყოფის შედეგად, 5/7 წილის მფლობელებს – მ. გ-ეს და ნ. გ-ეს გამოეყო შენობა-ნაგებობის ფართიდან №1, №2, №3, №4, №5 და №7.1 ოთახები, სულ – 106.35 კვ.მ, რაც შეესაბამება მათ იდეალურ წილებს, საზაფხულო ფართიდან გამოეყო 22.2+9.8=32.0 კვ.მ, რაც 41-32=9.0 კვ.მ-ით ნაკლებია მათ იდეალურ წილზე, სარდაფიდან გამოეყო №10, №11 და 12.1, სულ – 75.3 კვ.მ, რაც შეესაბამება მათ იდეალურ წილებს, დადგინდა კედლებში კარებების ღიობების მოწყობა კონსტრუქტორის მიერ დამუშავებული პროექტის გათვალისწინებით, წილის იზოლირებულად გამოყოფისათვის აუცილებელია მოეწყოს დამოუკიდებელი სველი წერტილი, ამასთან, ლ. გ-ეს ნ. გ-სა და მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ექსპერტიზის ხარჯის – 431.80 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. გ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. და მ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გასწორდა იმავე სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის 3.1 პუნქტის პირველი და მეორე წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „გაუქმდეს საზიარო უფლება ქ. ბოლნისში, გ-ის ქ. N6/ქ. ბოლნისში, ჭ-ის ქუჩა N60 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N... მდებარე ნ. გ-ის, მ. გ-ის და ლ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, განაშენიანებისგან თავისუფალ მიწის ნაკვეთიდან (758.17 კვ.მ) მ. გ-ის და ნ. გ-ის 5/7-ის შესაბამის ფართზე, რომელიც შეადგენს 541.55 კვ.მ-ს. იგი გაიყოს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008647-2011/03 ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად.“

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება საფუძვლიანი იყო, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითებული ნატურით გასაყოფი უძრავი ქონების მისამართი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისადაც უნდა გაყოფილიყო ქონება, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და გაასწორა ზემოაღნიშნული უსწორობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. გ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი განმარტებით, სასამართლომ შეცდომა დაუშვა, საზიარო უფლება გააუქმა გ-ის N6-სა და ჭ-ის N60-ში მდებარე სახლებზე და მიუთითა, რომ გაყოფა უნდა მოხდეს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ექსპერტიზის დასკვნით და თავად ემსჯელა სადავო საკითხზე. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელს სახლებს, მართალია, ერთი საკადასტრო კოდი აქვს მინიჭებული, მაგრამ მათი მისამართი განსხვავდება. უძრავი ქონება უნდა გაყოფილიყო როგორც ცალ-ცალკე სახლთმფლობელობის ფართი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე კერძო საჩივრის ავტორის მითითებების ფარგლებში იმსჯელოს. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს უშუალოდ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მიღებისას დაშვებული საპროცესო დარღვევების თაობაზე განმარტებას, არამედ ლ. გ-ე, ფაქტობრივად, სადავოდ ხდის მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს: საზიარო უფლების ნატურით გაუქმებას, ამდენად, აღნიშნული საკითხზე წარმოდგენილი შედავება, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ იქნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ლ. გ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით კი, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ იმსჯელებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებულობასა და ამ გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის კანონიერებაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, უსწორობის გასწორების საკითხზე ლ. გ-ეს პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე