Facebook Twitter

საქმე №ას-1072-1023-2013 3 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. კ-მა სარჩელის აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ს. ბ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მ. კ-სა და მოპასუხე ს. ბ-ს შორის არსებობდა ნდობაზე დამყარებული ახლო ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელემ გადაიხადა მოპასუხის სასარგებლოდ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა 2000 ლარის ოდენობით, რისთვისაც თავისივე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 3000 აშშ დოლარად დატვირთა იპოთეკით და იხდიდა პროცენტს. ამასთან, დანარჩენი თანხა მან ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა დროს გადასცა ს. ბ-ს, რომლის განმარტებითაც მას გააჩნდა გარკვეული ვალები. ამასთან მოპასუხე დაპირდა, რომ როგორც კი საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდებოდა უკან დაუბრუნებდა ხსენებულ თანხებს, რაც მას არ შეუსრულებია.

მოპასუხემ ს. ბ-მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ საპროცესო შეთანხმებისათვის გათვალისწინებული თანხის 2000 ლარის ოდენობით გადახდის ნაწილში, დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მ. კ-ან არანაირი თანხები არ მიუღია და შესაბამისად არც არის ვალდებული პირი დაუბრუნოს მას ეს თანხა. ამასთანავე მას არც საპროცესო შეთანხმებისათვის თანხის გადახდა უთხოვია მოსარჩელისათვის, რის გამოც პროცენტის სახით მის მიერ გადახდილი თანხები არ უნდა დაეკისროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს. ბ-ს მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა; მ. კ-ს უარი ეთქვას ს. ბ-ის 2430 ლარისა და 450 აშშ დოლარის დაკისრებაზე;

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 10 ივლისს მ. კ-მა ნ. გ-ან ისესხა 3000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, ყოველთვიური 5% სარგებლით, რის უზრუნველსაყოფდაც იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ლ-ოს დასახლება, მე-4 კვ. კორპ. №12-ის მიმდებარედ.

2012 წლის 10 ივლისს მ. კ-მა ს. ბ-ს გადაუხადა საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ მან სხვადასხვა საჭიროებისათვის ს. ბ-ს გადაუხადა 2430 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს თანხა - 2430 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო ხსენებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა აპელანტის მოტივაციას მოპასუხისათვის სესხის პროცენტის - 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დაკისრების მოთხოვნის ნაწილშიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხსენებული ნორმის თანახმად, ასანაზღაურებელ ხარჯებში იგულისხმება ის აუცილებელი დანახარჯები, რომლის გაღებაც ვალი თავად რომ გადაეხადა იმ პირსაც მოუწევდა, რომელიც ქონების დაზოგვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს აღებული სესხის პროცენტს, რასაც სააპელაციო პალატამ ვერ მიიჩნია ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე ასანაზღაურებელ ხარჯად, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნილი თანხის (პროცენტის) დაზოგვის ხარჯზე მოპასუხე არ გამდიდრებულა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე პროცენტიანი სესხის აღებით აპირებდა საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის გადახდას. ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის განზრახვა - მისთვის ჯარიმის გადასახდელად პროცენტიანი ვალის აღების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ისესხა 3000 აშშ დოლარი, რაც ბევრად აღემატება მ. კ-ის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილ ჯარიმის ოდენობას, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სესხის აღება მოხდა მარტოოდენ იმ მიზნით, რომ მოპასუხისთვის გადაეხადა საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმა.

სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა. კასატორმა მოითხოვა თბილსიის სააპელასიო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არასწორედ განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 986-ე მუხლი. ცალსახად არის მითითებული, რომ სწორედ თავისი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მოსარჩელეს და ეს ხარჯი რომ მან გასწია ეს მხარეებს სადაო არ გაუხდიათ.

სასამართლოს არასწორედ განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და და 103-ე მუხლები რასაც მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ს. ბ-ს სხვადასხვა დროს გადასცა თანხები, საერთო ჯამში 2430 ლარის ოდენობით.

სასამართლომ ასევე არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონება იპოთეკით დატვირთა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოპასუხისათვის გადაეხადა საპროცეს შეთანხმებისათვის გათვალისწინებული თანხა, რაც წარმოადგენდა მისთვის მიყენებულ ზიანს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. კ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. კ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე