Facebook Twitter

Nას-1225-1170-2013 17 იანვარი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. ს-ი

წარმომადგენელი - ზ. ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ვ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ვ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. ს-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 8000 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ლ. ს-ს ი. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ს-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით ლ. ს-ის საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა, კერძოდ, სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2013 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სხდომას ესწრებოდა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარე (Iტ. ს.ფ. 119). საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოპასუხე ლ. ს-ის წარმომადგენელმა ზ. ნ-ამ 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 23 ოქტომბერს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 27-ე დღეს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2013 წლის 24 ოქტომბრიდან (მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღეს) და ამოიწურა 2013 წლის 6 ნოემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2013 წლის 7 ნოემბერს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ლ. ს-ის წარმომადგენელმა ზ. ნ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა დასაშვებია საპატიო მიზეზის არსებობისას. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მიხედვით კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა. მოცემულ შემთხვევაში, მხარის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარი დაწერილი ჰქონდა და მის წარდგენას 2013 წლის 4 ნოემბერს აპირებდა, მაგრამ 1 ნოემბერს განუვითარდა მიოკარდუმის მწვავე სუბენდოკარდული ინფარქტი და გადაყვანილ იქნა „აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც ჩაუტარდა კორონოგრაფია და კორონოპლასტიკა. პირველივე შესაძლებლობისთანავე, 2013 წლის 7 ნოემბერს, მან სააპელაციო საჩივარი ფოსტით გააგზავნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ვადის გაშვება საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული და აპელანტს აღუდგეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ნ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სააპელაციო საჩივარი განუხილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის გაშვების გამო დარჩა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის ვადის გაშვების ფაქტს, იგი თავად ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2013 წლის 7 ნოემბერს, ანუ ვადის ამოწურვის შემდგომ ჩააბარა (ტ. მე-2, ს.ფ. 9-10). თუმცა კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან აპელანტმა ვადა ავადმყოფობის გამო დაარღვია, სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, გარდა ამისა, რადგანაც ვადის გაშვება საპატიო მიზეზითაა გამოწვეული, სასამართლომ მხარეს გაშვებული საპროცესო ვადა უნდა აღუდგინოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.

იმავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ არ არსებობს კანონის პირდაპირი აკრძალვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი კი, იმპერატიულად კრძალავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას ან აღდგენას, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზითაა განპირობებული თუ არა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ნ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-, 65-ე, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ნ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე