Facebook Twitter

№ას-570-541-2013 23 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს. გ-მა მოპასუხე ა. გ-ის მიმართ იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით:

1. ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ა. გ-ეს ს. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა – 10000 აშშ დოლარი, სარგებელი – 500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 5250 აშშ დოლარი;

5. დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის გადახდევინება მოხდეს იპოთეკით დატვირთული და მოვალე ა. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – თბილისში, ხ-ის ქ.№22-ში მდებარე მიწის (უძრავი ქონების) რეალიზაციის გზით.

2013 წლის 25 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს. გ-მა, რომელმაც ითხოვა სასამართლოს ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 მაისის განჩინებით ს. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებელი არ უთითებდა უსწორობაზე, იგი არ ეთანხმებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ოდენობის ნაწილში და უთითებდა ხსენებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს პერიოდზე, რომელიც მოიცავდა 2010 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთს (სარჩელის აღძვრის თარიღი). განმცხადებლის მითითებით, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა გაგრძელებულიყო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაშინ, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარიცხვა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ მოყვანილი საფუძვლები არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო უსწორობად. მითითებული განცხადება თავისი შინაარსით შეიცავდა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს. შესაბამისად, არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. გ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მისი განცხადების დაკმაყოფილებას. კერძო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, ს. გ-ის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 2010 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ დაეკისრა მხარეს პირგასამტეხლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი და როგორც ამას მოითხოვდა მოსარჩელე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებას. განცხადების მიხედვით, უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს არ დააკისრა პირგასამტეხლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია.

დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება კანონით დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, არაა გასაგებად ჩამოყალიბებული, ან შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ისე რომ, გადაწყვეტილების განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არაა და, შესაბამისად, არ არსებობს მისი განმარტების აუცილებლობა, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე