Facebook Twitter

საქმე ას-1033-987-2013 24 იანვარი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები - ა. ო-ა, ე. ა-ი, ა. ო-ა

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისისა და 26 სექტემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ო-ამ, ე. ა-მა და ა. ო-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით ა. ო-ას, ე. ა-სა და ა. ო-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მოსარჩელეების მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, სამოქალაქო საქმეზე ა. ო-ას, ე. ა-ის, ა. ო-ას სარჩელის გამო დ. ე-სა და ც. მ-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა.

2013 წლის 6 თებერვალს დ. ე-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუმადგომლობით მიმართა და საქმის წარმოების შეწყვეტის გამო სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით დ. ე-ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო თბილისში, ბ-ის ქუჩა N39-ში მდებარე დ. ე-ის უძრავ ქონებას (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N...) გაუქმდა. აღნიშნული განჩინება ა. ო-ამ, ე. ა-მა და ა. ო-ამ საჩივრით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი საჩივარი დარჩა განუხილველი და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ო-ას, ე. ა-ს და ა. ო-ას წარმომადგენლის ხ.ხ-ას საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და საჩივრის ავტორებს განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალათ.

აღნიშნული განჩინება ა. ო-ას, ე. ა-ის და ა. ო-ას წარმომადგენელს ხ. ხ-ას 2013 წლის 6 სექტემბერს გაეგზავნა და იმავე წლის 9 სექტემბერს ჩაჰბარდა.

პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ ა. ო-ას, ე. ა-ის და ა.ო-ას წარმომადგენლისათვის ხ. ხ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება ჩაბარებულად 2013 წლის 9 სექტემბრიდან ითვლება. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 10 სექტემბრიდან და 2013 წლის 14 სექტემბერს ამოიწურა. 2013 წლის 14 სექტემბერი იყო დასვენების დღე - შაბათი, ამდენად, საჩივრის ავტორებს ხარვეზის შევსების ვადა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 16 სექტემბერს - ორშაბათს ამოეწურათ. ა. ო-ას, ე. ა-ს და ა. ო-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის, არც დადგენილ ვადაში და არც აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ არ მიუმართავთ ხარვეზის გამოსწორების ან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ა. ო-ას, ე. ა-სა და ა. ო-ას საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ო-ას, ე. ა-ს და ა. ო-ას წარმომადგენლის ხ. ხ-ას საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და საჩივრის ავტორებს განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალათ. საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა წარდგენილი საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება ა. ო-ას, ე. ა-ის და ა. ო-ას წარმომადგენელს ხ. ხ-ას 2013 წლის 6 სექტემბერს გაეგზავნა და იმავე წლის 9 სექტემბერს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა 2013 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. ვინაიდან, გასაჩივრების ბოლო ვადა - 14 სექტემბერი დასვენების დღე იყო (შაბათი) ხარვეზის შევსების ვადა 2013 წლის 16 სექტემბერს (ორშაბათი) ამოიწურა. საქმის მასალებით დგინდება, რომ საჩივრის ავტორებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ა. ო-ას, ე. ა-ს და ა. ო-ას საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ო-ას, ე. ა-ის და ა. ო-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისისა და 26 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე