№ას-1181-1126-2013 9 იანვარი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ. ნ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ტვირთის მიღების დაყოვნების საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. ნ-ის“ მიმართ ტვირთის მიღების დაყოვნების შედეგად წარმოქმნილი საფასურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ბ. ნ-ის“ 13 942 953 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ტვირთის შენახვის საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „ს. რ-ის“ სარჩელი შპს „ბ. ი. ტ-ის“ მიმართ 13 942 953 ლარის დაკისრების თაობაზე. სასარჩელო განცხადება მოიცავდა 2 მოთხოვნას: ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება. სააპელაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივრიდან ირკვეოდა, რომ მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ვაგონების მოცდენის საფასურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო თანხად კვლავ 13 942 953 ლარი მიუთითა. ამასთან, ტვირთის შენახვის საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა არც კრიტიკას, არც რაიმე არგუმენტს, მთელი ყურადღება მიმართული იყო ვაგონების მოცდენის ნაწილზე, შესაბამისად, გასაჩივრებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილის გაუქმება არ მოუთხოვია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტმა მხარემ წარმოადგინა განმარტება, რომელიც მოიცავდა გაზრდილ სააპელაციო მოთხოვნას, იმდენად, რამდენადაც იგი ძირითადად შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კრიტიკას, სააპელაციო საჩივრისგან განსხვავებით, ტვირთის შენახვის ხარჯების ნაწილში და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმებას ამავე ნაწილში.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან სს „ს. რ-ამ“ გაუშვა ტვირთის შენახვის საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის სრული მოცულობით წარმოებაში მიღების დავალდებულება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2006 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სს „ს. რ-ის“ სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. 2007 წლის 13 თებერვალს „ს. რ-ამ“ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა მოთხოვნა, ვაგონებით სარგებლობისა და ტვირთის შენახვის ხარჯების საფასურის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, უცვლელად დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. რ-ას უარი ეთქვა ტვირთის მიღების დაყოვნების შედეგად წარმოქმნილი საფასურის ანაზღაურებაზე. სს „ს. რ-ა“ როგორც პირველი, ისე დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას არა მხოლოდ ტვირთის დაყოვნებისათვის (ვაგონების მოცდენისათვის), არამედ ვაგონებით სარგებლობისა და ტვირთის შენახვისათვის. ვაგონებით სარგებლობის მომსახურება თავის მხრივ მოიცავს როგორც ვაგონების გამოყენებას, ისე ვაგონების მოცდენისათვის საზღაურს, ხოლო ტვირთის შენახვის მომსახურებისათვის სხვა საზღაური არის გათვალისწინებული.
ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად განიხილა ს. რ-ის სარჩელი, სასამართლოს სხვა სამართლებრივ ხარვეზებთან ერთად, ასევე არ უმსჯელია ტვირთის შენახვის მომსახურებისათვის საზღაურის გადახდის საკითხზე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო წესით სრული მოცულობით გასაჩივრდა. სააპელაციო საჩივარში ს. რ-ა ითხოვდა ვაგონებით სარგებლობისა და ტვირთის შენახვისათვის საზღაურის დაკისრებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმის გამო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სასარჩელო მოთხოვნამ ტრანსფორმაცია განიცადა ზემდგომ ინსტანციაში დავის გაგრძელების ეტაპზე და განმარტება თავისი შინაარსით წარმოადგენდა გაზრდილ სააპელაციო მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სრულად გასაჩივრდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სს „ს. რ-ამ“ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ვაგონების მოცდენის საფასურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო თანხად კვლავ 13 942 953 ლარი მიუთითა. პალატამ მიიჩნია, რომ სს „ს. რ-ამ“ გაუშვა ტვირთს შენახვის საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადება მოიცავდა 2 მოთხოვნას: ვაგონით სარგებლობის საფასურისა და ტვირთის შენახვის ხარჯების ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ვაგონების მოცდენის საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა. საქმეში წარმოდგენილ სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საჩივრდება სრულად (ასევე გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება), ხოლო სააპელაციო მოთხოვნას წარმოდგენდა საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება - მოპასუხისათვის 13942953 ლარის გადახდის დაკისრება, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა ორივე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივ გასაჩივრებისა და სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის გაშვების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაბუთება მოიცავდა მხოლოდ ვაგონების მოცდენის საფასურის დაკისრების საკითხს და, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამ ნაწილში იყო გასაჩივრებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაუსაბუთებლობა (ისეთ შემთხვევაში, როდესაც საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს) არსებითად განხილვის შედეგად მის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის საფუძველია და არა საჩივრის განუხილველად დატოვების, გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, მოსარჩელე კი, ვერ ადასტურებდა ვაგონების მოცდენის ფაქტს. სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო საპირისპირო მოსაზრებები, ფაქტობრივ გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, აპელანტის აზრით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, სასარჩელო მოთხოვნის მიუხედავად, პრაქტიკულად არ უმსჯელია ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრების საკითხზე, რაც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ვაგონების მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრება ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლიდან გამომდინარე მოთხოვნებია, კერძოდ კი, ორივე მოთხოვნა იმ გარემოებას ემყარება, რომ, მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ვერ უზრუნველყო ტვირთის დროულად მიღება, რის გამოც სს „ს. რ-ას“ მოუწია ტვირთის შენახვა, ამასთან, იმავე მიზეზით, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა ვაგონების მოცდენის საფასური. იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოცდენის, ანუ მოპასუხის მიერ ტვირთის დროულად მიუღებლობის ფაქტი. სასამართლოს ცალკე, გამოკვეთილად არ უმსჯელია ამა თუ იმ საფუძვლით თანხის დაკისრების საფუძვლიანობის შესახებ. აპელანტმა კი, ამ საკითხზე შედავება წარმოადგინა, შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრდა, ვინაიდან, შედავებულია ორივე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტი, ამასთან, თავად სააპელაციო საჩივარშია მითითებული, რომ გადაწყვეტილება საჩივრდება სრულად და აპელანტის მოთხოვნას ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით სრულად გასაჩივრდა, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს. რ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს განსახილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე