Facebook Twitter

№ას-990-948-2013 9 იანვარი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ბ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 1994 წლის 21 ოქტომბერს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით ალექსანდრე ბ-ს ქ.თბილისში, ჩ-ას ქ. #33-ში მდებარე, #5 შენობა უსასყიდლოდ გადაეცა. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის თანახმად, განმცხადებლის ოჯახის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 6 სულს, რომლებმაც თანხმობა გამოხატეს მათი ბინა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასულიყო ა. ბ-ე. 2012 წლის 31 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. ბ-ე. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილების პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემოდა იმათ ვინც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ამ სახლის დამქირავებელი ან დამქირავებლის ოჯახის წევრი იყო. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი ვინც ბინაში პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ფართის თანამესაკუთრეს წარმოადგენდა.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ვ. ბ-ი მამას ა. ბ-ს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, არც დაკრძალვის ხარჯები გაუღია და შესაბამისად, მან გამოხატა თავისი ნება და დაუთმო მისი წილი შვილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, ჩ-ას ქ. #33-ში მდებარე უძრავი ქონების 1/6 ნაწილზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ვ.ბ-ი ქ.თბილისში, ჩ-ას ქ. #33-ში მდებარე #5 შენობის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 23 აპრილს, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი ვ. ბ-ი. მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 24 აპრილს დაიწყო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ვადა 2013 წლის 23 მაისს ამოიწურა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 23 მაისს დაიწყო, აღნიშნული ვადა 2013 წლის 5 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ვ. ბ-მა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 11 ივნისს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარადგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ.ბ-მა და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადა 2013 წლის 11 ივნისს იწურებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2013 წლის 5 ივლისის განჩინებით ვ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადა 2013 წლის 11 ივნისს იწურებოდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა ვ.ბ-ი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ვ.ბ-ი ვალდებული იყო, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, მხარე არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 23 მაისს დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2013 წლის 5 ივნისს ამოიწურა. დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2013 წლის 11 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ვ. ბ-მა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე