Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-1018-973-2013 3 თებერვალი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ვ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ფ-ე, ე. ფ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ფ-ის უფლებამონაცვლეების – მ. და ე. ფ-ის სარჩელი მოპასუხეების – ნ. და ვ. ჩ-ის მიმართ, დაკმაყოფილდა:

1. ნ. ჩ-ეს ს. ფ-ის უფლებამონაცვლეების – მ. და ე. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3750 აშშ დოლარის გადახდა;

2. დადგინდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი ამოღება მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ვ. ჩ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების – ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის მესამე ჩიხის №1-ში მდებარე ქონების იძულებითი აუქციონის რეალიზაციის ხარჯზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ნ. ჩ-სა და ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 3 აგვისტოს, ნ. ჩ-ემ აღიარა ს. ფ-ის წინაშე არსებული ვალი 11770 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2011 წლის 31 დკემბრამდე;

2010 წლის 5 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებით ს. ფ-ის ვალის უზრუნველსაყოფად, 3750 აშშ დოლარის ფარგლებში, იპოთეკით დაიტვირთა ვ. ჩ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება – ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის მესამე ჩიხის №1-ში მდებარე უძრავი ქონება;

ს. ფ-ე გარდაიცვალა 2012 წლის 1 დეკემბერს;

ს. ფ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები, მ. და ე. ფ-ი.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ. ჩ-ე ვალდებული იყო გადაეხადა კრედიტორისათვის აღიარებული ვალი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულება უნდა მიქცეულიყო ვ. ჩ-ის კუთვნილ, იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებები დადებული იყო იძულებით. სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს არ მიუთითებიათ ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებულ ფაქტებზე და არ დაუმტკიცებიათ ისინი. ამის გამო, 2010 წლის 3 აგვისტოსა და 5 აგვისტოს ხელშეკრულებები ნამდვილი იყო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალის არსებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ აქვს ვალის წარმოშობის საფუძვლებს. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებლად წარმოშობს შესრულების ვალდებულებას. ამდენად, ვინაიდან აპელანტებმა ნამდვილი ხელშეკრულებებით იკისრეს ვალდებულებები, მათ ამ ხელშეკრულებების პირობები უნდა შეესრულებინათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ჩ-ემ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმის მასალები, მხედველობაში არ მიიღო კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც საქმეზე არაობიექტური გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში კასატორმა აღნიშნა, რომ ვალის აღიარება მოხდა იძულებით;

სადავო 11700 ლარი წარმოადგენს საერთო საქმიანობის (ბიზნესის) თანხას, რომელიც მოსარჩელემ მიითვისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჩ-ის (პირადი ნომერი – ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ვ. ჩ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2013 წლის 22 ნოემბერი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე