Facebook Twitter

საქმე №ას-1196-1141-2013 20 ianvari, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ გ. ჩ-ე, თ. მ-ი, ჯ. ჯ-ე, ე. პ-ა, ე. ჯ-ე, ნ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. და ქ. ქ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის გამოსწორების ვადის დადგენა

დავის საგანი – ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. და ქ. ქ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. მ-ის, ე. ჯ-ის, ე. პ-ას, გ. ჩ-ის, თ. მ-სა და ჯ. ჯ-ის მიმართ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ქ-სა და ქ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 30 ნოემბერს ე. ქ-ას, ქ. ქ-სა და ნ. მ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით) დაბა მახინჯაურში, მ-ის ქN3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 18 იანვარს ნ. მ-სა და გ. ჩ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა მახინჯაურში, მ-ის ქN3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა 2010 წლის 1 აპრილს, 22 ივნისს, 26 ოქტომბერსა და 17 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხნენ მოსარჩელეები, ასევე განაწილდა სასამართლო ხარჯები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ის, გ. ჩ-ის, თ. მ-ის, ე. პ-სა და ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრისა და 13 სექტემბრის განჩინებებით ე. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაევალა აპელანტს განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე. პ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ე. პ-ას დაეკისრა განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა განჩინების გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;

გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარს ასევე დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების გადაცემიდან 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 4364 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა;

ნ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაეკისრა განჩინების გადაცემიდან 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 4550 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.

2013 წლის 30 სექტემბერს ადვოკატმა მ. გ-ემ „საჩივრით“ მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებების გაუქმება და წარმოებაში მიღებულიყო სააპელაციო საჩივრები შემდეგი საფუძვლებით:

ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა თ. მ-ის, ე. ჯ-ის, ე. პ-სა და ჯ. ჯ-ის სასარგებლოდ; ამის მიუხედავად, მათ დაეკისრათ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება; მოპასუხეები ასაჩივრებდნენ გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში, რაც დავის საგანს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, არც აპელანტებს ევალებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა; ბ) აპელანტების: გ. ჩ-სა და ნ. მ-ის შემთხვევაში არასწორად განისაზღვრა დავის საგნის ღირებულება; სასამართლომ არ მოითხოვა აუდიტორული დასკვნა და არ დააზუსტა, თუ რამდენად აღემატებოდა სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულ თანხას - 9500 აშშ დოლარს; დავის საგნის ღირებულებას სწორედ 9500 აშშ დოლარი შეადგენდა. პალატის განმარტებით, საჩივარში მითითებული დანარჩენი მსჯელობის ზუსტი შინაარსი სასამართლოსთვის გაუგებარი დარჩა წინადადებათა აზრობრივად გაუმართავად ჩამოყალიბების გამო.

2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განუმარტა ადვოკატ მ. გ-ეს, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის საპროცესო ვადის განსაზღვრის შესახებ განჩინებებზე არ დაიშვებოდა არც კერძო საჩივრისა და არც საჩივრის წარდგენა. აღნიშნული გარემოებებისა და ადვოკატ მ. გ-ის მარწმუნებლების ინტერესების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ „საჩივარი“ მიიჩნია ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებად, არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრებები და ამავე განჩინებით გაუგრძელა აპელანტებს 2013 წლის 11 სექტემბრისა და 13 სექტემბრის განჩინებებით დანიშნული საპროცესო ვადები 10-10 დღით სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრული ოდენობებით გადახდის მიზნით.

2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება ორჯერ გაიგზავნა აპელანტების წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ.თბილისი, დ. დ-ის მე-3 მ/რ, №18/81 და სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ეს განჩინება ადრესატს ვერ ჩაბარდა. მეორედ კურიერი მისამართზე იმყოფებოდა 2013 წლის 18 ოქტომბერს, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრებში არსებული ხარვეზები არ გამოსწორებულა.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოადგენდა, შესაბამისად, აპელანტებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

სასამართლოს შეფასებით, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის განსაზღვრის შესახებ განჩინების ადრესატისათვის ჩაბარების სპეციალურ წესს საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენდა, რის გამოც გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასამართლო უწყების ჩაბარებას მარეგულირებელი ნორმები. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ საქმეში მოპასუხის სტატუსით მონაწილე პირების წარმომადგენელს სასამართლო უწყების ან განჩინების ორჯერ გაგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ ხერხდება შეტყობინების ადრესატისათვის გადაცემა, იგი ჩაბარებულად ითვლება, როგორც წარმომადგენლისათვის, აგრეთვე - მისი მარწმუნებლებისათვის. სასამართლომ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება აპელანტებისა და მათი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად 2013 წლის 18 ოქტომბერს მიიჩნია (როდესაც კურიერი მეორედ უშედეგოდ გამოცხადდა ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე და ვერ შეძლო გზავნილის გადაცემა), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად კი, განმარტა, რომ 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 ოქტომბერს და დასრულდა 2013 წლის 28 ოქტომბრის 24:00 საათზე, ისე, რომ აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც სააპელაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობისა და განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ. ჩ-ის, თ. მ-ის, ჯ. ჯ-ის, ე. პ-ას, ე. ჯ-სა და ნ. მ-ის წარმომადგენელმა მ. გ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის გამოსწორებისათვის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული ვადის დადგენა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით ირკვევა, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება ორჯერ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ.თბილისი, დ. დ-ი, მე-3 მ/რ, N18/81, თუმცა სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ მოხერხდა ადრესატისათვის მისი გადაცემა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სააპელაციო საჩივრები დატოვა განუხილველად. 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინება ამავე წლის 15 ნოემბერს სწორედ ქ.თბილისში, დ. დ-ი, მე-3 მ/რ-ის N18/81-ში ჩაბარდა მხარეთა წარმომადგენელს.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებების ჩაუბარებლობის მიზეზის დადგენისათვის მ.გ-ემ საჩივრით მიმართა შპს „საქართველოს ფოსტის“ N59 განყოფილებას და აღმოჩნდა, რომ N030003839766 და N030003895451 წერილები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა მითითებით „არასრული ან არასწორი მისამართის გამო“, ანალოგიური ბედი ეწია თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გაგზავნილ კორესპოდენციებს.

შპს „საქართველოს ფოსტის“ N59 განყოფილების თანამშრომლის (კურიერი ზ. მ-ი) განმარტებით, მას გზავნილები სხვა მისამართზე მიჰქონდა. 2013 წლის 19 ნოემბერს შპს „საქართველოს ფოსტის“ წერილით კი ირკვევა, რომ N030003839766 და N030003895451 წერილების მ.გ-ის გადაუცემლობა კურიერ ზ. მ-ის მიერ საფოსტო წესების დარღვევამ განაპირობა, შესაბამისად, მის მიმართ გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიებები. ამდენად, დასტურდება, რომ ადრესატს სასამართლო შეტყობინება მისგან დამოუკიდებელი მიზეზით არ ჩაბარებია, რაც გამორიცხავს მისი და მისი მარწმუნებლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებას, შესაბამისად, ამ საფუძვლით არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ე. ჯ-ის, ე. პ-ას, თ. მ-ის, ნ. მ-სა და გ. ჩ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განჩინებით ე. ჯ-ის, ე. პ-ას, თ. მ-ის, ნ. მ-სა და გ. ჩ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ე. ჯ-ის, ე. პ-ას, თ. მ-ის, ნ. მ-სა და გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა. სააპელაციო პალატის განჩინების სამართლებრივი დასაბუთება კი, ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 71-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ინფორმირებულად მიჩნევას, კერძოდ, პალატამ დადგენილად ცნო, რომ აპელანტების უფლებამოსილ წარმომადგენელ მ. გ-ეს სასამართლო ბრალის გარეშე არ ჩაბარდა სასამართლო შეტყობინება მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე არც პირველად და არც განმეორებით გაგზავნისას, სწორედ კურიერის განმეორებით ვიზიტის თარიღი მიიჩნია სასამართლომ შეტყობინების გადაცემის თარიღად და საპროცესო ვადის დენის საწყისად.

კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებას, რადგანაც პალატის მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შინაარსიდან არ გამომდინარეობს. თავის მხრივ, კერძო საჩივარს ერთვის მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი შემდეგი მტკიცებულებები: სასამართლო შეტყობინების კონვერტი, სადაც აპელანტთა წარმომადგენლის მისამართად მითითებულია ქ.თბილისი, დ. დ-ი, მე-3 მ/რ, N18/81, სასამართლო გზავნილი 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინების მ.გ-ის გაგზავნის თაობაზე, მ. გ-ის საჩივარი შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის სახელზე, შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური ინსპექციის უფროსის პასუხი, რომლის თანახმადაც N030003839766 და N030003895451 წერილების მ. გ-ის ჩაუბარებლობა გამოწვეული იყო კურიერის მიერ საფოსტო წესების დარღვევით, ასევე კურიერ ზ. მ-ის განმარტება, რომ მ.გ-ის განკუთვნილი წერილების თაობაზე შეტყობინება შეცდომით სხვა მისამართზე გააკრა.

საკასაციო პალატა თავის მხრივ, შენიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებულ, საქმეში წარმოდგენილ კონვერტებზე, რომელთა მ. გ-ის ჩაბარება ვერ მოხერხდა, მითითებულია სწორედ ზემოაღნიშნული ნომრები: N030003839766 და N030003895451, ხოლო შეტყობინების ჩაუბარებლობის თაობაზე შედგენილი მტკიცებულებაზე კურიერის გვარად სწორედ მირაშვილია მითითებული.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შესწავლისა და კერძო საჩივრის არგუმენტაციის შემოწმების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შედავება წარმოადგინა, კერძოდ, სახეზეა იმგვარი საპროცესო ნორმის დარღვევა, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო შეტყობინება და დაბარება, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებითაა რეგულირებული, წარმოადგენს სასამართლო შეტყობინების (უწყების, სხვადასხვა კორესპოდენციის: საჩივრის, საქმის მასალებისა და სხვა, ასევე სასამართლო აქტების: გადაწყვეტილების, განჩინების) მხარისათვის გადაცემის წესის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებს. იმისათვის, რათა მხარის მიმართ გამოყენებულ იქნას ესა თუ ის საპროცესო ღონისძიება, საჭიროა სასამართლომ დაადგინოს მისი ამ ნორმათა განუხრელი დაცვით ინფორმირების ფაქტი, შეტყობინების წესის დარღვევა გამორიცხავს იმგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლბელობას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მხარის უფლება-მოვალეობებზე (მაგ: დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ან უკვე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ასევე ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ საფუძვლითაა შესაძლებელი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იხ. სსსკ თავი XXVI, ასევე თავი LII).

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს, მათ შორის სასამართლო შეტყობინების ნაწილში და დასაშვებია მხარის ინფორმირებულად მიჩნევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას შეტყობინება რეალურად არ ჩაბარებია და მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას გარკვეული ე.წ სამოქალაქო სამართლებრივი სანქციები, თუმცა სასამართლოს დასკვნა, რომ მხარე ინფორმირებულად იქნას მიჩნეული უნდა ემყარებოდეს მხარის ბრალეულობას საქმის განხილვის გაჭიანურებისა თუ მართლმსაჯულების მიზნების სხვა ხელშეშლის თაობაზე, ასეთს დასაშვებ პრეზუმფციათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

მიუხედავად ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესისა, სავალდებულოა, სასამართლოს შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა უწყების ჩაუბარებლობაში ადრესატის არაკეთილსინდისიერი ქმედების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო დოკუმენტები იძლეოდა ამგვარი დასკვნის საფუძველს, თუმცა უდავოა, რომ სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვებამდე და განჩინების მიღების დღეს აპელანტთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მიმართ სასამართლოს წერილობით (ტექნიკური საშუალებით - ფაქსით) აცნობა არსებული გადაცდომის თაობაზე და იშუამდგომლა საპროცესო ვადის საპატიოდ გაშვებულად მიჩნევა და ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის განსაზღვრა, ხოლო მოგვიანებით წარადგინა შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის სახელზე შედგენილი საჩივარი.

სააპელაციო პალატას მხარეთა წარმომადგენლის აღნიშნული შუამდგომლობა არ შეუფასებია, ისე დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივრები, ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საჩივარზე, რომლის ასლიც სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის დროს უკვე გადაცემული ჰქონდა პასუხი შპს „საქართველოს ფოსტამ“ 2013 წლის 19 ნოემბერს, განჩინების გამოტანის შემდეგ გასცა მ.გ-ეს.

თავის მხრივ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ შუამდგომლობის განხილვის შედეგად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო შუამდგომლობას საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევდა, სრული უფლებამოსილება გააჩნდა, ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მხარეთა ვალდებულება, მტკიცებულებათა სასამართლოსათვის წარდგენის თაობაზე, ხოლო სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრით მხარეებმა მიუთითეს იმგვარს საპროცესო დარღვევაზე, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, ეს გარემოება კი, გადაწყვეტილების გაუქმებისა და მტკიცებულებათა ყოველმხრივი შესწავლის მოტივით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმის მასალების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების გზით ხელახლა უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და იმსჯელოს ე. ჯ-ის, ე. პ-ას, თ. მ-ის, ნ. მ-სა და გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლთან შესაბამისობაზე.

რაც შეეხება ჯ. ჯ-ის სახელით წარმოდგენილ წინამდებარე კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ.ჯ-ის მიმართ არ არსებობს საკასაციო სასამართლო მსჯელობის საფუძველი, რადგანაც უდავოა, რომ ჯ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, ჯ.ჯ-ეს სააპელაციო პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინება არ შეეხება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ არის გასაჩივრებული განჩინების სუბიექტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ჯ. ჯ-ე არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს, რაც ამ ნაწილში კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე კერძო საჩივარი შეტანილია ე. ჯ-ის, ე. პ-ას, თ. მ-ის, ნ. მ-სა და გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, უდავოა, რომ მხარეთა სააპელაციო საჩივრების საგანი დამოუკიდებელ მოთხოვნებს ემყარება და არ ქმნის ეკონომიკურ ერთიანობას, ამ გარემოების გათვალისწინებით, სახეზეა კერძო საჩივრების სუბიექტური გაერთიანება (სსსკ 182.3 მუხლი) და პროცესუალური თვალსაზრისით საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არა ერთი, არამედ 5 კერძო საჩივარია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კანონმდებელი თითოეული კერძო საჩივრის გამო სახელმწიფო ბაჟის სახით ითვალისწინებს 50 ლარის გადახდას, მაშინ, როდესაც წინამდებარე კერძო საჩივარზე მხარეთა წარმომადგენელ მ.გ-ის მიერ გადახდილია 50 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიის გამოყენების გზით, კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროთ 200 ლარის გადახდა, ხოლო საქმის საბოლოო გადაწყვტისას სასამართლომ ეს ხარჯები უნდა გაანაწილოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესით. მოთხოვნათა სუბიექტური გაერთიანებისას სახელმწიფო ბაჟის გამოანგარიშების თაობაზე ასევე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-751-705-2012, 2 ივლისი, 2012 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჯ-ის, ე. პ-ას, თ. მ-ის, ნ. მ-სა და გ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. ე. ჯ-ეს, ე. პ-ას, თ. მ-ს, ნ. მ-სა და გ. ჩ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დამატებით დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდა.

4. ჯ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში წინამდებარე კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე