№ას-779-739-2013 10 იანვარი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ვ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება
საჩივრის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ. ხ-მა მოპასუხე ზ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა: 1. 2011 წლის 9 ივნისს, ვ. ხ-სა და ზ. ყ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, გამოსყიდვის უფლებით, ბათილად ცნობა; 2. ქ.თბილისში, პირველ საშუალო სკოლასა და შ-ოს ქუჩას შორის, პირველ სადარბაზოში, პირველ და მეორე სართულზე მდებარე დუპლექსის ტიპის №3 საოფისე ფართის მოსარჩელე ვ. ხ-ის საკუთრებაში აღრიცხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა სადავო მისამართზე მდებარე ზ. ყ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
მოგვიანებით, ვ. ხ-მა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
განმცხადებელმა განმარტა, რომ აღსრულების კერძო ბიუროს წარმოებაში იმყოფებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაიცა შპს „გ-სა“ და ზ. ყ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ქ.თბილისში, პირველ საშუალო სკოლასა და შ-ოს ქუჩას შორის, პირველ სადარბაზოში, პირველ და მეორე სართულზე მდებარე დუპლექსის ტიპის №3 საოფისე ფართი) რეალიზაციის მოთხოვნით აღძრულ საქმეზე. დასახელებული ქონება აღნიშნული დროისათვის ეკუთვნოდა ზ. ყ-ს. შესაბამისად, არსებობდა იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო ქონების იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაცია. განმცხადებლის მოსაზრებით, მასა და ზ. ყ-ს შორის დადებული სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენდა, რის გამოც იგი უნდა გაბათილებულიყო. ამასთან, თუკი სააღსრულებო წარმოების შედეგად უძრავი ქონება გასხვისდებოდა, ხოლო, ვ. ხ-ის მიერ აღძრული განსახილველი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, რამდენადაც უძრავი ქონება უკვე კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში იქნებოდა გადასული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა აღსრულების კერძო ბიუროს წარმოებაში არსებული საქმის (სააღსრულებო წარმოება №A13035748) შეჩერება, რაც მისი მოსაზრებით, უზრუნველყოფდა ვ. ხ-სა და ზ. ყ-ს შორის მიმდინარე დავის განმავლობაში საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით ვ. ხ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეზე გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიება, კერძოდ, ყადაღა. განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ამჯერად ითხოვდა აღსრულების კერძო ბიუროს წარმოებაში არსებული №A13035748 საქმის შეჩერებას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული საქმის შეჩერება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის სახე, კანონით გათვალისწინებული არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიების დაშვებას, როგორიც არის ქონების რეალიზაციის შეჩერება, ამასთან, აღნიშნული ღონისძიების გამოყენება დასაშვებია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში (რა მოთხოვნითაც წინამდებარე სარჩელი აღძრული არ იყო). თუმცა, კანონმდებელი ასეთი ღონისძიების გამოყენების შეზღუდვასაც აწესებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში (რაც ადგენს იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის, შეჩერებისა თუ გადადების დაუშვებლობას).
დასახელებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, ვ. ხ-მა საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 და არა მე-2 ნაწილი, რადგან ცალსახაა, რომ აპელანტის შემთხვევაში არსებობს ნორმის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებლობა. შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგოა სასამართლოს უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად სააღსრულებო წარმოების შეჩერების ღონისძიების გამოყენებაზე, ვინაიდან არსებობს აღნიშნული ღონისძიების გამოყენების, როგორც აუცილებლობა, ისე მისი გამოყენების შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით ვ. ხ-ის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით სასამართლოს შეეძლო სარჩელის უზრუნველყოფის სახედ გამოეყენებინა სააღსრულებო წარმოების შეჩერება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენდა უზრუნველყოფის სხვა სახის ღონისძიებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის ქონების რეალიზაციის შეჩერება, ამასთან, აღნიშნული ღონისძიების გამოყენება დასაშვებია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ასევე სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებას, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს, ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან, რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარება, რაც არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას.
ამდენად, დავის საგნის, სარჩელის მოთხოვნის შინაარსისა და როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში, ასევე, საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ხ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ხ-ს აღძრული აქვს სარჩელი მოპასუხე ზ. ყ-ის მიმართ და მოითხოვს: 1. 2011 წლის 9 ივნისს, ვ. ხ-სა და ზ. ყ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, გამოსყიდვის უფლებით, ბათილად ცნობას; 2. ქ.თბილისში, პირველ საშუალო სკოლასა და შ-ოს ქუჩას შორის, პირველ სადარბაზოში, პირველ და მეორე სართულზე მდებარე დუპლექსის ტიპის №3 საოფისე ფართის მოსარჩელე ვ. ხ-ის საკუთრებაში აღრიცხვას.
მოცემული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე ზ. ყ-ის უძრავ ქონებას (ნაკვეთი 047/006) (ტომი 1, ს.ფ. 36-38).
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელე ვ. ხ-მა დამატებით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, აღსრულების კერძო ბიუროს წარმოებაში არსებული №A13035748 სააღსრულებო წარმოების შეჩერება (ტომი 2, ს.ფ. 4-5). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვ. ხ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ზემოხსენებული ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და სწორად განმარტა, რომ კანონი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონების რეალიზაციის შეჩერებას, თუმცა მისი გამოყენება დასაშვებია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარება, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას. გარდა ამისა, განსახილველი სარჩელი არც ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავის იდენტური იყო, ვინაიდან მითითებული მუხლის მიხედვით, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება გათვალისწინებულია ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან, რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი და შეეჩერებინა სააღსრულებო წარმოება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ზუსტად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების შეჩერება, შესაბამისად, აღსრულების შეჩერების სხვა შემთხვევები ვერ განიხილება ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ „სხვა ღონისძიებად“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე