№ას-951-909-2013 24 იანვარი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,...“
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „პ +“
მოპასუხე - შპს „გ. ჯ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
,,პ +-ის“ დირექტორმა რ. ქ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს ,,...“ და შპს ,,გ. ჯ-ას“ მიმართ და მოითხოვა, რომ აღიარებულ იქნას შპს „პ+“ მანქანა დანადგარების: split machine mec c 350-60 tons 1 320 – 2 ერთეული, steinex splitting machine igloo 240 – 2 ერთეული, compressor (7bar) e 25 dvk 60-ის მესაკუთრედ. დაევალოს მოპასუხე შპს „გ. ჯ-ას“ და შპს „...“ მანქანა დანადგარების: split machine mec c 350-60 tons 1 320 – 2 ერთეული, steinex splitting machine igloo 240 – 2 ერთეული, compressor (7bar) e 25 dvk 60- ის შპს „პ+-ის“ დაბრუნება, ასევე მომავალში ექსპლუატაციაში ხელის შეშლის აკრძალვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის შპს ,,პ +-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „პ +“ ცნობილ იქნა მანქანა დანადგარების split machine mec c 350-60 tons 1 320 – 2 ერთეული, steinex splitting machine igloo 240 – 2 ერთეული, compressor (7bar) e 25 dvk 60- 1 ერთეულის მესაკუთრედ. მოპასუხეები შპს „...“ დავალდებულდნენ სადავო ნივთები დაუბრუნონ მოსარჩელეს, მოპასუხეებს ასევე აეკრძალათ მომავალში მოსარჩელისათვის აღნიშნული მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციაში ხელის შეშლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...” წარმომადგენლებმა თ. მ-ემ და დ. შ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს ,,პ+-ის“ დირექტორის რ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის სასამართლოს სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ აპელანტის წარმომადგენლები თ. მ-ე და დ. შ-ე. დადგენილია, რომ შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენლია 2013 წლის 19 ივნისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის ორივე წარმომადგენელი - თ. მ-ე და დ. შ-ე, აპელანტის წარმომადგენლებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის არ მიუმართავთ გადაწყვეტილების მოთხოვნით, სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა და სააპელაციო გასაჩივრების 14-დღიანი ვადის აითვლა დაიწყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 1 ივნისს, ვინაიდან 1-2 ივნისი იყო დასვენების დღეები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა ამოიწურა 3 ივნისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა, ორშაბათს, 2013 წლის 17 ივნისს 24:00 საათზე ამოიწურა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლო სხდომის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლები ყოველდღე ითხოვდნენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. წერილობითი ფორმით აღნიშნული გადაწყვეტილება 2013 წლის 11 ივნისს მოითხოვეს. ამავე წლის 17 ივნისს სატელეფონო შეტყობინების გზით გახდა ცნობილი, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მზად იყო. ბათუმში არყოფნის გამო კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 8 ივლისის განჩინებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადა 2013 წლის 3 ივლისს იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლები ვალდებულნი იყვნენ, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, მხარე არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 1 ივნისს დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2013 წლის 14 ივნისს ამოიწურა. დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2013 წლის 19 ივნისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, შპს ,,...“ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე