საქმე №ა-824-ა-2-2013 10 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ. ს-შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ის“ მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხე სს „თ-მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 8 ივნისს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ ბ. შ-ის გარდაცვალება წარმოადგენდა სს „თ-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს-შ-ეს მიადგა მორალური ზიანი, ასევე დადგინდა, რომ ნ. ს-შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს სს „თ-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს-შ-ეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
საქალაქო სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება სს „თ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ-ი-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ ნ. ს-შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენდა სს „თ-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს-შ-ეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) და ნ. ს-შ-ის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ნ. ს-შ-ის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 7 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ნ. ს-შ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების გამო, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწვეტილებით ნ. ს-შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა სასამართლო ხარჯები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-შ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.
ნ. ს-შ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად ნ.ს-შ-ემ მიუთითა საქმის განხილვის ფორმაზე, კერძოდ, საკასაციო პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა განმცხადებელს არ მიეცა, აღნიშნულით დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები, ასევე დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო პალატის განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამასთან, საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ უფლება, განეხილათ წინამდებარე საქმე.
რაც შეეხება საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლებას, განმცხადებელმა ეს მოთხოვნა დაამყარა შემდეგ არგუმენტებზე:
ნ.ს-შ-ის განმარტებით, მან სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც მისი სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდა, თუმცა სასამართლომ ამ მტკიცებულებათა მიღებაზე უარი განაცხადა და განუხილველად დატოვა ისინი, ამ გარემოების გათვალისწინებით, განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, ვინაიდან მას საკუთარი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარედგინა ეს მტკიცებულებანი. ნ.ს-შ-ის განმარტებით, მან სადავო მტკიცებულებები ასევე წარადგინა საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, რაც არ იქნა გამოკვლეული სასამართლოს მიერ. განმცხადებელმა ასევე მიუთითა ექსპერტიზის არასრულყოფილად ჩატარებასა და საქმის არსებითად განხილვის სხვა დეტალებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ამასთან, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტამდე შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის განხილვა.
ამავე პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ს-შ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ. ს-შ-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, მხარის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც დადგენილია, რომ მხარემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნები.
საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ.ს-შ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებების შესწავლით დასტურდება, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მხარე უმთავრესად მიიჩნევს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საკასაციო პალატის მიერ შეუფასებლობას და მხარისათვის მათ დაბრუნებას, ამასთანავე, სადავო განჩინებას მიიჩნევს იურიდიულად დაუსაბუთებლად, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ხოლო თავად მტკიცებულებები, რომელთა მიღებაზე საკასაციო პალატამ უარი განაცხადა, ადასტურებდა ჩატარებული ექსპერტიზების სიყალბეს, მათ არასრულყოფილებას და ნ. ს-შ-ის სარჩელის საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი, მართალია, მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც დადგინდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა, თუმცა, მისივე განცხადებების შინაარსით დასტურდება, რომ მტკიცებულებები, რომელთა მიღებაზეც მხარეს ეთქვა უარი, შეეხება არა მხარის მიერ საპროცესო ვადის დაცვით სააპელაციო საჩივრის წარდგენას, არამედ სარჩელის მოთხოვნის მართებულობას იმგვარად, რომ განმცხადებელს საპროცესო ვადის დარღვევის საკითხი სადავოდაც კი არ გაუხდია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატამ არსებითად შეისწავლა ნ.ს-შ-ის განცხადების საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების წინაპირობა შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი მიიჩნევს საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულებების მიუღებლობას, რომლებიც დაადასტურებდა ნ.ს-შ-ის სარჩელის საფუძვლიანობას, ასევე საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების უსწორობა-სიყალბესა და სს „თ-ის“ წარმომადგენლის უკანონო ქმედებას.
მითითებული არგუმენტით საქმის წარმოების განახლებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (სსსკ 423.3). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ზემოაღნიშნული პირობა, რადგანაც, მხარეს მტკიცებულებები, რომელთა გამოც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას, სასამართლოში უკვე წარმოდგენილი ჰქონდა და როგორც 2013 წლის 21 იანვრის განჩინებაშია მითითებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის მართებულობის საკითხის კვლევისას, საკასაციო პალატა შეზღუდული იყო კონკრეტული, კანონით განსაზღვრული ფარგლებით (ნ.ს-შ-ის მიერ კანონით დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადის დაცვა) და არ იყო უფლებამოსილი, შეფასება მიეცა ამ ფარგლებს მიღმა წარმოდგენილი მტკიცებულებებისათვის, რომლებიც შეეხებოდა საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ამ მტკიცებულებების მიღებისა და 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით შეფასების წინაპირობები.
პალატა ასევე მიუთითებს განმცხადებლის არგუმენტზე, რომელიც შეეხება საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინების იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებლობას და ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას და აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, მხარის ეს მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგანაც განჩინებაში ასახულია როგორც სადავო ფაქტობრივი გარემოებები, ისე მათი სამართლებრივი შეფასება და, მეორე მხრივ, მხარის ეს მოსაზრება (სსსკ 394-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები) კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგანაც მსგავს დანაწესს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავი არ შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. ს-შ-ის განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-შ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე