საქმე №ა-824-ბ-3-2013 9 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ. ს-შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ის“ მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხე სს „თ-მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 8 ივნისს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ ბ. შ-ის გარდაცვალება წარმოადგენდა სს „თ-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს-შ-ეს მიადგა მორალური ზიანი, ასევე დადგინდა, რომ ნ. ს-შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს სს „თ-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს-შ-ეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
საქალაქო სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება სს „თ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ-ი-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ ნ. ს-შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენდა სს „თ-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს-შ-ეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) და ნ. ს-შ-ის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ნ. ს-შ-ის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 7 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ნ. ს-შ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების გამო, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწვეტილებით ნ. ს-შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა სასამართლო ხარჯები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-შ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.
ნ. ს-შ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად ნ.ს-შ-ემ მიუთითა საქმის განხილვის ფორმაზე, კერძოდ, საკასაციო პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა განმცხადებელს არ მიეცა, აღნიშნულით დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები, ასევე დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო პალატის განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამასთან, საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ უფლება, განეხილათ წინამდებარე საქმე.
რაც შეეხება საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლებას, განმცხადებელმა ეს მოთხოვნა დაამყარა შემდეგ არგუმენტებზე:
ნ.ს-შ-ის განმარტებით, მან სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც მისი სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდა, თუმცა სასამართლომ ამ მტკიცებულებათა მიღებაზე უარი განაცხადა და განუხილველად დატოვა ისინი, ამ გარემოების გათვალისწინებით, განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, ვინაიდან მას საკუთარი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარედგინა ეს მტკიცებულებანი. ნ.ს-შ-ის განმარტებით, მან სადავო მტკიცებულებები ასევე წარადგინა საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, რაც არ იქნა გამოკვლეული სასამართლოს მიერ. განმცხადებელმა ასევე მიუთითა ექსპერტიზის არასრულყოფილად ჩატარებასა და საქმის არსებითად განხილვის სხვა დეტალებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ამასთან, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტამდე შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ. ს-შ-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, მხარის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განჩინებით, რომლის ბათილად ცნობასაც განმცხადებელი მოითხოვს, შეფასებულია ნ. ს-შ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის საკითხი, კერძოდ, მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას მოქმედი საპროცესო ნორმების დაცვის მართლზომიერება და დადგენილია, რომ მხარემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნები.
განმცხადებელი საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნისას სადავოდ არ ხდის განჩინებით დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებას, არამედ თვლის, რომ კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით დაირღვა პროცესის საჯაროობის წესები, რაც დაინტერესებული მხარისათვის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობაში გამოიხატა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც ამომწურავადაა განსაზღვრული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები და დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა)გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ)ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ)პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
მითითებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარე 2013 წლის 21 იანვრის განჩინების მიმღები სასამართლო შემადგენლობის კანონიერებას სადავოდ არ ხდის, რაც შეეხება საქმის საკასაციო სასამართლოში მანამდე განმხილველი შემადგენლობის მართლზომიერებას, მართალია, ნ.ს-შ-ე მიუთითებს, რომ ამ შემადგენლობას არ ჰქონდა უფლება, განეხილა საქმე, თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანს სწორედ 2013 წლის 21 იანვრის განჩინების მართლზომიერება წარმოადგენს, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს და შეაფასოს განცხადების ეს არგუმენტი.
სადავო განჩინების ბათილად ცნობის არგუმენტად მხარე ასევე მიიჩნევს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას და თვლის, რომ იგი საქმის განხილვაზე სასამართლოს არ მიუწვევია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის განხილვისათვის, ამ საჩივრის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კანონმდებელმა დაადგინა მისი როგორც მხარეთა დასწრებით, ისე მათ დაუსწრებლად განხილვის შესაძლებლობა. ამ დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საქმის განხილვის ფორმის გადაწყვეტა მოსამართლის პრეროგატივაა, რომელიც ყოველთვის ემყარება გამოსაკვლევი გარემოებების სირთულეს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. გარდა კანონმდებლობით დადგენილი ამ დანაწესისა, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის კანონმდებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემოღებით დაადგინა ქცევის სპეციალური წესი: საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს რეგულაცია ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული გზავნილების, სასამართლოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი სატელეფონო აქტებისა თუ უშუალოდ ნ.ს-შ-ის ხელწერილებით დასტურდება თითოეული საპროცესო მოქმედების, მათ შორის საქმის განხილვის ფორმის თაობაზე მისი, როგორც მხარის ინფორმირების ფაქტი, ამასთან, ამ გარემოებას არც განმცხადებელი ხდის სადავოდ, პალატა თვლის, რომ მის მიმართ არ დარღვეულა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება და არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ.ს-შ-ის განცხადების მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საკასაციო პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, განჩინების ბათილობის საკითხის გადაწყვეტის გამო, აღარ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის დამაბრკოლებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ს-შ-ის განცხადებაზე საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-შ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. განახლდეს საქმის წარმოება ნ. ს-შ-ის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე