Facebook Twitter

საქმე ას-1003-960-2013 24 იანვარი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - ნ. ნ-ი, ნ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ი XXI“

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისისა და 11 სექტემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-მა და ნ. ს-მა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს სს „ი XXI-ის“ უძრავ ქონებაზე, ყველა ანგარიშზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე ყადაღის დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განჩინებით ნ. ნ-სა და ნ. ს-ის განცხადება საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს „ი XXI-ს“ (ს/კ ...) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, პ-ას #5-ში (ს/კ ... ნაგებობა საერთო ფართობით 819.22 კვ.მ აქედან ნაგებობა #2-ის) მე-4 სართულზე მდებარე 349.68 კვ.მ-სა და მე-5 სართულზე მდებარე 469.54 კვ.მ ფართს ყადაღა დაედო. ნ. ნ-სა და ნ. ს-ს, სს „ი XXI-ს“ (ს/კ ...) საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული განჩინება ნაწილობრივ გაასაჩივრა ნ. ნ-მა და ნ. ს-მა, იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებლებს უარი ეთქვათ სს „ი XXI-ის“ ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, წარდგენილი საჩივარი დაუშვებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატას. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და საჩივრის ავტორებს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალათ. არსებული ხარვეზის შესავსებად 5 - დღიანი ვადა განესაზღვრათ. ამასთან, განემარტათ, რომ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ზემოდასახელებული განჩინება საჩივრის ავტორს 2013 წლის 3 აგვისტოს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდათ. ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 - დღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 4 აგვისტოს დაიწყო და ამავე წლის 8 აგვისტოს ამოიწურა. დადგენილია, რომ საჩივრის ავტორებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ნ. ნ-სა და ნ. ს-ის საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ. ნ-სა და ნ. ს-ის საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა დაევალათ. ხარვეზის შესავსებად 5 - დღიანი ვადა განისაზღვრა. საჩივრის ავტორებს განჩინებით განემარტათ, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება საჩივრის ავტორს ნ. ს-ს 2013 წლის 3 აგვისტოს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა 2013 წლის 4 აგვისტოს დაიწყო და ამავე წლის 8 აგვისტოს ამოიწურა. საქმის მასალებით დგინდება, რომ საჩივრის ავტორებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. ნ-სა და ნ. ს-ის საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ნ-სა და ნ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისისა და 11 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე