№ას-1191-1136-2013 27 იანვარი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. გ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ. კ. და ხ. ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ზ. კ. და ხ. ს-მა“ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კ. გ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ზუგდიდში, რ-ის ქ. N59-ში მდებარე უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ზ. კ. და ხ. ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, კ. გ-ას აეკრძალა ზუგდიდში, რ-ის ქ. N59-ში მდებარე 157,3 კვ.მ უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეშლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კ. გ-ას სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება კ. გ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება დავის საგანთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეჩერებინა. გარდა ამისა, კ. გ-ა არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. სასამართლოდან დაუკავშირდნენ უშუალოდ სხდომის დაწყების წინ, რის გამოც, იგი ვერაფრით მოასწრებდა ქუთაისში ჩასვლას. მოსამართლის თანაშემწეს განუმარტა, რომ მისთვის მანამდე ცნობილი არ იყო სასამართლო სხდომის დრო და თარიღი, სასამართლოს მისამართი, სხდომის დარბაზი, რის გამოც, ვერ ასწრებდა სასამართლოში გამოცხადებას და მოითხოვა სხდომის გადადება. სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ კ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი კ. გ-ა. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კ. გ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კ. გ-ას მტკიცებას, რომ იგი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყო კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი აქტის თანახმად, მოსამართლის თანაშემწემ კ. გ-ას 2013 წლის 9 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა სასამართლო სხდომის თარიღი და დრო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია განსახილველი საქმის, დასაბარებელი პირის სტატუსისა და სასამართლოს ადგილსამყოფელის თაობაზე, განუმარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (ს.ფ. 172), შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კ. გ-ას მტკიცებას, რომ მას მხოლოდ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდნენ სასამართლოდან და სხდომის ჩატარების თაობაზე აცნობეს. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ზემოაღნიშნულ აქტში ასახული მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. გ-ა გონივრული ვადით ადრე, კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.
საკასაციო სასამართლო ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ ვინაიდან ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სადავო შენობის ნახაზის გაყალბების ფაქტზე, სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეჩერების საკითხებს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXX თავი. ამჟამად მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ თავში მოცემული ნორმები სისხლის სამართლის წესით საქმის განხილვას სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად აღარ ითვალისწინებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გამოძიების მიმდინარეობის გამო საქმის წარმოებას ვერ შეაჩერებდა და კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება კანონიერ საფუძველს არ ემყარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. გ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე