Nას-1230-1175-2013 27 იანვარი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ხ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნ. ლ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მოპასუხისათვის 3700 აშშ დოლარის, 2011 წლის 28 ივლისიდან 2013 წლის 28 აგვისტომდე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს, კერძოდ, გადასახდელი თანხის 0.15 %-ის გადახდის დაკისრება, ასევე მორალური ზიანის, 5000 ლარის, ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ. ლ-ს მოსარჩელე ი. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 700 აშშ დოლარისა და 3 700 აშშ დოლარის 0.5%-ის გადახდა 2011 წლის 28 ივლისიდან 2013 წლის 28 აგვისტომდე. სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა გაუშვა გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ლ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 22 ოქტომბერს (ტ.1, ს.ფ.320). შესაბამისად, აპელანტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2013 წლის 23 ოქტომბრიდან (დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან) და ამოიწურა იმავე წლის 5 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი. შესაბამისად, ნ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი უნდა შემოეტანა 2013 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დგინდება, რომ ნ. ლ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით 2013 წლის 6 ნოემბერს, ერთი დღის დაგვიანებით მიმართა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ლ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელ მოსამართლეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი 10 დღის ვადაში უნდა შეემოწმებინა, მოცემულ შემთხვევაში კი, ეს ვადა დარღვეულია. სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლოს ანალოგიურად, თავის დროზე უნდა გადაწყდეს სააპელაციო საჩივრის მიღება/არმიღების საკითხი და არა მოსამართლის შეხედულებისამებრ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სააპელაციო საჩივარი განუხილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის გაშვების გამო დარჩა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის ვადის გაშვების ფაქტს, თუმცა კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება.
იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
აღნიშნული ნორმების ერთობლივად განმარტების შედეგად, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, საიდანაც, საქმესთან ერთად, იგზავნება სააპელაციო სასამართლოში, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის ათვლა იწყება სააპელაციო სასამართლოში საქმის საჩივრითურთ შესვლის მომენტიდან და არა პირველი ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან, რადგანაც, ამ მომენტამდე მოსამართლეს საქმეზე ხელი არ მიუწვდება. საპროცესო ვადა „სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში“ გულისხმობს საქმის სააპელაციო სასამართლოში შესვლიდან 10 დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მიმართვა ადასტურებს, რომ განსახილველი საქმე სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 15 ნოემბერს შევიდა (იხ. ს.ფ. 339), ხოლო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე 2013 წლის 25 ნოემბერსაა მიღებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელ მოსამართლეს 374-ე მუხლით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადა არ დაურღვევია, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს უნდა დაწყებულიყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ლ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 22 ოქტომბერს (ტ.1, ს.ფ.320). შესაბამისად, აპელანტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2013 წლის 23 ოქტომბრიდან (დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან) და ამოიწურა იმავე წლის 5 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი. შესაბამისად, ნ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი უნდა შემოეტანა 2013 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დგინდება, რომ ნ. ლ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით 2013 წლის 6 ნოემბერს, ანუ 14-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მიმართა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე, 374-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე